სომხეთი: ამულსარის საბადოს დამუშავების აკრძალვის საფუძველი არ არსებობს
ამულსარის ოქროს საბადოს დამუშავების ასაკრძალად მოცემულ მომენტში სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში სომხეთის საგამოძიებო ბიურომ გამოაქვეყნა კომპლექსური ექსპერტიზის შედეგები იმის შესახებ, რომ საბადოს დამუშავება გარემოს ზიანს არ მიაყენებდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი საათზე მეტ ხანს გამოდიოდა სიტყვით, და ირწმუნებოდა, რომ ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია სომხეთისთვის უპრეცედენტო სტანდარტებით მოხდებოდა.
მაგრამ ეკოლოგები და ახლო-მახლო დასახლებების მაცხოვრებლები საბადოს ექსპლუატაციაზე უარის თქმას აგრძელებდნენ. საქმე ისაა, რომ ოქროს მოსაპოვებლად აქ წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ნატრიუმის ციანიდს გამოიყენებენ. დამუშავების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ საქმეს აშკარად პოლიტიკური კონტექსტი აქვს. ისინი ვარაუდობენ, რომ მთავრობა ეკოლოგიურ პრობლემებზე თვალს ხუჭავს, რათა თავიდან აიცილოს სასამართლო გარჩევები იმ კომპანიასთან, რომელმაც საბადოს დამუშავების უფლება მიიღო.
9 სექტემბერს პრემიერმა სომხეთის ამ რეგიონის მაცხოვრებლებს კვლავ სიმშვიდისკენ მოუწოდა. ის ყველა მათგანს, კერძოდ კი საკურორტო ქალაქ ჯერმუკის მაცხოვრებლებს, სთხოვდა, რომ ამულსარისკენ მიმავალი გზები განებლოკათ. მან თავისი პოზიცია ასე განმარტა: კომპანია „ლიდიანი,“ რომელმაც ამ საბადოს დამუშავების ლიცენზია მიიღო, სამშენებლო სამუშაოებს არაუადრეს 2020 წლის აპრილში განაახლებს, და საბადოს ტერიტორიისკენ მიმავალი გზის გადაკეტვის აუცილებლობა არ არის. ხოლო საკუთრივ საბადოს ექსპლუატაცია, შესაძლოა, მხოლოდ 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში დაიწყოს.
ამავდროულად, კომპანია „ლიდიანისთვის საბადოს დამუშავების ლიცენზიის გადაცემით ქვეყანამ ვალდებულება აიღო, და ახლა, მისი არშესრულებით ავტორიტეტი შეელახება.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ადამიანებს გასაპროტესტებელი არაფერი აქვთ, რადგან მისი მთავრობა არანაირ კორუფციულ გარიგებაზე არ მიდის და მას თავისი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მომავალი აღელვებს.
• კომენტარი: „სიყვარული ვისდამი?“, „სოლიდარობა ვის მიმართ?“ სომხეთში ოქროს შესახებ
რა თქვა კიდევ პრემიერმა
მთავარი აზრი იქამდე დადიოდა, რომ მთავრობას ამულსარის საბადოს დამუშავების აკრძალვა არ შეუძლია.
„მაგრამ ამასთანავე არ შეგვიძლია საზოგადოების შეშფოთება არ გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერის თქმით, ამასთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამულსარის საბადოს ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სამუშაოს სისტემატური მონიტორინგი გაუწიოს. ამისთვის გარემოს სამინისტრო 2020 წლის მაისისთვის აპირებს შეიძინოს შესაბამისი აღჭურვილობა, რომელიც საბადოს ექსპლუატაციის დროს არსებულ დარღვევებს გამოავლენს. და რადგანაც კომპანია „ლიდიანი“ იქამდე საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოებს არ გააგრძელებს, მთავრობას აჩქარება არ სჭირდება.
ფაშინიანი კომპანია „Lydian Armenia“-ს წარმომადგენლებთან ბოლოს, 6 სექტემბერს გამართული შეხვედრის ზოგ წვრილმანს მოჰყვა
მისი თქმით, კომპანიამ საბადოს ასპროცენტიანი უსაფრთხო ექსპლუატაციის ვალდებულება აიღო:
„ეს იმას ნიშნავს, რომ მდინარეებში არც ერთი ლიტრი დაბინძურებული წყალი არ მოხვდება, ჰაერი არ დაბინძურდება, გრუნტის წყლები არ დაბინძურდება, ბიომრავალფეროვნებას პრობლემები არ შეექმნება. კომპანიის წარმომადგენლები დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ეკოსფეროში არავითარი ნეგატიური ცვლილებები არ იქნება“.
და ყველაზე მთავარი: რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საბადო 90 დღის განმავლობაში დაიკეტება.
რა შესთავაზა ფაშინიანმა
სომხეთის პრემიერმა შესთავაზა რიგი წინადადებები, რათა შექმნილი სიტუაცია რაიმენაირად გადაწყდეს.
დასაწყისისთვის მან ჯერმუკის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესთავაზა, რომ ამულსარისკენ მიმავალი გზები განბლოკონ. მათ ეს გზები 2018 წლის რევოლუციის შემდეგ გადაკეტეს, და იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება მათ მხარს დაუჭერდა, და საბადოს დამუშავებას აკრძალავდა.
„ჯერმუკის მაცხოვრებლებს ოფიციალურად ვთხოვ, რომ საბადოსკენ მიმავალი გზები გახსნან. ვიმეორებ, გთხოვთ გზები გახსნათ“, – ეს ფრაზა პრემიერის პირდაპირ მიმართვაში რამდენჯერმე გაისმა.
შემდეგ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საინსპექციო ორგანოს დავალებული აქვს, დაიწყოს შემოწმება ამულსარზე რიგ ისეთ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც საბადოს უსაფრთხოების თაობაზე კომპლექსური ექსპერტიზის ჩამტარებელ კომპანია ELARD-თან ერთად ახლახან გამართულ პრე-კონფერენციაზე გაისმა:
„ჩამოყალიბდა ახალი საგამოძიებო სამსახური, რომელიც არამხოლოდ არსებულ ფაქტებს გადაამოწმებს, არამედ ახლებსაც გამოიძიებს“.
• სომხეთში ოქროს საბადოიანი მთის ბედს ვერ წყვეტენ. კურიოზი ამულსარის ექსპერტიზის ირგვლივ
როგორ რეაქცია ჰქონდათ ეკოლოგებს
ეკოლოგებისა და მოძრაობა Save Amulsar-ის აქტივისტებისთვის ფაშინიანის არგუმენტები დამაჯერებელი ისევ არ აღმოჩნდა.
ეკოლოგმა შირაკ ბუნიათიანმა ამულსარის საბადოს შესაძლო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უკვე უპასუხა.
Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა , რომ ამულსარისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ორ შემთხვევაში გაიხსნება:
• ან მთავრობა სომეხი ხალხის ურყევ გადაწყვეტილებას მიირებს [საუბარია იმაზე, რომ საბადოს ექსპლუატაცია არ მოხდება – JAMnews],
• ან ხელისუფლება თავისი წინამორბედების მეთოდებს გამოიყენებს [იგულისხმება ძალის გამოყენება – JAMnews].
„მაგრამ თუკი ყოფილების ამ მავნე პრაქტიკას მიმართავენ, ისინი რევოლუციის რეიტინგს მოკლავენ. ამულსარი ჩვენი სამშობლოა, და წერტილი“, – წერს ბუნიათიანი.
მთავრობის წევრების რეაქცია
ფაშინიანის განცხადებებს სომხეთის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადმიანმა, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა გაგიკ ცარუკიანმა ერთ-ერთმა პირველმა უპასუხა.
მისი თქმით, ამულსარის საბადოს ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მეტიც, ის მზადაა, რომ საბადოს ექსპლუატაციის საწინააღმდეგო აქციაზე გავიდეს და ხალხს შეუერთდეს:
„საჭიროა ხალხისთვის ყურის დაგდება. თუკი მისი თანხმობა იქნება, საბადოს გახსნა, და თუ ეს თანხმობა არ იქნება – ნუ დაამუშავებენ. იქ ხალხი ცხოვრობს და იცხოვრებს. როგორ შეიძლება მისი აზრის არგათვალისწინება?“
მმართველი საპარლამანტო ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატი, ეკონომიკური საკითხების კომისიის ხელმძღვანელი ბაბკენ ტუნიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ მოცემულ მომენტში ამულსარის საბადოს დამუშავების ასაკრძალად არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს:
„მოცემულ მომენტში ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული: არ არის საჭირო საბადოს სამშენებლო სამუშაებისთვის ხელის შეშლა. მე თავიდანვე ამ თვალსაზრისს ვიზიარებდი… თუკი წლის განმავლობაში გაჩნდება ისეთი დამატებითი საფუძვლები, რომლებიც საბადოს დამუშავების შეწყვეტის მიზეზს მოგვცემს, მაშინ გარკვეული ზომების მიღება მოხდება“.
რას წერენ სოციალური ქსელებში
ამულსარის საბადოს დამუშავების თემა Facebook-ის სომხურ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე მეტად სამსჯელო საკითხი აღმოჩნდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ორ ბანაკად დაიყვნენ: ერთ-ერთი მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამულსარის საბადოს დამუშავებას, მეორე ნაწილი კი სრულად ენდობა ფაშინიანის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ „მან უკეთ იცის“.
აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„ჩვენს პრემიერ-მინისტრს ვენდობით!“
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ჩვენი ქვეყნის ლიდრი ხართ, და ჩვენ თქვენი ხალხი ვართ, უპირობოდ გენდობით!“
„პროტესტს გავაგრძელებთ და ბოლომდე მივიყვანთ! თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ფასად!“
„შეწყვიტეთ ეს თქვენი მანიპულაციები! ტურიზმის სფერომ, შესაძლოა, ბევრად მეტი ფული მოგვიტანოს, ვიდრე „ლიდიანისგან“ მიღებული ეს 10%-ია!“
„მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამის წინააღმდეგია!“
„ანუ რევოლუციის მეორე სტადიაში ასე შევდივართ?“
საბადოს შესახებ
ამულსარის საბადო სომხეთში, სიდიდის მიხედვით, რიგით მეორე ოქროს საბადოს წარმოადგენს. საბადო დაახლოებით 31 ტონა მადანსა და 40 ტონა სუფთა ოქროს შეიცავს.
„LydianArmenia“ -მ ოქროს საბადო 2005 წელს აღმოაჩინა. 2012 წლამდე კომპანია ინვესტორებს ეძებდა და საბადოს გადამუშავების პროგრამას ადგენდა. იმავე 2012 წელს „LydianArmenia“-მ და სომხეთის ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს საბადოს დამუშავების შესახებ ხელშეკრულებას, კომპანიამ საბადოს ექსპლუატაციის უფლება მიიღო.
საბადოს დამუშავების საწინააღმდეგო პროტესტები იქამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ამ პროტესტებში მიმდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლები და ეკოლოგები მონაწილეობდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ოქროს მოპოვებამ, შესაძლოა, ქალქ ჯერმუკის, სევანის ტბის და ზოგიერთი მდინარის ეკოლოგიაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. მაშინ გაჩნდა ასევე ინიციატივა „ჯერმუკი საბადო არ გახდება“. ის აცხადებდა:
„ჯერმუკისა და ჯერმუკის ახალგაზრდობის მომავლის გაფუჭების უფლებას არ მოგცემთ“.
2010 წელს უკვე საბადოს დამუშავების საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აქტივისტებმა არაერთხელ გადაკეტეს საბადოსთან მისასვლელი გზები და მძიმე ტექნიკის მუშაობას ხელს უშლიდნენ. 2018 წელს კი მათ ოქროს მოპოვების შეჩერებას მიაღწიეს.
იმავე წელს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გარემოსთვის ზიანის მიყენების ეჭვით საქმე აღძრა. კითხვებზე პასუხები საერთაშორისო ექსპერტიზას უნდა გაეცა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მანამდე აცხადებდა, რომ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია გაგრძელდება:
„თუკი დასაბუთდება, რომ ექსპლუატაცია სევანისა და ჯერმუკის წლის სისტემისთვის უსფრთხოა, პროექტი განხორციელდება. თუმცა, თუკი საფრთხე არსებობს, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად ყველაფრისა, მისი ექსპლუატაციის ნებართვას ვერ გავცემ“.
საბოლოოდ ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ საბადოს დამუშავება „უმართავ რისკებს“ არ შეიცავს.
რატომ არის ამულსარის საბადო ასეთი მნიშვნელოვანი
ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის უფლება მიიღო კომპანია „ Lydian“-მა, რომლის საინვესტიციო პაკეტი დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი აღმოჩნდა. სრუქტურა 325 მილიონი დოლარის ოდენობის ციფრს აანონსებდა. ვარაუდობდნენ, რომ საწყის ეტაპზე, ანუ სამშენებლო სამუშაოებში 1300 ადამიანი ჩერთვებოდა, ხოლო ექსპლუატაციის სტადიაზე – 770 ადამიანი.
კომპანიის გამოთვლებით, საბადოს დამუშავებამ სომხეთის მშპ-ს წლიური ზრდის 1.4% ან 185 მილიონი აშშ დოლარი უნდა უზრუნველყოს. კომპანია „Lydian“, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადით, სომხეთის ყველაზე მსხვილ გადამხდელთა ხუთეულში მოხვედრას ვარაუდობს. ხოლო, წინასწარი გამოთვლებით, ექსპორტის მაჩვენებლები, შესაძლებელია, წელიწადში 286 დოლარამდეც გაიზარდოს.