არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე "ქართული ოცნება" უარს ამბობს 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე
5 პროცენტიანი ბარიერი არჩევნებზე
პარლამენტში განახლდა დისკუსია საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. დღეს მოქმედი წესით, პარლამენტში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე სავალდებულო 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
ოპოზიცია 2016 წლიდან ითხოვს ბარიერის დაწევას. იგივე შინაარსის რეკომენდაციას იძლევიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.
“ქართულმა ოცნებამაც” დადო პირობა, რომ ბარიერს 2 პროცენტამდე დაწევდა, თუმცა ახლა, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ამ პირობის შესრულებას არ აპირებენ.
“არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს. 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერების ამბობენ, რომ ვისაც პარლამენტში მოხვედრის სურვილი და პრეტენზია აქვს, მას მოსახლეობის მინიმუმ 5%-იანი მხარდაჭერა მაინც უნდა ჰქონდეს.
„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ,” – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ხოლო “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შარშან გაცემული დაპირების თანახმად, გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში გეგმავდნენ ბარიერის დაწევას:
“ამას ჰქონდა კონკრეტული ლოგიკა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება შარშან შეამცირებდა პოლარიზაციის ხარისხს და ასეთ პირობებში უფრო ლოგიკური იქნებოდა დაბალ ბარიერით არჩევნების ჩატარება. ეს იყო მესიჯი კონკრეტული ძალების მიმართ, რომლებიც ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ შევთავაზეთ დეკემბერში შარშან, არ დაებლოკათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ასეთ შემთხვევაში დავწევდით ბარიერს, მაგრამ მათ არჩიეს სხვა გზა.”
ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს პირობისა და უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციების შეუსრულებლობაში.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაში, პატარა ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ შანსი მოხვდნენ პარლამენტში და “ოცნების” პერსპექტივა, შეინარჩუნოს ხელისუფლება, მნიშვნელოვნად იკლებს.
“ბარიერის დაწევა იყო შეთანხმება მათ შორის, მიშელის დოკუმენტით, რომლიდანაც „ქართული ოცნება” გავიდა და არ გამიკვირდება, არც ეს პირობა არ შეასრულოს,” – ამბობს სალომე სამადაშვილი, პარტია “ლელოს” წარმომადგენელი.
ამავე დროს, იგი დასძენს, რომ, “ლელოსთვის” პრიორიტეტული არ არის, ბარიერის დაწევის საკითხი, მთავარი ხელისუფლების შეცვლაა:
“მოქალაქეების 70 პროცენტი ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და “ლელოსთვის” ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი”, – განაცხადა სამადაშვილმა.
ბარიერის დაწევის მომხრეა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის იზიარებს ექსპერტების აზრს, რომ დაბალი ბარიერი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დასრულებას.
RFI-სთვის (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში მუდმივად ერთპარტიული მმართველობის სისტემაში იყო:
“მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
● “ქართული ოცნება” კონსტიტუციის ცვლილებას და ბარიერის 2%-მდე დაწევას აღარ აპირებს
● “ამომრჩევლები იმსახურებენ უფრო მაღალ სტანდარტს” – აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი არჩევნებს აფასებენ
● ყველა ამბობს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. რაში გამოიხატება ის? მაგალითები
● საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. თუ ბოლოდროინდელ სოციოლოგიურ კვლევებს გავითვალისწინებთ, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ორ დიდ პარტიასთან – მმართველ გუნდთან “ქართულ ოცნებასთან” და მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან “ნაციონალ მოძრაობასთან” ერთად მხოლოდ ორ პარტიას – გიორგი გახარიას “საქართველოსთვის” და “ლელოს” შეუძლია.
● ინკლუზიური, მრავალფეროვანი, თავისუფალი და მაღალდემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, ევროკავშირის იმ 9 ახალი დათქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებაში უნდა დაეხმაროს.