"კონფლიქტის დერეფნებში – აფხაზეთი 1989-1995". გამოფენა თბილისიდან საქართველოს სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს
გამოფენა სახელწოდებით „კონფლიქტის დერეფნებში – აფხაზეთი 1989-1995″, რომელიც თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში სამი კვირის განმავლობაში იყო გამოფენილი, გუშინ ოფიციალურად დაიხურა.
საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის – აფხაზეთის კონფლიქტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, მივიწყებული საარქივო დოკუმენტები და აფხაზეთის ომგამოვლილი ადამიანების ინტერვიუები – ამ ყველაფერს ქართველი და აფხაზი მკვლევრები ხუთი წლის განმავლობაში უყრიდნენ თავს.
საერთაშორისო ორგანიზაციების Conciliation Resources-ის და swisspeace-ის დახმარებით ისინი პარალელურად ქმნიან ერთობლივ არქივს, კოლექტიური მეხსიერებას, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობის პირველი მცდელობა სწორედ აღნიშნული გამოფენა იყო.
როგორც მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, არქივის შექმნის პროცესი მომავალშიც გრძელდება და მისი მიზანია, მიუკერძოებლად და დეტალურად აღადგინოს ისტორიული მოვლენები შეიარაღებულ ფაზამდე, უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ.
გამოფენის დახურვას სხვა სტუმრებთან ერთად შვეიცარიის ელჩი საქართველოში და შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე მარინა კარობიო გუშეტი ესწრებოდნენ. შვეიცარია სწორედ ის ქვეყანაა, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გამოფენის მოწყობაში.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში და, საბოლოოდ, შერიგებას ჩაუყრის საფუძველს,” – განაცხადა მარინა კარობიო გუშეტი სიტყვით გამოსვლისას.
გამოფენის დახურვას ის ადამიანებიც ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ 90-იანი წლების მოვლენებში.
“მეც კი, ადამიანმა, რომელმაც ის პერიოდი გამოვიარე, ბევრი რამ ახალი ვნახე ამ გამოფენაზე… იმაზეც დავფიქრდი, მაშინ ეს ყველაფერი ასე მწყობრად დალაგებული რომ მენახა, ალბათ სხვაგვარად მოვიქვეოდი, სხვაგვარ გადაწყვეტილებებს მივიღებდი. ომი ანგრევს ყველა მხარეს,” – განაცხადა გამოფენის დახურვისას ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც ომის დრამატულ წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
გამოფენა სამ ოთახში იყო მოთავსებული და ქრონოლოგიურად გვიამბობდა მოვლენებზე, რომლებმაც განსაზღვრა საქართველოს ბედი ათწლეულების განმავლობაში.
• 26 წელი სოხუმის დაცემიდან. ფოტოარქივი
• მოსაზრება: ქართულ-აფხაზური ჩიხი
პირველ ოთახში ომამდე პერიოდზე ინფორმაცია იყო თავმოყრილი, მეორეში – უშუალოდ ომის პერიოდი, მესამეში კი შემდგომი წლები.
სამი კვირის განმავლობაში, გამოფენის ფარგლებში, იმართებოდა რეგულარული დისკუსიები და ღონისძიებები, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ამ სამი კვირის განმავლობაში არაერთმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მკვლევარებისთვის საკუთარი გამოცდილებაც გაეზიარებინა და საკუთარი ისტორიები მოეყოლა იმ ტრაგიკულ წლებთან დაკავშირებით.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, დიდი ალბათობით ეს ექსპოზიცია საქართველოს სხვა ქალაქებშიც იმოგზაურებს, კერძოდ კი ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
გამოფენა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის „კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის“ და Sigrid Rausing Trust-ის ფინანსური მხარდაჭერით შედგა. სწორედ მათი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი კოლექტიური მეხსიერების არქივების შექმნა და განვითარებაც.
გამოფენაზე რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივად მუშაობდა: GoGroupMedia, CIPDD, Studio Re, Conciliation Resources, swisspeace.
გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და გაშუქება შეგიძლიათ იხილოთ სოციალური მედიის ორ არხზე:
Facebook (ქართულ ენაზე): The Corridors of Conflict. Abkhazia, 1989-1995
Twitter (ინგლისურ ენაზე): @Memory__Project