როგორ იქცა ასკილის უალკოჰოლო ლუდის ხარშვის ქისტური ტრადიცია საოჯახო ბიზნესად
ასკილის უალკოჰოლო ლუდი
პანკისში, სოფელ ომალოში მცხოვრები შენგელი ტოხოსაშვილი ასკილის უალკოჰოლო ლუდს აწარმოებს. მალე მისი ლუდი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამოჩნდება.
პანკისში, სადაც დიდი მიგრაციაა, შენგელის იდეამ სხვა ახალგაზრდებსაც გაუჩინა მოტივაცია, შემოსავლის წყარო ადგილზე ეძებონ.
ამ სტატიაში გიყვებით, როგორ აქცია ასკილის უალკოჰოლო ლუდის ხარშვის ტრადიცია შენგელმა საოჯახო ბიზნესად, როგორ ჩართო ამ საქმეში ოჯახის წევრები და როგორი იყო გზა იდეიდან ლუდის ჩამოსხმამდე.
ტოხოსაშვილების ეზო. პანკისი, სოფელი ომალო. ფოტო: ნატალია ნემსაძე/JAMnews
თბილისიდან პანკისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივყვებით. ჯერ ახმეტაში ჩავდივართ.
ახმეტიდან პანკისის სოფელ ომალომდე, სადაც ჩვენი გმირი ცხოვრობს, ექვსი სოფელი უნდა გავიაროთ. სოფლების: მატანი, კუწახტა, საკობიანო, დუისი, დუმასტური და ჯოყოლო “მარშუტკის” ენაწყლიანი მძღოლი მთელი გზა ჰყვება, რომ ქისტებმა საოცარი სტუმარ-მასპინძლობა იციან, “დიდი-პატარის პატივისცემა”.
- შემოწმებულია: ტერორისტები არ არიან. რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან
- პანკისში მშვიდობა აღარ არის
- რატომ მიდიან სირიაში პანკისელი ბიჭები?
შენგელ ტოხოსაშვილს ომალოში ყველა იცნობს, მისი სახლის მიგნება ადვილია. “ქისტური ლუდი – Kist Beer “- შორიდანვე მოჩანს წარწერა შენგელის სახლის ჭიშკარზე.
ეზოს ყველა კუთხეში მზეზე გასაშრობად ასკილია გაშლილი, ლუდის საწარმოდან კი ცხელი ასკილის ოხშივარი გამოჰქრის.
ასკილის უალკოჰოლო ლუდი – ტრადიციული ქისტური სასმელი
ასკილის უალკოჰოლო ლუდი ქისტების ტრადიციული სასმელია. ამ ლუდის მოხარშვა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებმა ქისტებმა საუკუნეების წინ დაიწყეს.
ლუდი ასკილისგან იხარშება. არომატისთვის მას სხვადასხვა ბალახს ურევენ, მათ შორის, სვიას და კუნელს. რადგან მუსლიმები ალკოჰოლს არ სვამენ, ამიტომ, ქისტური ტრადიციით მისი მომზადებისას ალაოს [მცენარე, რომელიც გაღივების პროცესში ალკოჰოლად გარდაიქმნება_Jamnews] არ იყენებენ.
ასკილის ლუდი პანკისში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მასპინძელი გვიყვება, რომ ადრე ლუდს ოჯახებში, ძირითადად დღესასწაულებზე, ცეცხლზე არყის სახდელ ქვაბში ხარშავდნენ. ეს ერთგვარი დღესასწაული იყო.
ლუდს ხარშავდნენ შენგელის ჯერ ბებია, შემდეგ კი დედა. ორივეს თავისი რეცეპტი ჰქონდა.
შენგელის დედამ, მარინე ტოხოსაშვილმა, ლუდის ხარშვა მაშინ დაიწყო, შვილები რომ გაუჩნდა.
“62 წლის ვარ, რაც თავი მახსოვს, ჩვენი ხალხი ამ ლუდს ხარშავდა, საახალწლოდ, სხვა დღესასწაულებზე. ბებიაჩემიც ამზადებდა, ხშირად გვქონდა ოჯახში. ზაფხულში წყალში ვდგამდით ბოთლებს, რომ ცივად შენახულიყო, მაშინ მაცივრები ნაკლებად იყო“.
ტოხოსაშვილები ასკილის ლუდს მთის დეკას ამატებენ. მარინე ამბობს, რომ ეს ლუდს განსხვავებულ გემოს აძლევს.
როდის გაჩნდა იდეა, საოჯახო ტრადიცია ბიზნესად ქცეულიყო
იდეა, საოჯახო ტრადიცია ბიზნესად ექცია, შენგელს 2019 წელს გაუჩნდა, შეხვედრაზე, რომელსაც სოფელ დუისში USAID მართავდა.
ამ შეხვედრაზე შენგელმა გაიგო, რომ არსებობდა პროგრამა, სახელწოდებით “ზრდა”, რომელიც სოფლად მცხოვრებლებს შემოსავლების ზრდაში ეხმარებოდა.
ჩანაფიქრი ჯერ მშობლებს გაუზიარა. მათ იდეა მოეწონათ და დახმარებასაც დაჰპირდნენ.
შენგელმა პროექტი დაწერა, შემდეგ ერთკვირიანი ტრენინგი გაიარა და გაიმარჯვა.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი “ზრდა” იყო ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მიზანი სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა იყო. პროექტი მუშაობდა ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 70 თემში, საქართველოს ექვს რეგიონში: შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, და კახეთი (პანკისის ხეობა).
ახალგაზრდა მეწარმე USAID-მა 3 ათასი ლარით დააფინანსა. ამ თანხით შენგელმა ლუდის მოსახარშად საჭირო პირველი დანადგარი შეიძინა:
“ბევრი ვიფიქრე, ბევრს ვკითხე და მირჩიეს იტალიური ქვაბი მეყიდა ლუდის მოსახარშად. ქვაბი გამოვიწერე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვდა, თან პატარა იყო, ამიტომ გავიყიდე და მაგ თანხით თბილისში 350 ლიტრიანი ქვაბი დავამზადებინე, რომელიც გაზზე მუშაობს. შემდეგ თელავში პლასტმასის ბოთლები ვიყიდე და ასე დავიწყეთ ლუდის ჩამოსხმა”.
მხოლოდ ქვაბი საკმარისი არ იყო. შენგელს საწარმოს აშენება და დამატებით დანადგარების შეძენა სჭირდებოდა. შენგელმა დაფინანსების შესაძლებლობების ძებნა დაიწყო.
2018 წლიდან ახალგაზრდა მეწარმეების დასახმარებლად კიდევ ერთი პროგრამა არსებობდა, “ახალგაზრდა მეწარმე”. პროგრამის ბიუჯეტი 4 110 000 აშშ დოლარი იყო და მისი მიზანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა იყო.
შენგელი ამ პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი გახდა და 21 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება მოიპოვა. ამ თანხით ახალგაზრდა მეწარმემ ის დანადგარები იყიდა, რაც საწარმოს სრულყოფილად ამუშავებისთვის სჭირდებოდა.
შენგელს უკვე თითქმის ყველაფერი ჰქონდა და ეზოში, ბოსტნის ადგილას, იქ სადაც მანამდე ოჯახს ნიორი მოჰყავდა, ლუდის საწარმოს მშენებლობა დაიწყო.
როგორ იქცევა პანკისის მინდვრების ასკილი და კუნელი უალკოჰოლო, არომატულ ლუდად
ტრადიციული ლუდის დასამზადებლად საჭირო მთავარი ინგრედიენტები ასკილი და კუნელი პანკისის მინდვრებში მრავლადაა.
შენგელი იხსენებს, რამდენჯერ უკრეფია ეს მცენარეები ბავშვობაში თავადაც. მაგრამ, მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ ეს მცენარეები საკუთარი ლუდის ჩამოსასხმელად დასჭირდებოდა.
ლუდის ჩამოსასხმელად ახალგაზრდა მეწარმეს ტონობით ასკილი სჭირდება. ამიტომ, ახლა მათ ადგილობრივებისგან ყიდულობს. ამით ის სხვებსაც ეხმარება, საკუთარი, მცირე შემოსავალი გაუჩნდეთ:
“შვიდი-რვა ადამიანი, ყოველდღიურად მინდვრებში დადის და ასკილს კრეფს. ორ-სამ ტომარას როცა აავსებენ, მივდივარ და მომაქვს”.
ასკილი, წითელ ხალიჩებად, ტოხოსაშვილების ეზოს ყველა კუთხეშია გაშლილი. მზეზე გასაშრობად შენგელს ახლა დაახლოებით 250 კილოგრამი ასკილი აქვს გაფენილი.
მზეზე კარგად გამოშრობის შემდეგ, ასკილი საწარმოს პირველ ოთახში ხვდება. აქ ლუდის მოსახარში დიდი ქვაბი დგას. სამი-ოთხი საათის განმავლობაში უზარმაზარ ქვაბში ასკილი, შავ კუნელი და სვია იხარშება.
შემდეგ ეტაპზე ლუდი მეორე ოთახში მოწყობილ საფერმენტაციო ჭურჭელში გადააქვთ. აქ სასმელი ყველაზე დიდხანს, დაახლოებით ექვსი დღის განმავლობაში ყოვნდება, რომ გაიფილტროს.
ამის შემდეგ ლუდი სამაცივრე ოთახში გადააქვთ, გასაცივებლად. ბოლოს კი ბოთლებში ისხმება, თავსახურებით იბეჭდება და ეტიკეტები უკეთდება.
ჯამში, სასმლის დამზადებას12-14 დღე სჭირდება.
შენგელს სურს, რომ ლუდის შეძენისას ხალხი ქისტურ ტრადიციასაც გაეცნოს. სწორედ ამიტომ შეურჩია სახელად – “ქისტური”, ეტიკეტზე კი მოცეკვავე, რომელიც ტრადიციულ ცეკვას ასრულებს.
იდეის გაჩენიდან ერთ წელიწადში, 2020 წელს, შენგელმა საკუთარ საწარმოში “ქისტურის” პირველი ნაკადი ჩამოასხა.
სერვისები ტურისტებისთვის
მას შემდეგ, რაც საწარმო გამართა, შენგელს ახალი იდეა გაუჩნდა. ახლა პანკისის ხეობაში ჩამოსულ ტურისტებს საწარმოს ტურს სთავაზობს და იქვე უმასპინძლდება ტრადიციული ქისტური ლუდითა და საჭმლით.
“ტურისტები რომ მოდიან და სინჯავენ, Good! Good! -ო გაიძახიან”, – ამბობს შენგელის დედა.
ტურისთვის საჭირო ინვენტარი, ღუმელი კერძების მოსამზადებლად და ეზოს ავეჯიც USAID-ის პროექტის ფარგლებში დაუფინანსდა.
ტოხოსაშვილები სტუმრებს ახლაც ელოდებიან. მარინე სადილებს ამზადებს.
შენგელის დედა სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ამიტომ, შვილს, საოჯახო ბიზნესის მართვაში, სკოლის შემდეგ ეხმარება.
სირთულეები
ახალგაზრდა შენგელს ბიზნესის მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ, ამბობს, რომ ამ გზაზე სირთულეები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ, არა გადაულახავი.
“არ არის საქართველოში დარჩენილი მცირე საწარმო, სადაც მე არ ვყოფილვარ ერთხელ მაინც.დღესაც ვურეკავ ხოლმე მათ, ვინც ეს საქმე იცის, ვეკითხები როგორ უნდა გადავჭრა ესა თუ ის პრობლემა”.
შენგელი იხსენებს, რომ 2017 წელს შენგელი სხვა პანკისელ ახალგაზრდასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერობის პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. მაშინ ამერიკის ხუთ შტატში ოცი დღე გაატარა:
“იქ დავრწმუნდი, რომ თუ სწორად გათვლიდი საქმეს, ჩვენთანაც შეიძლებოდა თანხის გამომუშავება და კარგი საქმის კეთება. ადგე და სხვა ქვეყანაში წახვიდე, ჩემი აზრით, მთლად გამართლებული არ არის. ადგილზეც შეიძლება ადამიანმა საქმე გამონახოს და ის აკეთოს”.
როგორ გახდა შენგელი ტოხოსაშვილი მაგალითი სხვებისთვის
შენგელი პროფესიით იურისტია. შვიდი წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობდა. ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა. პროექტი წელს დამთავრდა:
“ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და საშუალება მომეცა მთლიანად ამ საქმეზე გადმოვერთო”.
პანკისის ხეობას, ისევე როგორც საქართველოს სხვა მხარეებს, ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს.
“გზის პრობლემა ჯერ კიდევ გვაქვს, წყლის გასაკეთებლად თვითმმართველობამ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, თუმცა ბოლომდე გაკეთებული არ არის. ელექტროენერგია ხეობაში სუსტია, ზაფხულში ამის გამო ძალიან მიჭირდა. გარკვეული თანხის სანაცვლოდ სამი ფაზის შემოყვანას და დენის გაძლიერებას ვცდილობდი, მაგრამ არ გამოვიდა. დაგვპირდნენ, რომ სამომავლოდ უფრო მაღალი ძაბვა იქნება და ვნახოთ”.
პრობლემა მხოლოდ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემები არ არის. პანკისელი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი აქ ვერ ხედავენ პერსპექტივას, არ არის სამუშაო ადგილები, სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი საქმის წამოწყებაში ეხმარება, ნაკლებია და იქ მოხვედრა, არც ისე ადვილია, პანკისს ბევრი სტერეოტიპულადაც უყურებს და მათ ამ დამოკიდებულების წინაშეც დიდი ბრძოლა უწევთ.
ამ გზის გავლა ყველას არ სურს და ამიტომ, პანკისიდან ძალიან დიდია ახალგაზრდების მიგრაცია.
“მათ სჭირდებათ მაგალითები, რომ საკუთარი საქმის წამოწყება, აქაც შეიძლება. ეს დიდი შრომაა, მაგრამ, შედეგს აღწევ”, – ამბობს შენგელი.
მისივე თქმით, მისი ბიზნესი ხეობაში სხვა ახალგაზრდებისთვის მოტივაცია აღმოჩნდა. რამდენიმეს ბიზნეს გეგმის დაწერაშიც დაეხმარა, ზოგმა უკვე დაფინანსებაც მოიპოვა.
ქისტური ლუდის პოპულარიზაცია
შენგელის თქმით, პანკისში ალკოჰოლს მაღაზიებში გასაყიდადაც კი იშვიათად შეხვდებით. შესაბამისად, უალკოჰოლო ლუდი იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ახლად ჩამოსხმული ლუდის საყიდლად შენგელის საწარმოს მეზობელი სოფლების ახალგაზრდები ყოველდღიურად სტუმრობენ. “ქისტური” ლუდი უკვე იყიდება თემში არსებულ საოჯახო სასტუმროებსა და მაღაზიებშიც.
“თავიდან, პლასტმასის ბოთლებს ხელით ვაკრავდი ეტიკეტებს. თვეში სადღაც 100-150 ლიტრი რომ გაგვეყიდა, ესეც კი ძალიან სასიხარული იყო. ახლა ყოველთვიურად 3000 ლიტრს ვყიდით”.
ქისტური ლუდის პოპულარიზებისთვის შენგელი და მისი ოჯახის წევრები ხშირად მონაწილეობენ გამოფენებში.
სექტემბრის ბოლო კვირა განსაკუთრებით დატვირთული იყო, დედა სახლში სტუმრებს მასპინძლობდა, მამას ლუდი საწარმოების გამოფენაზე ჰქონდა, შენგელი კი თბილისობის სტუმრებს აცნობდა ქისტურ ლუდს:
“თავიდან ხალხს ჰგონია, რომ ჩვეულებრივი ლუდის გემო ექნება, როცა სინჯავენ და ხვდებიან, რომ განსხვავებული და არომატულია, ძალიან მოსწონთ”.
სამომავლოდ შენგელს ლუდის არომატების გამრავალფეროვნება აქვს გეგმაში. უნდა, რომ ასკილს შავი ქლიავისა და ვაშლის ჩირის გემოები დაუმატოს.
შენგელის გეგმები მთლიანად პანკისს უკავშირდება. უცხოეთში წასვლას არც კი განიხილავს, თუ წავა, მხოლოდ სასწავლებლად:
“ახალი გამოცდილების მისაღებად, რომ მიღებული ცოდნა აქ გამოვიყენო. სულ რომ ავდგე და წავიდე, ამას არ ვფიქრობ”.
მომავალში ტოხოსაშვილები ლუდის საწარმოს გაფართოებას გეგმავენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, პირველ ეტაპზე, მინიმუმ ორი ადამიანი დაასაქმონ.
უფრო ამბიციური გეგმა, ასკილის ლუდის ევროპის ბაზარზე გატანაა. ამისთვის შენგელს საწარმოში დამატებითი დანადგარები სჭირდება და სახსრების მოსაძიებლად, უკვე დაწყებული აქვს მზადება ახალ საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის.
მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში” ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის პოზიციას.
ასკილის უალკოჰოლო ლუდი