"ქართული ოცნების" ახალი ინიციატივა: იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ
პარტიების დაფინანსება
პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ ანუ იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ, – ასეთი ცვლილებები მზადდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში. აღნიშნული ცვლილებები მმართველი გუნდის, ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერაა ინიცირებული.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არსებობს რისკები, რომ იურიდიული პირების მეშვეობით მოხდეს ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ზღვარის გვერდის ავლა.
“ადვილია, დააარსო იურიდიული პირი, რამდენიმე დააარსო და შემდეგ ის ჭერი, რაც არის დადგენილი, გადაანაწილო და გააკეთო შემოწირულება. საერთო ჯამში, იურიდიული პირებისგან შემოწირულებების ოდენობა არის ძალიან დაბალი. 2020 წელს მთლიანი პარტიული შემოსავლების/შემოწირულებების მხოლოდ 3 პროცენტი იყო იურიდიული პირებისგან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პროექტით არის გათვალისწინებული, პარტიების მიერ გაწეული ხარჯების ზედა ზღვარს აწესებს. ცლილების თანახმად, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05 პროცენტიდან 0.04 პროცენტამდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
აღნიშნულ ინიციატივებს “ქართული ოცნება” ევრორეკომენდაციებით ხსნის და აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ქვეყანას “დეოლიგარქიზაციისთვის” სჭირდება .
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ითვალისწინებენ ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.
“შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც თავის მხრივ, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას”, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ოპოზიციის შეფასება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს დასავლეთს შეუქმნას ილუზია, რომ ქვეყანაში “ოლიგარქიას” ებრძვის.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ისინი იურიდიული პირების მიერ არც აქამდე ფინანსდებოდნენ და ხელისუფლება კი ცდილობს მიაწეროს ეს ცვლილება ევრორეკომენდაციის შესრულებას და შექმნას განცდა, რომ მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მხოლოდ ოპოზიციაზე გავრცელდება, ხოლო “ქართული ოცნება” კი კვლავ შავი ფულით დაფინანსდება.
რომან გოცირიძე, ფრაქცია “ევროოპტიმისტები”: “მიზანი იყო ის, რომ რაღაც უნდა შეესრულებინათ. ეს იყო ვენეციის კომისიის რეკომნენდაცია და მათ ეს რეკომენდაცია შეფუთეს როგორც დიდი ნაბიჯი დეოლიგვარქიზაციის მიმართლებით… ეს ცვლილებები არაფერს შეცვლის. იურიდიული პირები ოპოზიციას ისედან არ აფინანსებდნენ შიშის გამო”
“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე: “ეს არის იმიტაციის შექმნა. არანაირი მიზანი ამას არა აქვს. იმიტომ, რომ გამკაცრება რეგულაციის გავრცელდება მხოლოდ ოპოზიციაზე და ქართული ოცნება შავი ფულით და შავი სალაროთი.”
“ქართული ოცნების” სატელიტი ოპოზიცია, პრორუსული მოძრაობა “ხალხის ძალა” მიესალმება აღნიშნულ ცვლილებებს. ამ პარტიაში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია, უკანონოდ აღარ დაფინანსდნენ ოპოზიციური პარტიები. მათ შორის, “ხალხის ძალის” დეპუტატები საუბრობენ დავით კეზერაშვილზე, რომელიც მათივე განმარტებით, ოოპზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს.