სკოლის მოსწავლეთა წიგნიერების მსოფლიო რეიტინგში საქართველო ბოლო ოცეულშია - შედეგები გაუარესდა
PISA-ს 2022 წლის ანგარიში
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-მ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეების აკადემიური მიღწევები და უნარები 2018 წელთან შედარებით გაუარესდა.
2018 წელთან შედარებით 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში – 6 ქულით, საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.
ამ შედეგებით, საქართველო 81 ქვეყანას შორის მათემატიკაში მე-60 ადგილზეა, კითხვის კომპონენტში 67-ე ადგილზეა, საბუნებისმეტყველო საგნებში კი – 66 ადგილზე.
კვლევის მიგნებაა ასევე ის, რომ ქართველი მოსწავლე გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს.
PISA მთელი მსოფლიოს 81 ქვეყანაში 15 წლის ასაკის მოსწავლეების შედეგებს იკვლევს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სფეროებში.
აღნიშნული კვლევის საქართველოს შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
PISA 2022 წლის მონაცემებით, ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 34 პროცენტმა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე, რაც 69 პროცენტს შეადგენს.
ცუდი შედეგია ასევე კითხვაში და საბუნებისმეტყველო საგნებში. ქართველი მოსწავლეების მხოლოდ 33 პროცენტმა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, მაშინ როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 74 პროცენტია. საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35 პროცენტმა მიაღწია საბაზო დონეს (OECD-ის საშუალო შედეგი – 76 პროცენტი).
საქართველოში კვლევამ აჩვენა, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით სამივე კომპონეტში – როგორც მათემატიკაში (კერძო – 445, საჯარო – 384), ასევე კითხვასა (კერძო – 426, საჯარო – 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო – 436, საჯარო – 379).
სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკაში მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისის მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ (344 ქულა). მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც;
PISA 2022 წლის შედეგებით, საქართველოში ბიჭები (387 ქულა) და გოგონები (393 ქულა), საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. კითხვაში გოგონები 35 ქულით სჯობნიდნენ ბიჭებს (გოგონა – 392 ქულა, ბიჭი – 357 ქულა). საბუნებისმეტყველო საგნებში გოგონებმა 14 ქულით მეტი (391 ქულა) მიიღეს, ვიდრე ბიჭებმა (377 ქულა);
საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს. საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ბრუნეის, ჩრდილოეთ მაკედონიას, ფილიპინებს, მაროკოს, ალბანეთს, პალესტინას, მონღოლეთს, ბაქოს (აზერბაიჯანი), დომინიკის რესპუბლიკას, ფინეთს და კიდევ 6 სხვა ქვეყანას.
კვლევამ აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შედეგები კიდევ უფრო დაბალია. PISA 2022 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართულენოვანი და რუსულენოვანი ჯგუფების შედეგებს. ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს შორის მათემატიკაში სხვაობა 73 ქულაა, კითხვაში – 80, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში 81 ქულა.
საქართველო 2010 წლიდან მონაწილეობს PISA-ს რეიტინგებში.
_________________
PISA-ს კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. თუმცა, პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიდო და 2018 წლის შემდეგ 2022 წელს პირველად ჩატარდა. აღნიშნული კვლევა ერთგვარი გლობალური ეტალონია, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მთავრობები, რათა განათლების პოლიტიკა მართონ.
PISA 2000 წლიდან აფასებს ქვეყნების განათლების სისტემების ეფექტურობას 15 წლის მოსწავლეების საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა და კითხვის უნარების შეფასების გზით.
ასევე, სპეციალური ტესტები იკვლევს, რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს რთული პრობლემების გადაჭრა, კრიტიკულად აზროვნება და ეფექტური კომუნიკაცია. ეს იძლევა იმის გაგებას, თუ რამდენად კარგად ამზადებს განათლების სისტემა მოსწავლეებს რეალური გამოწვევებისთვის და მომავალი წარმატებისთვის.
2022 წელს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 690 ათასმა 15 წლის მოზარდმა 81 ქვეყანიდან.
საგულისხმოა, რომ სკოლის მოსწავლეთა წიგნიერების 2022 წლის გლობალურ რეიტინგში აზიის ქვეყნები ლიდერობენ.
პირველ ადგილზეა სინგაპური. მას მოსდევს მაკაო, ტაივანი, ჰონგ კონგი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ეს ქვეყნები მაღალ შედეგებს აჩვენებენ სამივე კომპონენტში, თუმცა განსაკუთრებით მათემატიკაში.
OECD-ის ქვეყნებმა დაინახეს აკადემიური მოსწრების “უპრეცედენტო ვარდნა” Covid-ის პანდემიის შემდეგ.
ევროპაში წიგნიერების ლიდერი ქვეყანა ესტონეთია.
რაც შეეხება კავკასიის რეგიონს. სომხეთში აღნიშნული კვლევა არ ტარდება, ხოლო აზერბაიჯანში კვლევას მხოლოდ დედაქალაქში, ბაქოში ატარებენ. ბაქოელმა მოსწავლეებმა კითხვისა და საბუნებისმეტყველო საგნების კომპონენტში ქართველ მოსწავლეებზე დაბალი შედეგი აჩვენეს და 81 ქვეყანას შორის კითხვაში 69-ე და საბუნებისმეტყველო საგნებში 68-ე ადგილზე გავიდნენ. მათემატიკაში ბაქოელმა მოსწავლეებმა საქართველოზე უკეთესი შედეგი აჩვენეს და 56 ადგილზე გავიდნენ.
როგორც განათლების ექსპერტები ამბობენ, კვლევამ აჩვენა, რომ პანდემია ცუდად აისახა ბევრ ქვეყანაზე, სადაც “უპრეცედენტო ვარდნა” დაფიქსირდა. მაგალითად, ასეთი ქვეყნებია საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი.
თუმცა, ამავე დროს, აღნიშნავენ ექსპერტები, კოვიდი არ აღმოჩნდა დაბრკოლება აზიური ქვეყნებისთვის, სადაც ბოლო წლებია სტაბილურად იზრდება განათლების ხარისხი და პანდემიის დროს არა თუ დავარდა, არამედ გაუმჯობესდა მონაცემები.