სარკოზის სკანდალური ინტერვიუ: 2008 წლის აგვისტოზე, უკრაინის ომზე და პუტინთან კომპრომისებზე
სარკოზი აგვისტოს ომზე სარკოზი უკრაინაზე
“ნავაია გაზეტა ევროპას” მასალის მიხედვით
ჟურნალ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა რუსეთთან კომპრომისისა და ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ და ასევე გააფრთხილა ევროპა, არ მიიღოს უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში.
სარკოზიმ ასევე აგვისტოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ, რომ არა მისი ძალისხმევა, რუსული ტანკები თბილისს აიღებდნენ.
2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, უკვე გამოსცა თავისი მემუარების ხუთი ტომი, ხოლო მეექვსე ახლახან გამოიცა სახელწოდებით Le temps des combats, ანუ “ბრძოლის დრო”.
ახალი წიგნის გამოჩენასთან დაკავშირებით სარკოზიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალ Le Figaro-ს, სადაც მან ისაუბრა არა იმდენად მისი პრეზიდენტობის დროზე, რამდენადაც დღევანდელ მოვლენებზე.
2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შესახებ
ინტერვიუში სარკოზი აღიარებს იმ ფაქტს, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს მან ფაქტობრივად პირადად გააჩერა „რუსული ტანკები თბილისიდან 25 კილომეტრში“.
ინტერვიუში სარკოზი ამბობს, რომ “მას ჰქონდა ღრმა უთანხმოება ვლადიმერ პუტინთან”, როდესაც ის 2008 წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა: “მან დაიწყო საქართველოში შემოჭრა, მე დავარწმუნე, რომ გაეყვანა ტანკები, რომლებიც თბილისიდან 25 კილომეტრში იყო”.
ეს მიღწევა, სარკოზის თქმით, შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ „მე და ანგელა მერკელმა კარგად ვიცოდით პუტინის წითელი ხაზები“. მისი თქმით, ამ ცოდნამ მოგვიანებით აიძულა საფრანგეთი და გერმანია უარი ეთქვათ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, მიუხედავად შეერთებული შტატების ძლიერი ზეწოლისა.
„ჩვენ არ გვინდოდა პუტინი ჩაძირულიყო ანტიდასავლურ პარანოიაში, რომელიც დიდი ხანია ცდუნება იყო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის. „დასავლეთის მიერ კრემლის ალყაში მოქცევის“ კომპლექსი ძველი ამბავია. პუტინი შეცდა. რაც მან გააკეთა, სერიოზული იყო და წარუმატებლობამდე მიიყვანა. მაგრამ ამის თქმის შემდეგ, თქვენ უნდა გააგრძელოთ გზა და იპოვოთ გამოსავალი. რუსეთი ევროპის მეზობელია და ასე დარჩება მუდამ“, – ეს არის სარკოზის სიტყვების მოკლე შინაარსი.
უკრაინის მხარდაჭერისა და ნატოსა და ევროკავშირში შესვლის პერსპექტივების შესახებ
მედიაში ფართოდ გავრცელდა ფრაგმენტები ამ ინტერვიუდან, სადაც სარკოზი, დასავლეთის ქვეყნებში მიღებული მეინსტრიმ აზრის საწინააღმდეგოდ, კომენტარს აკეთებს რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას 2014 წელს, ინტერვიუში მან საჭიროდ ჩათვალა ეთქვა, რომ „ეს ტერიტორია 1954 წლამდე რუსული იყო“, რომ კიევის მიერ ყირიმის დაბრუნების შანსები ილუზორული, ხოლო „სადავო ტერიტორიების” ბედი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მიმდინარე რეფერენდუმებით უნდა გადაწყდეს.
სარკოზი ასევე აფრთხილებს ევროპას, არ მიიღოს უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში, რადგან თვლის, რომ ის უნდა დარჩეს “დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებლად”.
„რას ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერა „ბოლომდე“? საუბარია დონბასის დაბრუნებაზე? ასევე აპირებთ ყირიმის დაბრუნებას? თუ მოსკოვამდე ჩასვლას? 2014 წელს ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ტერიტორიას, რომელიც რუსული იყო 1954 წლამდე და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თავს ყოველთვის რუსად გრძნობდა, მე ვფიქრობ, რომ ამ ტერიტორიის დაბრუნება ილუზორულია.
მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კონტროლის ქვეშ”.
მოლაპარაკებები პუტინთან
სარკოზი, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ კრემლთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
”ისინი მეუბნებიან, რომ ეს არ არის იგივე ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობდი, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული არ ვარ”, – თქვა სარკოზიმ, რომელმაც გააკრიტიკა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუილ მაკრონს იმის გამო, რომ პუტინთან დიალოგის მცდელობები შეწყვიტა.
▇ მთელი ინტერვიუს განმავლობაში იყო განცდა, რომ სარკოზი ერიდება ხსენებას, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში და ასევე იგნორირებას უკეთებს რუსული არმიის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების ფაქტებს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკა არა მხოლოდ მაკრონმა, არამედ მთელ ევროკავშირს ერგო. სარკოზი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან გამოსავლის ძიებაში „ევროპული ინტერესები არ ემთხვევა ამერიკულს“.
“რუსული გავლენის აგენტი” – როგორ რეაგირებდნენ ინტერვიუზე საფრანგეთში
სარკოზის გამოსვლაზე რეაქცია საფრანგეთში კრიტიკული იყო. დეპუტატი პარტიიდან „ევროპა. ეკოლოგია. მწვანეები“ (EELV) ჟიულიენ ბაიუ ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს „შოკისმომგვრელს“ უწოდებს, რომლებიც მას „არ უნდა ეთქვა“.
ბაიუს თქმით, ამიერიდან სარკოზი უნდა განიხილებოდეს როგორც “რუსული გავლენის აგენტი”, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის საეჭვო კავშირების გამო რუსულ სადაზღვევო კომპანია RESO-Garantia-სთან.
საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება 2021 წელს დაიწყო. იყო ეჭვი, რომ სამი მილიონი ევროს ღირებულების საკონსულტაციო კონტრაქტის საფარქვეშ სარკოზი ეწეოდა ე.წ. „გავლენით ვაჭრობას“ და ლობირებდა საფრანგეთში რუსი ოლიგარქების ინტერესებს.
ფრანგული მედია ასევე საეჭვოდ მიიჩნევს სარკოზის პოლიტიკური კარიერის სხვა ეპიზოდებსაც მისი პრეზიდენტობის დროიდან.
სარკოზის კრემლის მხარდაჭერის იმედი აქვს?
შეგახსენებთ, რომ სარკოზის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე საქმეა აღიძრული.
სამართალდამცავების მხრიდან საჩივრების ასეთი გრძელი სიის არსებობა სარკოზის ყოფილ კოლეგებთან, გერმანიის კანცლერ გერჰარდ შრედერთან, იტალიის პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონის და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთ რიგში აყენებს.
სამივეს მუდმივად ადანაშაულებდნენ რუსეთთან „განსაკუთრებულ ურთიერთობაში“.
სარკოზიმ ბოლო გამამტყუნებელი განაჩენი და ელექტრონული სამაჯურის იძულებითი ტარება უკიდურესად მტკივნეულად მიიღო. არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო საქმეებზე მას უფრო სერიოზული სასჯელი – პატიმრობა დაემუქროს.
ამ ფონზე, სარკოზის პრორუსული რიტორიკა მის ბოლო ინტერვიუში კიდევ უფრო სარისკო ჩანს. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ცეცხლს ეთამაშება და აღიზიანებს ფრანგული პრესის, პოლიტიკური ისტებლიშმენტის და ფრანგი ამომრჩევლის დიდ ნაწილს.
თუმცა, ალბათ, გასათვალისწინებელია სარკოზის ამოუწურავი მიდრეკილება ავანტიურიზმისკენ პოლიტიკაში. მისი არაპოპულარული პოზიცია უკრაინის ომზე ჯდება მის პოლიტიკურ ხასიათში.
ასევე, არ არის გამორიცხული, რომ სარკოზის, რომელიც რთულ მდგომარეობაშია, ჰქონდეს მოსკოვის დახმარების იმედი, არა მარტო ფულით, არამედ, შესაძლოა, დროებითი თავშესაფრითაც.