ვენეციის კომისია სასამართლო რეფორმაზე: წინა რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა
ვენეციის კომისია სასამართლო რეფორმაზე
ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ახალ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აქამდე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის.
ვენეციის კომისიის განმარტებით:
● კომისიას სურს ხაზი გაუსვას პირველი საკვანძო რეკომენდაციის პრიორიტეტს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას. ანალოგიური მოთხოვნა დააწესა ევროკავშირის კომისიამ თავის დასკვნაში საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებასთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული 2023 წლის ივნისის ცვლილებებში და არც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებში.
● იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაკეთილსინდისიერების შესახებ მუდმივი ბრალდებების ეფექტურად განხილვას, მისი უფლებამოსილებების, ფუნქციების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და წევრთა არჩევის წესის გადახედვას.
● კანონში შეტანილი მცირე ან ტექნიკური ცვლილებები არ დააკმაყოფილებს ამ რეკომენდაციას. რეფორმის პროცესი უნდა იყოს საფუძვლიანი და ინკლუზიური, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით.
● მეორე ძირითადი რეკომენდაცია შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვას მოსამართლეთა გადაყვანის ან სხვა სასამართლოში მივლინებისას – ეს რეკომენდაციაც რჩება უცვლელი.
● მესამე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვა. კომისია მიესალმება შესაბამის ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებულია.
● მეოთხე ძირითადი რეკომენდაცია იყო მოსამართლის მიერ “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის” პრინციპის დარღვევის გამო მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების შეზღუდვა. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა. თუმცა, 2023 წლის სექტემბრის ცვლილებების პროექტში შეტანილი წინადადებების მიღების შემთხვევაში, ამ რეკომენდაციების საკმარისად შესატყვისი იქნება.
● მეხუთე ძირითადი რეკომენდაცია ეხებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათის გაძლიერებას. ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულდა და შემდგომი შესწორება შეიძლება განხორციელდეს, რათა ცალსახად ითვალისწინებდეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც გასაჩივრების შემდეგ მიიღეს.
“კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, მიყვეს რეფორმის სტრატეგიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე”. – აღნიშნავს ვენეციის კომისია თავის მოსაზრებაში.
● როგორ მივიდა საქართველოს სასამართლო სისტემა დასავლურ სანქციებამდე
● შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, მოუხსნან სანქციები ქართველ მოსამართლეებს
● ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სასამართლოთი და ყველა მოსამართლით ვამაყობ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ
იურისტის განმარტება
გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი: “ვენეციის კომისიამ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება გამოაქვეყნა , სადაც შეჯამებულია ქართულ მართლმსაჯულებაში ბოლო ერთ წელში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
სანამ უშუალოდ შეფასების შინაარსზე გადავალ, ზოგადად ვიტყვი, რომ კომისიის “ენა” და გამოყენებული ტერმინოლოგია სულ უფრო კრიტიკული და მკაფიო ხდება, რაც ორმაგი ინტერპრეტაციის, ან ტექსტის არაკეთილსინდისიერად წაკითხვის სივრცეს მინიმუმამდე ამცირებს.
რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს – ვენეციის კომისია ფაქტობრივად ყველა იმ კრიტიკას იზიარებს, რასაც წლებია სამოქალაქო ორგანიზაციები ვაჟღერებთ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ არც ერთი საკანონმდებლო პაკეტი მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. კომისია გამოყოფს ძირითად მიმართულებებს, რომლებიც საბჭოს რეფორმის ფარგლებში უნდა დაიფაროს:
1) გადაწყვეტილების მიღების მაღალი კვორუმი (ორმაგი 2/3);
2) საბჭოს ძალაუფლების დეკონცენტრაცია;
3) საბჭოს დაკომპლექტება გამჭვირვალე, სამართლიანი და პროფესიულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროცესით. საბჭოს სწორად დაკომპლექტების მიზნით, კომისია ერთ-ერთ გამოსავლად ვეტინგის მექანიზმსაც მიიჩნევს. რეალურად ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვეტინგის საჭიროებაზე მითითება გაკეთდა საქართველოს კონტექსტში და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაბალია საბჭოს არსებული შემადგენლობის და ზოგადად, მისი დაკომპლექტების წესის მიმართ ნდობა.
დასკვნაში სხვა საკითხებზეც არის გამახვილებული ყურადღება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ დოკუმენტის ენაა. იმდენად ნიუანსირებული და კრიტიკულია ეს შეფასება, რომ მე ჩვენი კანონმდებლების ადგილას მართლა შემრცხვებოდა იმ განცხადებების, სადაც გვაჯერებდნენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა, რომ მართლმსაჯულებაში ყველაფერი კარგადაა და ახლა მხოლოდ “ბონუს რეფორმებიღა” დარჩა გასატარებელი.“