რატომ იცლება მთა. რეპორტაჟი შატილიდან
საქართველოს ტერიტორიის 70 პროცენტამდე მთიანი ადგილებია. აქ მცხოვრები მოსახლეობა რთული ბუნებრივი პირობების პარალელურად უმუშევრობას, ცუდ, ზოგ შემთხვევაში მიუვალ გზებს, მოძველებულ ინფრასტრუქტურას, სკოლების, ბაღების და სხვა რესურსების ნაკლებობასა და უპერსპექტივობას გაურბის. ბოლო წლებში მთა ათასობით ადამიანმა დატოვა და ბარში უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩამოვიდა. ხელისუფლება ცდილობს შეაჩეროს ეს პროცესი. გამოსდის თუ არა ეს მას? რეპორტაჟი შატილიდან.
დაახლოებით სამი კვადრატული მეტრის ფართობის საკლასო ოთახში ერთმანეთის მიყოლებით ოთხი ბავშვი შემოდის და ოთახიც ივსება.
ანი, მანგია, კოტე და ქეთი – ეს შატილის საჯარო სკოლა-პანსიონის თითქმის სრული შემადგენლობაა.
ანი მეთერთმეტე კლასშია, მანგია მეცხრეში, კოტე მეშვიდესი, ქეთი კი – მესამეში.
• „იმ მინდორზე ოს ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდით“. რეპორტაჟი გუგუტიანთკარიდან
• ბურები, რომლებმაც ქართულ სოფელში სამშობლო იპოვეს
• ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს?
მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა მთელ სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ბავშვები სხვადასხვა საკლასო ოთახებში დაიფანტნენ: კლასში თითო ბავშვი განაწილდა.
ქეთი ყველაზე პატარაა, წელს მესამეში გადავიდა. მისი სოფელი – მუცო შატილიდან 12,5 კილომეტრშია. ყოველ დღე, ამ მანძილის დაფარვა შეუძლებელია. ქეთი, ისევე როგორც სხვა ბავშვები, მთელი კვირა სკოლაში რჩება და მშობლებს მხოლოდ შაბათ-კვირას ხედავს.
კიდევ უფრო ხანგრძლივია განშორება ზამთარში, როდესაც დიდი თოვლი ჩამოწვება და მუცოდან შატილამდე გზას ჩახერგავს.
ქეთის ოჯახს სხვა გზა არა აქვს – შატილის სკოლა ერთადერთია 50 კილომეტრის რადიუსში.
ფერადი შენობა
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შატილში ჩაქუჩების კაკუნის ხმა ისმის და საღებავებისა და სამშენებლო მასალის სუნი დგას.
რამდენიმე წელია, შატილის სკოლა რემონტს ითხოვს. გაფუჭებული და გრძელი გზის გამო, ამ სოფლამდე სამშენებლო მასალის მიტანაც კი პრობლემა იყო.
“-სტუმრები ჩამოდიან გახსნაზე?
-გუბერნატორი ხომ არ ჩამოდის?
– ჟურნალისტები მოვიდნენო?”
სკოლის რემონტი და ასევე სტუმრების ჩასვლა, აქ დიდი მოვლენაა.
შატილსა და პირიქითა ხევსურეთს 11 სოფელში სულ 8 ბავშვი ცხოვრობს და რვავე ამ სკოლაში დადის.
საქართველოს მაღალმთიანეთისთვის ეს ჩვეული ამბავია. არის სკოლები, სადაც მხოლოდ ერთი ბავშვი სწავლობს.
ახალგარემონტებული სკოლა ხასხასა ნარინჯისფერი შენობაა, რომელიც ერთი მხრივ, თითქოს აცოცხლებს შატილის ყავისფერ კოშკებს და ქვის შენობებს, მეორე მხრივ კი, სოფლის ხედებიდან სრულიად ამოვარდნილია, ისევე, როგორც შატილის ძველ კოშკებზე კანტიკუნტად მცოცავი ერთი-ორი ტურისტის მყვირალა, ფერადი მაისური.
წელს მოსწავლეებს განახლებული, ხასხასა ნარინჯისფრად შეღებილი სკოლა კი დახვდათ, მაგრამ ქიმიას, მათემატიკას და ფიზიკას ვერ ისწავლიან – როგორც სკოლის დირექტორმა მაყვალა დაიაურმა გვითხრა, მკაცრ ხევსურულ ზამთარს ყველა როდი უძლებს. რამდენიმე მასწავლებელმა სკოლა დატოვა, შემცვლელის პოვნა კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
შატილი
შატილი პირიქითა ხევსურეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია – ძველი, შუასაუკუნოვანი კოშკებით, მხოლოდ აქ შემორჩენილი ტრადიციებით, განუმეორებელი ბუნებით და პეიზაჟებით.
თითქმის სრულად დაცლილ და მიტოვებულ მეზობელ სოფლებს შორის შატილი ხალხმრავალ „ცენტრად“ ითვლება. აქ სტაბილურად რვა ოჯახი ცხოვრობს, სკოლაა, მობილური იჭერს და ზოგჯერ ინტერნეტიც არის, თუ შუქი მოვიდა.
წლის უმეტესი ნაწილი დენი აქ დღეში ერთი საათით მოდის. შატილელები უკვე მესამე წელია ძველი ჰიდროელექტროსადგურის შეკეთბას ელიან.
თბილისამდე ერთადერთი ტრანსპორტი დადის – მიკროავტობუსი. ისიც კვირაში მხოლოდ ორჯერ და ისიც მხოლოდ ზაფხულში.
„ცხრა მთა“, ხევი და ერთი დიდი უღელტეხილი უნდა გადალახო, ზღვის დონიდან 2 677 მეტრზე ახვიდე და მერე დაღმართზე დაეშვა. გზა ზოგან ქვითა და მიწითაა დაფარული, ზოგან წყლით.
თბილისიდან შატილამდე 140 კილომეტრია, მაგრამ ეს მოგზაურობა ზოგჯერ შვიდ საათსაც გრძელდება.
შატილი, სექტემბერი 2019 г. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
დათვიჯვრის უღელტეხილთან თეთრ მიკროავტობუსს წამოვეწიეთ. „მარშრუტკა“ დიდ ტალახიან ორმოსთანაა გაჩერებული. მგზავრები რიგში ჩამწკრივებულან და ცდილობენ, ორმოს გაჭირვებით გვერდი აუარონ. იმისათვის, რომ შატილის ერთადერთი „მარშრუტკა“ გზად ორმოში არ დარჩეს, მგზავრებს სახიფათო მონაკვეთის ფეხით გადავლა უწევთ.
ეს მიკროავტობუსი თბილისიდან მოდის და მგზავრებთან ერთად გამოსაზამთრებელი პროდუქტების მარაგი მოაქვს.
ზამთარში აქ მოსასვლელი გზები იკეტება. ნოემბერში უზარმზარი თოვლი მოდის და ხევსურეთს გარე სამყაროსგან წყვეტს. შატილამდე ვერანაირი მანქანა ვერ მიდის და ვეტმფრენსაც განსაკუთრებული ამინდი სჭირდება, რომ აქამდე მოაღწიოს.
პირიქითა ხევსურეთთან კავშირი მაისში ახლდება, როცა თოვლი დნება.
შატილი, სექტემბერი 2019 г. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
შატილელი ექიმი, 61 წლის მიხეილ ჭინჭარაული თბილისში წასასვლელად ემზადება და ორ გრძელ სიას ადგენს – ერთი ოჯახისთვის მოსამარაგებელი პროდუქტების სიაა, მეორე კი – წამლების, რომლებიც ზამთარში მთელ პირიქითა ხევსურეთს დასჭირდება.
ჭინჭარაული 20 წელია პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმია. ფილტვების ანთებასაც ის მკურნალობს, ბრმა ნაწლავის ოპერაციასაც აკეთებს და მოტეხილობებიც მისი პროფილია. ზამთარშიც კი, როცა გზებს თოვლის ზვავები ავსებენ, ჭინჭარაული სოფლიდან სოფლამდე ფეხით დადის.
„80 დასახელების მედიკამენტები მაქვს, რაც აქ აუცილებელია. უნდა ვიყიდო ესენი, წამოვიღო ზამთრის განმავლობაში, რომ ვინმეს რამე დაჭირდეს, ყველას უნდა დავურიგო და ვუმკურნალო… მაისის შუა რიცხვებამდე უნდა მეყოს, სანამ გზა არ გაიხსნება“.
პირიქითა ხევსურეთში ამბობენ, რომ აქ ზამთარში უნდა გიმართლებდეს – ცუდად არ უნდა გახდე. გამოუვალ მდგომარეობაში, მოსახლეობა მესაზღვრეებს უკავშირდება, ისინი კი ვერტმფრენს იძახებენ ხოლმე.
მიგრაცია
სოფლებს საქართველოში, ძირითადად, ერთი და იგივე მიზეზით ტოვებენ: უმუშევრობა, ცუდი ინფრასტრუქტურა, მძიმე გარემო პირობები, უწყლობა, უშუქობა.
ტრადიციულად, მთის რეგიონებში მოსახლეობა თავს სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით ირჩენს.
შატილში დარჩენილ ოჯახებს საქონელი, ცხვარი და ფუტკარი ჰყავთ, რაც მათი ძირითადი საკვებია. მთის ფერდობებზე მოფენილი ცხვარი კვლავაც ხევსურეთის პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია.
ის, რომ საქართველოდან ზოგადად ხალხი მასიურად მიგრირებს, ეს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერიდანაც ჩანს. 2014 წლისთვის საქართველოში 3 713 804 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 2002 წელს მოსახლეობის რაოდენობაზე 15 პროცენტით, ანუ 657 731-ით ნაკლებია.
2014 წლის აღწერის თანახმად, განსაკუთრებული ცვლილება სოფლების მოსახლეობამ განიცადა. 22002-თან შედარებით, 2014 წელს სოფლებში მოსახლეობამ 23.7 პროცენტით დაიკლო.
ეს ციფრები ხუთი წლის წინანდელია და კონკრეტულად რამდენი ადამიანი ჩამოვიდა ბოლო წლებში მთიდან ბარში, უცნობია, თუმცა ზოგად ტენდენციაზე მაინც მიუთითებს.
მთიდან ბარში მიგრაცია დღეს არ დაწყებულა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს პროცესი გაიზარდა. მიგრაცია მთიდან ქალაქში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის 60-იანი წლებიდან დროს დაიწყო.
მაშინ აღმოსავლეთ მთიანეთიდან ძირითადად მეტალურგიურ ქალაქ რუსთავში ჩამოდიოდნენ და ქარხნებში იწყებდნენ მუშაობას, დასავლეთ მთიანეთიდან კი – ქუთაისში. 60-იან წლებში პირიქითა ხევსურები ძირითადად სოფელ გამარჯვებაში გადაასახლეს, რუსთავთან ახლოს. თუმცა, შატილში ყვებიან რომ მაშინ ხევსურებმა ბარს ვერ გაუძლეს და დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. ახალი მიგრაცია 90-იანი წლებიდან დაიწყო – ამჯერად უკვე ნებაყოფლობით, მთაში ცხოვრების სირთულის გამო.
მთის კანონი
მთიდან მოსახლეობის მასობრივად გადინების შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წლის ივლისში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი მიიღო.
კანონი მთაში მცხოვრებ ადამიანებს სოციალურ და ეკონოკურ შეღავათებს სთავაზობს.
მაგალითად, ამ კანონის ფარგლებში, ყოველ თვე ერთი წლის განმავლობაში 100 ლარი ჩაერიცხება ოჯახს, სადაც ბავშვი გაჩნდება.
პენსიონერები 20 პროცენტით მაღალ პენსიას და სოციალურ დახმარებას იღებენ. მეტი აქვთ ხელფასი მასწავლებლებსა და მედიკოსებს.
სახელმწიფო ფარავს ელექტროენერგიის გადასახადს.
აქ მცხოვრები მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის შემთხვევაში უფასოდ სწავლობენ.
უფრო იაფია აქ ბიზნესის კეთებაც – აქაური კომპანიები 10 წლით თავისუფლდებიან გადასახადებისგან.
კანონის ინიციატორთა ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ მიგრაციის შედეგად იკარგება უნიკალური ქართული მთის სოფელი და იქაური ტრადიციები. მოუვლელი დარჩება კულტურული მემკვიდრეობა.
ელდარ დაიაური ექვსი წელია ბარიდან თავის მშობლიურ სოფელში, მუცოში დაბრუნდა საცხოვრებლად. ის ამ ისტორიული სოფლის აღდგენით სამუშაოებზეა დასაქმებული. საკუთარ სახლსაც იშენებს – საკუთარი ხელით, წინაპრების მეთოდით – „მშრალი წესით“.
დაიაურს სოფლის ცენტრში შევხვდით. მარტო იჯდა და ხელში ვირგილიუსის თხზულებების წიგნი ეჭირა.
მუცოში ცხოვრების შესახებ მოგვიყვა. გაიხსენა, რომ მის ბავშვობაში აქ 16 კომლი ცხოვრობდა.
დღეს უნიკალურ, შუასაუკუნის ისტორიულ ციხე-სოფელში 4 ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთს ელექტროენერგია არასდროს ჰქონია. დანარჩენებს ძველი ჰიდროელექტროსადგური ამარაგებს. დენი მხოლოდ განათებას ჰყოფნის და იშვიათად ტელევიზორსაც.
„უფასო ელექტროენერგია რად გვინდა, როცა ის თითქმის არ გვაქვს?“ – კითხულობენ მუცოში.
მუცოში თუ ვინმეს გარესამყაროსთან დაკავშირება და ტელეფონზე დარეკვა მოუნდება, 12 კილომეტრი უნდა გაიაროს, სოფელ ანატორთან ჩავიდეს და „იქ უკვე იჭერს“.
ინტერნეტი მუცოში არასდროს არ ჰქონიათ.
როგორ უნდა დაბრუნდეს ხალხი მთაში?
შატილში და მუცოში ამბობენ, რომ მთაში ხალხის შესანარჩუნებლად მთავარია არა უფასო დენი, არამედ, ზოგადად, დენი და სხვა ელემენტარული სერვისები და ინფრასტრუქტურა – გზები, წყალი.
ადგილობრივების თქმით, ეს ყველაფერი მათ ტურისტების მოზიდვაში და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარებათ.
მაღალმთიანი საქართველო ტურისტების საყვარელი მიმართულებაა, სადაც ხშირად ნახავთ ზურგჩანთიან მოგზაურებს ფოტოაპარატით.
შატილში რამდენიმე პატარა საოჯახო სასტუმროც მოქმედებს.
ზაფხულობით აქ ქალაქში საცხოვრებლად გადასულები ბრუნდებიან და ტურისტულ ობიექტებს ამუშავებენ, თუმცა სრული დატვირთვის ტურისტულ ნაკადს აქაურობა ვერ იღებს.
ტურისტებს აფრთხობთ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდი გზა, რომელიც თბილისიდან შატილამდე 140 კილომეტრიან მონაკვეთს სახიფათო მარშრუტად აქცევს.
შატილელები განსაკუთრებული გეგმებით სწორედ გზის შეკეთებას ელიან. წელს პირიქითა ხევსურეთის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
24 წლის შატილელი მინდია ჭინჭარაული, რომელიც ახლა თბილისში სწავლობს, ამბობს, რომ თუ „განვითარების პერსპექტივა“ იქნება, სწავლის დასრულების შემდეგ აუცილებლად შატილში დაბრუნდება და ტურიზმის სფეროში ჩაერთვება.
2 წლის წინ მან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით საოჯახო სასტუმრო გაარემონტა.
„სწორედ ასეთი პროექტები იქნება ახლა ყველაზე დიდი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდებისთვის – ფინანსური პროგრამებით ხელშეწყობა და შეღავათები“, – ამბობს მინდია.
„მთის კანონით“ კმაყოფილია თავად მისი დამნერგავი – მთავრობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში JAMnews-ს უთხრეს, რომ კანონმა საერთო ჯამში „პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე“.
„პრობლემების სრულად აღმოფხვრა ამ დროისათვის ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ აშკარად გაზრდილია, მაგალითად, განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის მომსახურების მიღების შესაძლებლობა,“ – ამბობენ სამინისტროში.
„ზოგადად სახელფასო, საპენსიო დანამატი და შეღავათები მთის მოსახლეობისთვის ძალიან კარგია. მაგრამ ეს ვერ ცვლის ვითარებას მთაში. ვერც ერთ რეგიონს ვერ დავასახელებ, ალბათ, სადაც ამ კანონის ამოქმედებამ რაიმე მნიშვნელოვნად შეცვალა ან ვითარება გამოასწორა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი შოთა ბუჩუკური, რომელიც მთის კანონის მოქმედებას რამდენიმე წელია აკვირდება.
მისივე თქმით, ზოგადად, დემოგრაფიული სურათის ცვლილება ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, 2-3 წელიწადში მთაში მასობრივად ხალხის დაბრუნების ილუზია სპეციალისტებს არც ჰქონიათ.
პრობლემა სხვა რამეშია – კანონის პირველ წლებში, მთავრობა მის მიმდინარეობას და დანახარჯების ეფექტიანობას არ სწავლობს და არ აანალიზებს. არადა, „საჭიროა, ყოველწლიურად კეთდებოდეს ეს შეფასებები სამომავლო გეგმებისთვის“.
მეტიც, საქართველოს მთავრობას ჯერ იმის მონაცემებიც კი არ აქვს, როგორ შეიცვალა მთაში მაცხოვრებელთა რაოდენობა ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ბოლოს, როცა საქართველოში ზოგადად მოსახლეობა დაითვალეს, 2014 წელს იყო. შემდეგი საყოველთაო აღწერა 2022 წელს იგეგმება და რეგიონული განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ მთის კანონის შედეგებსაც ბარემ 3 წლის შემდეგ დაითვლიან.
„ერთადერთი რაც გვაქვს ხოლმე ეს არის ინფორმაცია გარდაცვლლთა და ახალშობილთა რაოდენობის შესახებ მაღალმთიან რეგიონებში“, აღნიშნავს შოთა ბუჩუკური. „ეს მონაცემები რომ შევადაროთ, ნახავთ რომ იმ რეგიონებში გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს ახალშობილთა რაოდენობას. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დემოგრაფიული ვითარება ისევ უარესდება“.
2017 წლის მონაცემებით, მაღალმთიან რეგიონებში 1433 ბავშვი დაიბადა, 1967 ადამიანი კი გარდაიცვალა.