საქართველო აგვისტოს ომის 11 წლისთავს აღნიშნავს
7-8 აგვისტოს საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყების შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს აღნიშნავენ.
ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები მთელ ქვეყანაში იმართება.
• 10 წელიწადი აგვისტოს ომის შემდეგ – სად ვართ ახლა?
• აფხაზეთი: ბინები როგორც „ომის ნადავლი“ – დაუბრუნებენ თუ არა მათ მფლობელებს?
• აგვისტო 2008. რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკები
ცერემონიაზე, რომელიც ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანები, გმირობისა და მამაცობისთვის, რომელიც მათ სამშობლოსა და მისი ერთიანობის დასაცავად ბრძოლებში გამოავლინეს, დააჯილდოვა მედლებით „მხედრული მამაცობისთვის“.
ზურაბიშვილის თქმით, თუ ქვეყანა ომის ვეტერანებს პატივს სცემს, ესე იგი, ეს ქვეყანა თავადაც პატივისცემის ღირსია.
ომის დაწყებასა და წინა ხელისუფლებების პასუხისმგებლობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, ზურაბიშვილმა განაცხადა:
„მე ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი მანამ დავაფიქსირე, სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არაა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, თუნდაც წინა ხელისუფლების თაობაზე. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რა არ უნდა გავაკეთო. თუმცა, თუ ეს ძალიან დაგვაინტერესებს, ჩვენ, არც ჰააგაში, არც კიდევ სადმე სხვაგან, ვინაიდან ეს ჩვენი შიდა საკითხია, ალბათ მოვა დრო, როდესაც შიდა კომისიას შევქმნით. ისტორიკოსები შეიკრიბებიან და საზოგადოება ყველაფერზე იმსჯელებს“, – თქვა ზურაბიშვილმა.
ადრე, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა, 2008 წლის აგვისტოში, სწორედ „საქართველომ დაიწყო სამხედრო მოქმედებების ეს ნაწილი“. მისი ეს სიტყვები საქართველოში ცხარედ გააკრიტიკეს.
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წინა ხელისუფლება გააკრიტიკა, იმდენად, რამდენადაც, მისი თქმით, სწორედ მათ, „თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით შესაძლებელი გახადეს ოკუპაციის გეგმის განხორციელება“.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სრული დეოკუპაცია შესაძლებელია „მთელი ჩვენი ერის გაერთიანებით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებით“.
ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა სპეციალური განცხადება.
იქ აღნიშნულია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები.
საქართველოს საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ გრძელდება „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, რაც გამოიხატება ეთნიკური კუთვნილების იძულებით ცვლილებაში“.
ამ თარიღს გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, მან 2008 წელს „საქართველოს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი დიდებული ფურცელი უწოდა, იმდენად, რამდენადაც, ეს იყო ჭეშმარიტი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი“.
„ეს ნამდვილი გმირობაა, რამდენადაც, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, 2008 წელს პუტინის რუსეთმა ვერ მოახერხა ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანის გადაჭრა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
412 ალისფერი და თეთრი საჰაერო ბუშტი
სახელისუფლებო ღონისძიებების გარდა, სხვადასხვა აქცია გამართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ცაში 412 საჰაერო ბუშტი გაუშვეს, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში იყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სწორედ ამდენი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომისას.
აქციაზე 412-ვე გვარი წაიკითხეს.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის მოქალაქე, იგორ კუროპტევი, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ ხალხს. ამასთან, მან თქვა, რომ მისმა თანამემამულეებმა ფაქტობრივად არაფერი იციან იმის შესახებ, რომ „11 წლის წინ, რუსული ჯარები შეიჭრნენ მეგობარ სახელმწიფოში და მისი ოკუპაცია დაიწყეს“.
„რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ეს პროცესი, ეს ომი ჯერ კიდევ გრძელდება და დღემდე საქართველო ტერიტორიებს კარგავს მცოცავი ოკუპაციის გამო“, – აღნიშნა იგორ კუროპტევმა, რომელიც უკვე შვიდი წელია რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.
საქართველოს პარლამენტის წინ აქციაზე ის რუსულად საუბრობდა, მაგრამ მას ქართულად თარგმნიდნენ.
„ჩემს გამოსვლას დასავლეთში ბევრი მედიასაშუალება გაავრცელებს და ეს მნიშვნელოვანია. მინდა ვთქვა, რომ პუტინი ოკუპანტია, რომელმაც საქართველოს, უკრაინისა და ჩემი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა“, – განაცხადა კუროპტევმა.
გამოსვლის ბოლოს მან ქართულად იმღერა პატრიოტული სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“.
ფეისბუკის ომები
თითქმის ყოველ წელს, აგვისტოს ომის წლისთავზე, ქართული ფეისბუკი ცხარე დებატების ასპარეზი ხდება.
კერძოდ, დისკუსია მიმდინარეობს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლების როლის გარშემო.
მთავარი შეკითხვაა – ვინ დაიწყო ომი და ვინ უფრო დამნაშავეა?
ძირითადად, შეიძლება რამდენიმე ტენდენციის გამოყოფა:
დღევანდელი ხელისუფლების ბევრი მომხრე სააკაშვილს ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ სწორედ საქართველომ, სააკაშვილის მეთაურობით, დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში.
ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ამბობენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო და სწორად მოქმედებდა.
მესამე ნაწილი მიიჩნევს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა არსებობს ბევრი შეკითხვა სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ტაქტიკური მოქმედებების, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კუთხით.
2008 წლის აგვისტოს ომში ქართული მხრიდან დაიღუპა 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი, ოსეთის მხრიდან – 365 სამხედრო და სამოქალაქო პირი.
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სოფლების დაახლოებით 20 ათასი მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
საქართველომ კონტროლი დაკარგა ტერიტორიაზე, სადაც 125 სოფელია.
სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაა აღიარებული.