ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრა. რა ვიცით
26 სექტემბერს გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. 2008 წლის ომისა და ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, ეს რუსეთის და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა პირველი შეხვედრაა.
ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი? ორი განსხვავებული ვერსია
ნიუ-იორკში გამგზავრებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გაკეთებულა განცხადება დავით ზალკალიანის რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრის შესახებ.
• ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა მედიამ გაავრცელეს.
მწირი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ამ შეხვედრის დასრულების შემდეგაც. არ არსებობს ერთად გადაღებული ოფიციალური ფოტოც.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ახალი ამბების განყოფილებაში დავით ზალკალიანის მიერ ნიუ-იორკში გამართული შეხვედრების შესახებ ყველა ინფორმაციას ახლავს ფოტო, გარდა ლავროვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციისა.
როგორც ქართული მხარე აცხადებს, შეხვედრა შვეიცარიელი პარტნიორების ინიციატივით შედგა [საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, მოსკოვში საქართველოს ინტერესებს, ხოლო თბილისში რუსეთის ინტერესებს შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს_JAMnews].
ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანმა ნიუ-იორკში ყოფნისას გააკეთა. ზალკალიანი აცხადებს, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრა ქართულმა მხარემ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ „პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.
განსხვავებული ვერსია აქვს რუსულ მხარეს. ხელისუფლებასთან დაახლოებული რუსული გაზეთი “კომერსანტი” რუსეთის საგარეო უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა არა შვეიცარიის, არამედ ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
“კომერსანტი”შეხვედრის სხვა დეტალებსაც აღწერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზალკალიანმა და ლავროვმა ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს.
შეხვედრა არ ჩატარებულა გაეროს შენობაში რუსული დელეგაციისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში, სადაც ლავროვი, როგორც წესი, ხვდება სხვადასხვა დელეგაციებს. საუბარი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, გაეროს სამდივნოების ნაწილში შედგა.
“ქართული მხარე მიიჩნევდა, რომ შიდაპოლიტიკური მოსაზრებების გამო რუსეთთან პირდაპირ საუბარი უხერხულია. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც ორმხრივი გამოდგა,” – წერს “კომერსანტი”.
მოლაპარაკებებში მონაწილე რუსი დიპლომატი ამ გამოცემას უყვება, რომ თავდაპირველად, მოსალაპარაკებელ ოთახში ლავროვს და ზალკალიანს გაეროში შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენელი იურგ ლაუბერი შეხვდა, თუმცა შვეიცარიელმა დიპლომატმა ოთახი რამდენიმე წუთში დატოვა.
“ის დახვდა მინისტრებს, მიესალმა და მაგიდაზე დალაგებულ შვეიცარიულ შოკოლადზე დაპატიჟა. შემდეგ მან აღნიშნა, რომ ამით მისი, როგორც შუამავლის ფუნქცია ამოწურულია და მოლაპარაკებების ოთახიდან გავიდა,” – უყვება “კომერსანტს” წყარო.
რუსული გამოცემა ასკვნის, რომ ეს შეხვედრა რუსულ-ქართული ურთიერთობების დრამატულად გადატვირთვა თუ არა, დათბობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამას ლავროვის მიერ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადება მოწმობს.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა გადახედოს ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად რუსი დეპუტატი-კომუნისტი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა.
საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა – იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა.
ამ ფაქტს, 20 ივნისს თბილისში პარლამენტის შენობასთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა. გავრილოვის გამო აგორებული საპროტესტო გამოსვლები სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა.
ივნისშივე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა რუს ტურისტებს თავი შეეკავებინათ საქართველოში ვიზიტისგან “ანტი-რუსული ისტერიის” ფონზე არსებული საფრთხის გამო.
რაზე ისაუბრეს ორმხრივ შეხვედრაზე?
შეხვედრიდან რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა დავით ზალკალიანის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ლავროვთან საუბრის მთავარი თემა „დეოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია“ იყო:
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია. ასევე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებთან და იქ საქართველოს პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებაში რუსეთის დამოკიდებულებასთან“, — ამბობს პრესსამსახურის გავრცელებულ ვიდეოში ზალკალიანი.
კომენტარში ზალკალიანი არ საუბრობს იმაზე, თუ რა პასუხები მიიღო რუსი კოლეგისგან. ამ ეტაპზე უცნობია ისიც, იყო ეს ერთჯერადი შეხვედრა, თუ შესაძლოა, ზალკალიანი და ლავროვი კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს.
სპეციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:
“განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოხმაურება თბილისში, მოსკოვსა და ბრიუსელში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ “ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას”.
მან რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა საერთაშორისო, დასავლელ პარტნიორებთან “სრულ სინქრონში” შედგა.
ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრას.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში იყო“. მისივე თქმით, ომი გამოსავალი არ არის.
„ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი, არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, რათა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ერთიანობისთვის ჩავყაროთ საფუძველი,”- განაცხადა გახარიამ.
ოპოზიციის ნაწილი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს. ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დავით ზალკალიანი პარლამენტში უნდა მივიდეს და ვრცლად ისაუბროს ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე, ამ შეხვედრის შინაარსსა და მის მიზანშეწონილობაზე.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო ეს შეხვედრა ჩაეტარებინა, რათა საოკუპაციო ხაზთან არსებული დაძაბული ვითარება განემუხტა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვერ მოაგვარებს, თუმცა ისეთი ვიწრო საკითხები, როგორიცაა მაგალითად, ჩორჩანაში საგუშაგოების განთავსებისა და მავთულხლართების გავლების საკითხი, მსგავსი შეხვედრებით მოგვარებადია.
„აშკარაა, რომ სხვა გზა არ იყო… შეხვედრა უნდა გამართულიყო, რადგან საგუშაგოების დადგმის გამო, ესკალაციის სერიოზული საფრთხეა. თუ განიმუხტება სიტუაცია გამყოფ ხაზთან და თუ შეწყდება დაძაბულობა ამ საგუშაგოების გამო, ე.ი. დავინახავთ, რომ ამ შეხვედრას აზრი ჰქონია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორც პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, იგი ვერ ხედავს საფრთხეს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთთან ურთიერთობები ორმხრივ ფორმატში გადავიდეს, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს.
„მე არ მგონია, რომ შემდეგშიც იყოს ორმხრივი შეხვედრები მინისტრების დონეზე. ეს იოლი არ იქნება, რადგან ამისთვის ოპოზიცია ზალკალიანს და „ქართულ ოცნებას“ შავ დღეს მოუწყობს, ამიტომაც იტყვის უარს შეხვედრებზე ხელისუფლება, რადგან სკანდალი საარჩევნო წელს არ სჭირდება,“- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი სავარაუდოდ, ურთიერთობების გამოსწორება იყო და თუ მხარეებმა დეესკალაციაზე ისაუბრეს, ეს ალბათ მოხდება.
“რას ვკარგავთ ამ შეხვედრით? „ბორდერიზაცია“ თუ შევაჩერეთ, უკვე ხეირია”,- აღნიშნა შარაშენიძემ.
ლავროვის და ზალკალიანის შეხვედრას დადებითი შეფასება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი ამ შეხვედრას “რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან შესაძლებლობას” უწოდებს და აცხადებს, რომ “ყველა აქტორი კონსტრუქციულად უნდა იყოს ჩართული საუბარში, რათა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეს”.
„შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა განეხილათ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, შეესუსტებინათ დაძაბულობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, და მიექციათ ყურადღება ამ დაძაბულობის მოქალაქეებზე გავლენაზე. დიალოგი არის დავის მშვიდობიანად მოგვარების გასაღები, რასაც ევროკავშირი სრულიად უჭერს მხარს“, — წერია 26 სექტემბრის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.