„რატომ გაინტერესებთ ეს ჩვეულებრივი სახლი?“ - ფოტოისტორია აფხაზეთიდან
სოხუმი, აფხაზეთის დედაქალაქი, ზაფხულში საკმაოდ გვიან იღვიძებს.
ძალიან ადრე დილაც არ იყო, მაგრამ ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე მუშა იყო, რომლებმაც ტროტუარის შეკეთება დაიწყეს. გარეგნულად ისინი ადგილობრივებს არ ჰგავდნენ.
შემდეგ ადგილობრივიც გამოჩნდა. ცარიელი ქუჩა გაიარა და საფუნთუშეში შევიდა.
ბაზართან ახლოს, ქალაქის ძველ ნაწილში ასეთი ადრეული მყიდველები უკვე უფრო მეტნი იყვნენ.
„რატომ გაინტერესებთ ასე ეს სახლი?“ - ეჭვით მკითხა ხანშიშესულმა მამაკაცმა, რომელიც ბარის შესასვლელთან ეწეოდა. რაღაც უცნაურობით, ბარი უკვე გახსნილი იყო.
ძველ სანაპიროზე, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ტყვეები აშენებდნენ, დილით ადრე გამყიდველები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მყიდველები.
სოხუმი საბჭოთა კავშირის მცხოვრებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი იყო. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იანების დასაწყისში ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, აქ ნამდვილი ეკონომიკური კოლაფსი მოხდა. და ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესღაც ამ ქალაქს „საბჭოთა კურორტების გვირგვინის მარგალიტს“ ეძახდნენ.
აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის უფრო პოპულარული 2014 წლის შემდეგ გახდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და ამის შემდეგ ომმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში, მკვეთრად გააუარესა რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან. რუსებისთვის ეს დასასვენებელი ადგილის შეცვლას ნიშნავდა და ბევრი წავიდა აფხაზეთსა და ყირიმში.
რუსი ტურისტებისთვის პლუსი არის ისიც, რომ მათ აფხაზეთში ჩასასვლელად არა მხოლოდ ვიზები, არამედ საზღვარგარეთის პასპორტებიც არ სჭირდებათ. მატარებელი, რომელსაც ხუთი საათი სჭირდება სოჭიდან სოხუმამდე ჩასასვლელად - დამატებითი არგუმენტია ბევრი რუსისათვის არჩევანის აფხაზეთზე გასაკეთებლად.
ახალი სტატისტიკის მოძიება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ, როგორც „გარდიანმა“ შეაჯამა, 2017 წელს რუსეთიდან აფხაზეთში 1.67 მილიონი ტურისტი ჩავიდა - იმ დროს, როდესაც 10 წლით ადრე, 2007 წელს, აფხაზეთში მხოლოდ 92 ათასი რუსი ტურისტი ჩავიდა. თუმცა, სიმართლე ითქვას, ამ ციფრებს არცთუ ისე ავსებს პლაჟის ხედი, რომელიც თითქმის ცარიელია ტურისტული სეზონის ეპიცენტრში.
„რუსეთიდან ჩვენთან ძირითადად ჩამოდიან ერთი, მაქსიმუმ ორი დღით და უმეტესობა იმისათვის, რომ ყველა ღირსშესანიშნაობა ერთად ნახოს“, - ამიხსნა ადგილობრივმა გიდმა იაროსლავმა ის, თუ რატომ არ არის სოხუმის პლაჟებსა და ქუჩებში ბევრი ტურისტი.
ძველი სანაპიროს გარდა, სოხუმში ყურადღებას იქცევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი შენობა. ის ძალიან დაზარალდა ქართულ-აფხაზური ომით 1992-1993 წლებში. ნანგრევები ქალაქის ცენტრში დგას, მაგრამ მასზე არც ისე დიდი ხნის წი უზარმაზარი ბანერი ჩამოკიდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის 25 წლის აღსანიშნავად, რომელიც აქ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დაწყებიდან, 1992 წლიდან ითვლება.
აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა (რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იყრის კენჭს მეორე ტურში) 2017 წელს მოსახლეობას მინისტრთა საბჭოს შენობის რეკონსტრუქციას დაგპირდა. „ეს ფინანსების საკითხია“, - ასე განმარტა მან 2019 წელს ის ფაქტი, რომ ნანგრევები ისევ ძველებურად დგას.
აფხაზეთის ბიუჯეტი დაახლოებით 165 მილიონი დოლარია. ამ თანხის დაახლოებით 45 პროცენტი - რუსული სუბსიდიებია. ტურიზმიდან შემოსული თანხა აფხაზეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია - ის რესპუბლიკის წლიური შემოსავლის დაახლოებით 8 პროცენტს შეადგენს.
„ჩვენ გვიყვარს რუსები, ისინი ფულს გვაძლევენ“, - ღიმილით გვითხრა იაროსლავმა. შემდეგ კი უკვე სერიოზული ტონით დაამატა: „რუსეთის გარეშე არცერთი ტურისტი არ გვეყოლებოდა. ისინი კი ძალიან გვჭირდება“.
აფხაზეთის ტურისტულმა ინდუსტრიამ, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მიიღო 2019 წლის ზაფხულში რუსულ-ქართული ურთიერთობის გამწვავებით. პრეზიდენტმა პუტინმა რუსულ თვითმფრინავებს საქართველოში ფრენა მას შემდეგ აუკრძალა, რაც იქ საპროტესტო აქციები დაიწყო ლოზუნგით - „რუსეთი ოკუპანტია“. ბევრმა რუსმა ტურისტმა გააუქმა საქართველოში ვიზიტი - და აფხაზეთში იმედი აქვთ, რომ ისინი აფხაზურ პლაჟებზე ჩავლენ.
„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველა რუსი ტურისტი, რომლებიც საქართველოში გეგმავდნენ დასვენებას და იძულებული გახდნენ მასზე უარი ეთქვათ“, - განაცხადა აფხაზეთის ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცმა მაშინვე, როგორც კი ძალაში შევიდა რუსული თვითმფრინავებისთვის საქართველოში ფრენის აკრძალვა.
მაგრამ აფხაზეთში ყველა არ არის შეშფოთებული რუსი ტურისტების პრობლემითა და პოლიტიკით. ჩვენ დღის გარკვეული ნაწილი იმ ადამიანებთან ერთად გავატარეთ, რომლებიც სანაპიროზე დომინოს თამაშობენ და ლუდის თანხლებით სპორტს განიხილავენ.
სოხუმში გამოცოცხლება საღამოს იწყება. ტურისტებიცა და ადგილობრივებიც გადიან პლაჟზე ან სანაპიროზე სასეირნოდ. ჩნდებიან მეთევზეებიც. ათობით ადამიანი შეიკრიბა დიდ ეკრანზე საფეხბურთო მატჩის საყურებლად.
უკვე თითქმის ბნელოდა, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანები კვლავინდებურად ვარჯიშობდნენ ზღვის პირას პარკში. მეორე ჯგუფი კი კალათბურთს თამაშობდა.
რესტორან „აბაზაში“ ბავშვები ეროვნულ ცეკვებს ასრულებდნენ - გოგოები და ბიჭები ცალ-ცალკე.
მზის ჩასვლა სოხუმში - ყოველთვის უმშვენიერესი სანახაობაა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო