თბილისში, პარლამენტის წინ, მომიტინგეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ
საქართველოში პოლიტიკურმა კრიზისმა პიკს მიაღწია. თბილისი კვლავ საპროტესტო ტალღამ მოიცვა.
პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. იშლება კარვები.
2012 წლის შემდეგ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად დგას უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია.
__________
ათასობით ადამიანი დღეს პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა.
პარლამენტმა დღევანდელ კენჭისყრაზე ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესს ეხებოდა. ცვლილების თანახმად, 2020 წლის არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით (მხოლოდ პარტიული სიებით) უნდა ჩატარებულიყო და უნდა გაუქმებულიყო მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ტრადიციულად, დიდ უპირატესობას აძლევს მმართველ გუნდს არჩევნების დროს.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ზაფხულის აქციების მთავარი მოთხოვნა იყო. 24 ივნისს, ორდღიანი მრავალათასიანი მიტინგების შემდეგ, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება და დათანხმდა ამ მოთხოვნის შესრულებას. მან თქვა, რომ “ქართული ოცნება” თანახმაა პროპორციულ სისტემაზე და შესაბამის ინიციატივას პარლამენტს წარუდგენს.
თუმცა, როდესაც პარლამენტში საქმე კენჭისყრამდე მივიდა, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები, თავად “ქართული ოცნების” წევრებმა ჩააგდეს.
იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება არაფორმალური ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის გარეშე, არავის სჯერა, რომ დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტი ჩააგდეს, დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
ოპოზიციაში მეამბოხე დეპუტატების არ სჯერათ და ამბობენ, რომ ის, რაც პარლამენტში მოხდა, იყო “სპექტაკლი და ტრიუკი, რომელიც ივანიშვილმა დადგა”.
“ეს იყო საუკუნის გადაგდება, ასე ქართველი ხალხი ჯერ არავის მოუტყუებია,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.
__________________
კენჭისყრის შემდეგ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც ზაფხულში აქციებს მართავდნენ. ისინი გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ და ყველა პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდეს.
საღამოს შვიდი საათისთვის მომიტინგეთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი უკვე ბუნებრივად გადაიკეტა.
აქციას ორგანიზებულად შემოუერთდნენ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. ტრანსფარანტებზე, რომლებიც მათ უკავიათ, წერია: “სირცხვილია”, “ივანიშვილი მატყუარა”.
პარალელურად, შვიდი საათისთვის ასევე დასრულდა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების ერთობლივი შეკრება.
შეხვედრას ესწრებოდა უკლებლივ ყველა მათ შორის ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული პარტიის წარმომადგენლები, – პროდასავლური პარტიების გვერდით ისხდნენ პრორუსულად განწყობილი ძალების ლიდერებიც.
“ყველა მინუს ერთი” – ეს არის მთავარი ფორმულა, რომლის გარშემოც ერთიანდებიან პოლიტიკური პარტიები.
ოპოზიცია ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა. გადაწყვეტილება ასეთია: რუსთაველზე არ დაიშლება აქცია, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რომლებიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.
ოპოზიციის სამი მთავარი მოთხოვნა:
-1- ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა;
-2- დროებით მთავრობაში შევიდეს ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ანუ ბიძინა ივანიშვილი „ჩაეხსნას“ ყველა პოლიტიკურ პროცესს, „ქართული ოცნების“ მთავრობა კი ქვეყნის მართვას
-3- დროებითი მთავრობა ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს
„ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანებულია იმ საკითხში, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა პირდაპირ უფსკრულის წინაშე, ამიტომ საჭიროა, ერთიანი მოქმედება, რომ დავასრულოთ ეს მტრული რეჟიმი, რომლის არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს.
ის რაც ქვეყანას სჭირდება, არის ვადამდელი, პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. ყველაფერს გავაკეთებთ ამ ამოცანის მისაღწევად“, – განაცხადა ოპოზიციის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
“ვინც სახლში ხართ, გამოდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არაფერი დარჩა და იმასაც გართმევენ. გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ. რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები – თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე,” – უთხრა მომიტინგეებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
მან აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უფრო რადიკალური ზომების მომხრეა, თუმცა, კონსესუსი ოპოზიციასთან მიღწეულია და პარტია საერთო შეთანხმებას დაიცავს.
“ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ესმის დღევანდელ ხელისუფლებას არის მასობრივი პროტესტი… იმას მოხერხება უნდოდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაეერთიანებინა და ბიძინა ივანიშვილმა ეს მოახერხა,” – ამბობს”ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.
“ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიიღოს რუსთაველზე ბარიკადები და აუცილებლად იქნება რუსთაველზე ბარიკადები,” – განაცხადა “ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ.
“ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთმა ყველაზე მატყუარა, ცბიერმა კაცმა, რომელიც მე ცხოვრებაში შემხვედრია, თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ. ფიალა ავსებულია, ჩვენ არ დავიხევთ უკან”, – ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს მყისიერად გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ამჟამად უკრაინაშია.
„ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა“,- განაცხადა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მომიტინგეთა შორისაა ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.
“მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია”,- განაცხადა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა.
პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომაც.
“ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად,” – აღნიშნულია განცხადებაში.