AbzasMedia-ს საქმე: როგორ ნადირობენ გამომძიებელ ჟურნალისტებზე აზერბაიჯანში
Abzas მედია რეპრესიები ჟურნალისტებზე აზერბაიჯანში
როგორ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები, რომლებიც იძიებდნენ კორუფციას ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, გამოძიების ქვეშ კონტრაბანდის ბრალდებით?
JAMnews-ის პარტნიორის, აზერბაიჯანული გამოცემა Meydan.TV-ის მასალა.
2023 წლის 20 ნოემბრიდან აზერბაიჯანული ონლაინ გამოცემის AbzasMedia-ს გუნდი, რომლის სავიზიტო ბარათი იყო ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიებები, მოსალოდნელი რეპრესიების წინაშე აღმოჩნდა.
გამოცემის დირექტორი ულვი ჰასანლი, რომელიც ღამით საკუთარ სახლთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს, ვარაუდობდა, რომ სწორედ აღნიშნული გამოძიებების სერიის გამოქვეყნებისთვის დაისჯებოდა. უფრო ვრცლად, თუ რა გამოძიებაზეა საუბარი, ცოტა ქვემოთ.
სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებმაც ჟურნალისტი დააკავეს, ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები „აღმოჩნდნენ“. ამის შემდეგ, ულვი ჰასანლის თანდასწრებით, მის ბინაში და AbzasMedia-ს ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციის ცნობით, ოფისის დერეფანში მდგარ კარადაში 40 ათასი ევრო იპოვეს.
ულვი ჰასანლი აცხადებს, რომ დაკავებისას მას სცემეს:
„ყველას ნიღბები ეკეთა. მიმიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ერთმა პოლიციელმა მუშტი დამარტყა, მეორემ წიხლებით მცემა. მკითხეს, რატომ არ წერთ ყარაბაღზე? რატომ წერ კორუფციაზეო?”
სანამ სოციალურ ქსელებში ულვი ჰასანლის დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, აღმოჩნდა, რომ გამოცემის დირექტორის მოადგილე, მუჰამედ კეკალოვიც დაკავებულია, თუმცა კონკრეტულად სად, თავიდან უცნობი იყო. ის პირდაპირ სახლიდან აიყვანეს.
AbzasMedia-ის გუნდმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ულვი ჰასანლის წინააღმ დეგ დაკავებისას ფიზიკური ძალა გამოიყენეს.
„აბზასმედიას სახელით ვაცხადებთ, რომ უ.ჰასანლის დაკავება და მისი ბინის და ოფისის ჩხრეკა უკანონოა. ყველაფერი, რაც ხდება, მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ამიტომ უ.ჰასანლი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
ამ უკანონო დაკავებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს მეთაურს, ილჰამ ალიევს ვაკისრებთ. ჩვენ გამოვაქვეყნეთ საგამოძიებო მასალების სერია პრეზიდენტის და მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ჰასანლის დაკავება სწორედ ამას უკავშირდება.
მიგვაჩნია, რომ ულვი ჰასანლის დაკავების ბრძანება პრეზიდენტმა გასცა, რათა დაეხურა ჩვენი გამოცემა და არ მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია კორუფციული დანაშაულების შესახებ. მაგრამ ვერანაირი დაპატიმრება ან სხვა სახის ზეწოლა ვერ შეგვიშლის ხელს, რომ გითხრათ სიმართლე.
თქვენ იმსახურებთ სიმართლეს და გაქვთ უფლება იცოდეთ ვინ, სად და როგორ ხარჯავს თქვენს გადასახადებს. ჩვენი დაპატიმრებები ვერ შეზღუდავს თქვენს თავისუფლებას ინფორმაციის მოპოვებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას“.
21 ნოემბერს, Meydan TV-ის კითხვებზე პასუხის გაცემისას, AbzasMedia-ს მთავარმა რედაქტორმა სევინჯ ვაგიფგიზიმ, რომელიც მაშინ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, თქვა, რომ დაკავების შემდეგ პოლიცია ულვი ჰასანლის საგამოძიებო მასალების შესახებ ეკითხებოდა. კერძოდ, მას ჰკითხეს, თუ რატომ წერს AbzasMedia „არა ყარაბაღში ჩვენი ქვეყნის წარმატებებზე, არამედ კორუფციაზე?“. ისინი გულისხმობდნენ იმ საგამოძიებო მასალებს, რომლებიც ყარაბაღის აღდგენაში ჩართულ კომპანიებს უკავშირდება:
„ულვი ჰასანლი პირდაპირ ილჰამ ალიევის ბრძანებით დააკავეს. იმიტომ, რომ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანიები, გაუმჭვირვალე მექანიზმების გამოყენებით იგებენ ტენდერებს ყარაბაღის პროექტებზე, ახორციელებენ მათ საბიუჯეტო სახსრებით და იღებენ მოგებას. ამან, რა თქმა უნდა, გააღიზიანა ალიევი. მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუნდაც მე, ულვი ჰასანლი, ან რომელიმე ჩვენგანი ციხეში აღმოჩნდეს, არიან ისეთები, ვინც გააგრძელებენ ამ საქმეს. არ მისცეთ საშუალება იფიქრონ, რომ ჩვენი დაკავებით ამ საქმეს შეაჩერებენ“.
სევინჯ ვაგიფგიზი ამტკიცებს, რომ AbzasMedia-ს ოფისში “ნაპოვნ” 40 ათასი ევრო არაფერი აქვს საერთო გამოცემასთან და ფული იქ პოლიციამ თავად ჩადო.
აეროპორტიდან ციხემდე
21 ნოემბრის ღამე, საზღვარგარეთ მოგზაურობიდან ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სევინჯ ვაგიფგიზი თვითმფრინავში დააკავეს. ის ჯერ საკუთარ ბინაში გადაიყვანეს, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. ადვოკატ ელჩინ სადიგოვის თქმით, ამ ჩხრეკის შედეგად, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გამოძიებისთვის საინტერესო არაფერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სევინჯი ვაგიფგიზი პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
„აბზასმედიას“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით არის აღძრული – კონტრაბანდა, რომელიც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულების გზით. ხატაინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხი თვის ვადით პატიმრობა შეეფარდათ.
მუჰამედ კეკალოვის სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გაყვანიდან სამი დღის შემდეგ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ის ასევე დააკავებულია. თუმცა კეკალოვმა თქვა, რომ ის თავს ნორმალურად გრძნობს და ადვოკატზე უარი განაცხადა. მის შემთხვევაშიც გადაწყდა ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
30 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვილაიათ ეივაზოვმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მოთხოვნაზე პასუხის გაცემისას, სრულიად უსაფუძვლო უწოდა ჟურნალისტების ვარაუდებს, რომ AbzasMedia-ს ხელმძღვანელების დაკავება დაკავშირებულია მათ პროფესიულ საქმიანობასთან.
ეივაზოვის თქმით, დაკავებულმა სამმა ჟურნალისტმა “საბაჟო კონტროლის მიღმა ან ფარულად და დეკლარაციის გარეშე” აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გავლით “დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა” გადაიტანეს და რომ Abzas Media-ის ოფისში ნაპოვნი 40 ათასი ევრო ამის “ნაწილია”. კონტრაბანდული ვალუტა.
AbzasMedia-ს თანამშრომლების დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიამ და პრო-სამთავრობო საინფორმაციო საიტებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება ამერიკულ და ევროპულ ფონდებთან მოთანამშრომლე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სტრუქტურების წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის დაწყების აუცილებლობის შესახებ.
ამ ანგარიშებსა და პუბლიკაციებში იწერებოდა, რომ აზერბაიჯანში არსებობდა შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობით დაკავებული ადამიანების ქსელი. AbzasMedia-ს მენეჯმენტის დაკავების შემდეგ, პროსახელისუფლებო მედია ავრცელებდა გამოძიების შედეგად მოპოვებული დოკუმენტების ასლებს. ისინი ავითარებდნენ აზრს, რომ AbzasMedia ცდილობდა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და რომ ულვი ჰასანლიმ და მუჰამედ კეკალოვმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ შემოიტანეს ქვეყანაში.
AbzasMedia-ს სხვა თანამშრომლებს და ასევე გამოცემის ხელმძღვანელობის ოჯახის წევრები ჩვენების მისაცემად პოლიციაში დაიბარეს, საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს და ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვები დაუწესდა.
მოწმედან ეჭვმიტანილამდე
1 დეკემბერს, აბზასმედიას ერთ-ერთი თანამშრომელი, ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა, ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში განმეორებით დაკითხვაზე დაიბარეს, იქიდან კი ხატაინსკის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატი შაჰლა გუმბატოვა ამბობს, რომ ნარგიზ აბსალამოვა მის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
„როგორც სასამართლოში, ასევე გამოძიების დასკვნაზე ხელმოწერისას მან განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, რაც საბრალდებო დასკვნაში იყო ნათქვამი. სასამართლო ძალიან დიდხანს მსჯელობდა. როგორც ჩანს, ყოყმანობდა, რადგან შეხვედრაზე ჩვენ ვაჩვენეთ, რამდენად უსაფუძვლო იყო საგამოძიებო უწყების მოთხოვნა დაკავების შესახებ. ეს ძალიან აშკარა იყო. მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ უბრალოდ სამთვიანი პატიმრობა გამოუცხადა ისე, რომ გადაწყვეტილება არანაირად არ გაამართლა.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამომძიებლის მიერ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის თაობაზე შეტანილ შუამდგომლობაში პატიმრობის აუცილებლობა აიხსნება იმით, რომ სევინჯი აბასოვა (ვაგიფგიზი), ულვი ჰასანლი, მუჰამედ კეკალოვი და ნარგიზ აბსალამოვა კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულნი სხვა ადამიანებთან ერთად, რომელთა ვინაობა ამჟამად დგინდება. წინასწარი პატიმრობაც იმისთვის არის საჭირო, რომ ამ ადამიანებს არ დაუკავშირდნენ და მათ გამოძიებისგან თავის დაღწევაში არ დაეხმარონ“.
რატომ იყო AbzasMedia სამიზნე?
ბევრი თვლის, რომ AbzasMedia-ზე ზეწოლა, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია იმით, რომ ეს გამოცემა აწარმოებს ანტიკორუფციულ გამოძიებას პრეზიდენტის ოჯახთან და პრეზიდენტთან დაახლოებულ ჩინოვნიკებთან, ასევე ყარაბაღში მშენებლობებთან და ამ მშენებლობაში ჩართულ კომპანიებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთ გამოძიებაში ნათქვამია, რომ აგდამში ექვსი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს შპს PMD Group, რომელიც არის PASHA Holding-ის სტრუქტურული განყოფილების ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრებს.
გარდა საცხოვრებელი კომპლექსისა, კომპანია PMD Group-მა აგდამში ორი სასტუმროს მშენებლობაც დაიწყო: Park Forest Hotel Agdam 110 ნომრით და City Hotel Agdam 130 ნომრით.
AbzasMedia-ს კიდევ ერთი გამოძიება ცხადყოფს, რომ ზოგიერთ ადგილობრივ და თურქულ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე წყალსაცავებისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ტენდერში მონაწილეობის დროს საგადასახადო დავალიანება ჰქონდათ.
გამოძიება ხაზს უსვამს, რომ ტენდერები იყო არაგამჭვირვალე და პროექტებს საბოლოოდ ახორციელებენ ილჰამ ალიევის ოჯახთან, რამდენიმე ჩინოვნიკთან ან თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებული კომპანიები.
სასჯელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში AbzasMedia-ს თანამშრომლებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი, რომელიც 2014 წელს დააპატიმრეს და გათავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, იხსენებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აზერბაიჯანის მთავრობა მიზანში იღებს „დემოკრატიულ ბანაკს“:
„სამწუხაროდ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა უარესდება, აზერბაიჯანში შიდა პოლიტიკური ვითარება მკვეთრად იცვლება. პრინციპში, ეს საკმაოდ გასაგებია. ხელისუფლება ცდილობს გამორთოს დემოკრატიულად მოაზროვნე მედია, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და გაანეიტრალოს სოციალურ-პოლიტიკური აქტივისტები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამის მოწმე უკვე 2013-2014 წლებშიც გავხდით. იმ პერიოდში მომხდარი დაპატიმრებები შეეხო პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. თავისუფალი პრესა, პრაქტიკულად, განადგურდა, დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა ზეწოლას განიცდიდა. ტრადიციულად, ხელისუფლება დასავლეთის აგენტებად მიიჩნევს ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს, რომლებიც ახორციელებენ მსგავს საქმიანობას“.
მირკადიროვი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რეპრესიები გაგრძელდება.
„გაურკვეველი ვადით, ფორმალურად და რეალურად დავრჩი ხელფასის გარეშე“
ზოგიერთი მათგანი, ვინც AbzasMedia-ს საქმეზე მოწმის სახით მისცა ჩვენება, მოგვიანებით ბრალდებულადაც მიიყვანეს, საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. მაგალითად, გამომძიებელი ჟურნალისტი ჰაფიზ ბაბალი, რომელიც AbzasMedia-სთან თანამშრომლობდა, ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
„გამოდის, რომ ამ შეთითხნილ საქმეში მე ვარ არა მხოლოდ მოწმე, არამედ ბრალდებული.ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს პოლიციის შტაბში მოწმის სახით დამიკითხეს.
რა უკანონო ქმედებაში შეიძლება მამხილონ? თუმცა, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ისეთ საზოგადოებაში და ისეთ რეჟიმში, რომ მარიონეტულმა სასამართლომ შეიძლება ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანი დაადანაშაულოს უმძიმეს დანაშაულში და დააყენოს გისოსებს მიღმა. ამის უამრავი მაგალითია.
აბზასთან ვთანამშრომლობდი? დიახ. მე ჟურნალისტი ვარ. ეს ჩემი საქმეა. როგორც დაკითხვისას ვთქვი, აზერბაიჯანში ძალიან ცოტა მედიასაშუალებაა დარჩენილი, რომელსაც შეუძლია ასეთი გამოძიების გამოქვეყნება. აბზასის წყალობით, ჩემმა გამოძიებებმა დიდი ყურადღება მიიპყრო. ამ მასალების მომზადებისას, როგორც პროფესიონალ გამომძიებელს, ხშირად მიწევდა ასობით წყაროსთან და დოკუმენტთან მუშაობა. ის, რასაც პროკურატურა „ვერ ხედავს“, წვრილმანამდე ჩავწერე და მივაწოდე მკითხველს.
სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, სახელმწიფო დონეზე მადლიერებას მივიღებდი ასეთი სტატიებისთვის ხოლო ჩემი გამოძიებების გმირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა. მაგრამ აზერბაიჯანში, როგორც ხედავთ, ყველაფერი პირიქითაა: ხელისუფლება სდევნის მათ, ვინც მას აკრიტიკებს“.
ეკონომისტმა თოგრულ ველიევმა, ამ საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკილია:
„ხატაინსკის რაიონული სასამართლოს მიერ 29 ნოემბერს პოლიციის მთავარი სამმართველოს შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით (მოწმის სტატუსით მოყვანის მეორე დღეს უკვე გავხდი „ბრალდებულის ახლო კონტაქტი“) საბანკო ანგარიშები დამიყადაღდა.
გადაწყვეტილება 29 ნოემბერს მიიღეს, 1 დეკემბერს გაიგზავნა პაშა ბანკში და 5 დეკემბრიდან დამებლოკა ყველა ანგარიში. მათ შორის, სადაც ხელფასს ვიღებ. ანუ ჩემს ერთადერთ ხელფასზე წვდომა დამიბლოკეს (და სწორედ იმ დღეს, როცა ის ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა).
ამრიგად, ფორმალურად და ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით დავრჩი ხელფასის გარეშე.
როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოს ის, ვინც ხელფასს არ იღებს? რითი უნდა იცხოვროს?“
ადვოკატისა და მედია ექსპერტის ალასგარ მამადლის თქმით, 2021 წელს მიღებული „მედიის შესახებ“ კანონის დახმარებით, ხელისუფლება ცდილობს მთელ მედიასფეროზე აიღოს კონტროლი და კრიტიკული მედიისთვის ადგილი არ დატოვოს.
დაპატიმრებები არ შემოიფარგლება მხოლოდ AbzasMedia-ს თანამშრომლებით
28 ნოემბერს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ინტერნეტ ტელევიზიის Kanal 13-ის ხელმძღვანელი აზიზ ორუჯოვი დააკავეს და მისი სახლი გაჩხრიკეს. ადვოკატმა ბაჰრუზ ბაირამოვმა ტელეკომპანია Meydan TV-ს განუცხადა, რომ ორუჯოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 188.2 მუხლით – მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ან სამონტაჟო სამუშაოების უნებართვო განხორციელება საკუთრების, სარგებლობის ან იჯარის უფლების გარეშე.
საბაილის რაიონულმა სასამართლომ აზიზ ორუჯევს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი ძმა ანარ ორუჯოვი იხსენებს, რომ აზიზი ერთხელ უკვე დააკავეს და ამჟამინდელ დაკავებას უკანონოსაც უწოდებს.
4 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტი და პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ილჰამიზ გულიევი დააკავეს.
ოქტომბრის დასაწყისში AbzasMedia-სთან ანონიმურ ინტერვიუში მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ “უგდებს” პოლიცია ნარკოტიკებს „არასასურველ“ ადამიანებს. ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღის შემდეგ მას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. ილჰამიზ გულიევის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ კი ის კვლავ დააკავეს, ამჯერად ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით.
მისი ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებისას გულიევს პოლიციამ სცემა.
ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაკავების ამ ტალღას აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაციებას უკავშირებს.
2023 წლის 15 ნოემბერს, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო’ბრაიენმა, გაიხსენა აზერბაიჯანის მიერ სექტემბერში ყარაბაღში განხორციელებული ოპერაცია და ისაუბრა 907-ე შესწორების შეჩერების დაუშვებლობაზე.
შესწორება 907, რომელიც ზრდიდა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის 1992 წლიდან, არის ცვლილება, რომელიც აშშ-ს კონგრესმა შეიტანა თავისუფლების მხარდაჭერის აქტში, რომელშიც მოხსენიებულია „ყარაბაღის ოკუპაცია და იქ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ბლოკადა“. ეს 907-ე შესწორება უკრძალავდა შეერთებულ შტატებს პირდაპირი სამთავრობო დახმარება გაეწია აზერბაიჯანისთვის. აზერბაიჯანი გახდა ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელსაც ეს დახმარება ჩამოერთვა. თუმცა, 2001 წელს აშშ-ს სენატმა პრეზიდენტს მისცა უფლება შეაჩეროს ეს შესწორება. ეს არის ის, რაც მას შემდეგ გააკეთა ამერიკის ყველა პრეზიდენტმა.
6 დეკემბერს ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჯეიმს ო’ბრაიენმა ტვიტერის პოსტში შეხვედრას უწოდა “პირველი კონსტრუქციული საუბარი აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მომავალზე”.
ჯეიმს ო’ბრაიენი: “რეგიონში ხანგრძლივი, ღირსეული მშვიდობის დამყარება შექმნის ისტორიულ შესაძლებლობებს.”
უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესების გამო აზერბაიჯანი თავის მოქალაქეებს სჯის. ჯაფაროვი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის განმუხტვის სხვა მეთოდები უნდა შეირჩეს:
„მიმაჩნია, რომ AbzasMedia-ს თანამშრომლების დაკავება ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული და ეს არ იქნება ამერიკის აღმოჩენა. ეს უკვე გაჟღერდა სახელმწიფო ტელევიზიაშიც – რადგან ეს ქვეყნები არ გვაძლევენ უფლებას სამშვიდობო ხელშეკრულების დადების, მაშინ ჩვენც დავიწყებთ რაიმეს მათ წინააღმდეგ. სწორედ ამ კონტექსტში მოხდა ეს დაკავებები. ჩვენი პოზიცია კი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, არის ის, რომ გეოპოლიტიკური ვითარება ან გეოპოლიტიკური კონფლიქტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოჰყვეს უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.“.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს AbzasMedia-ს დევნა და გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები.
საერთაშორისო მედიის ინსტიტუტმა, Amnesty International-მა, ჟურნალისტის დაცვის კომიტეტმა, Human Rights Watch-მა და არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელეს განცხადება, სადაც დაგმეს AbzasMediaya-ს რეპრესიები და მოითხოვეს დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლება.
„ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
2 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა “ღრმა შეშფოთება” აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავების გამო. 10 დღის განმავლობაში მედიის ხუთი დამოუკიდებელი თანამშრომელი დააკავეს.
„ჩვენ ვნახეთ წინასწარი ცნობები. როგორც ადრე, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაპატიმრებით“, – განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Turan-ის კორესპონდენტს ვაშინგტონში, ნარგიზ აბსალამოვას დაკავების შემდეგ.
„ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის იმ პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ვინც გამოხატვის თავისუფლებას ახორციელებს.
28 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ცალ-ცალკე დაიბარეს აშშ-ისა და გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ასევე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყება, დიპლომატების ყურადღების ცენტრში მოექცა, რომ საინფორმაციო პორტალი AbzasMedia, ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ორგანიზაციებისა და თავად საელჩოების მონაწილეობით, ახორციელებდა უკანონო ფინანსურ ოპერაციებს და სერიოზულ. ამაზე პროტესტი გამოითქვა.
აღინიშნა, რომ USAID, FreedomNow, New Democracy Fund და სხვა ორგანიზაციები გრანტების გაცემის წესების დარღვევით ახორციელებდნენ თანხების უკანონო გადარიცხვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, უკანონო შენატანებით AbzasMedia-ს საქმიანობაში.
აზერბაიჯანის მთავრობა, როგორც წესი, აცხადებს, რომ აზერბაიჯანში არავის არ დევნიან პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსის გამო, ხოლო დაპატიმრებულ ჟურნალისტებსა და სოციალურ-პოლიტიკურ აქტივისტებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სასჯელი ემუქრებათ ჩადენილი ქმედებისთვის.
“მედია ქსელის მხარდაჭერით”