სომხეთის პრეზიდენტი მთელი წლის ხელფასს მიწისძვრით დაზარალებული ქალაქისთვის გადარიცხავს
სომხეთის პრეზიდენტმა თავისი მთელი წლის ხელფასი, რომელიც 23 ათას დოლარს შეადგენს, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის – გიუმრის რეკონსტრუქციისთვის შესწირა. ეს ქალაქი 1988 წლის მიწისძვრამ დააზარალა, მაგრამ აქ დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც დროებით საცხოვრებლებში ცხოვრობენ.
• გიუმრი: ახალი შეთავაზება სომხეთის ტურისტულ რუკაზე
• ფოტორეპორტაჟი ადგილიდან, საც შშმ პირები მუშაობენ
• რეჟისორი, ექიმი და მაშველი – 30 წლის წინათ მიწისძვრამ მათ პროფესიის არჩევა აიძულა
პრეზიდენტის შენაწირი
არმენ სარგსიანმა თანხა გადასცა ფონდს „ჩვენი გიუმრი“. ამის შესახებ განცხადება Facebook -ში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა:
„გიუმრი ჩვენი სახლია, მოდით აღვადგინოთ ის, სიცოცხლე შთავბეროთ, ეს განსაკუთრებული ქალაქია – ლამაზი ისტორიითა და კარგი ხალხით“.
საერთოდ, სომხეთის პრეზიდენტი გიუმრის საკმაოდ ხშირი სტუმარია. ადრე ის ამბობდა, რომ კოლორიტით განთქმული ამ ქალაქის კულტურისა და ისტორიის შესანარჩუნებლად და პოპულარიზაციისთვის ნებისმიერ ძალისხმევას მხარს უჭერს. მას სომხეთში ხელოსნობისა და ხელოვნების ქალაქს უწოდებენ.
არმენ სარგსიანს მიაჩნია, რომ გიუმრის პოპულარიზაცია, პირველ რიგში, საკუთრივ ქვეყანაშივე უნდა მოხდეს, და იქ სომხეთისვე მოქალაქეები უნდა მიიზიდონ.
ამავდროულად, ახლახან გიუმრიში თავისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს პრეზიდენტი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარს, რომ ქალაქი საერთაშორისო დონეზე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად აღიარონ:
„ჩვენ ამ საქმეში საკუთარი წვლილი მუდამ უნდა შევიტანოთ: ბიზნესმენებმაც, ინტელიგენციის წარმომადგენლებმაც და ხელოვანმა ადამიანებმაც. გიუმრი კულტურის, ისტორიის, ხელოსნობისა და ხელოვნების ქალაქი უნდა გახდეს“.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალური პრობლემების გადაწყვეტისა და ცხოვრების დონის ამაღლების მნიშვნელოვნება.
ფონდ „ჩვენი გიუმრის“ შესახებ
სრულიად სომხეთის ფონდის „აიასტანის“ ინიციატივით, პროექტის „ჩვენი გიუმრი“ ფარგლებში, შემოდგომაზე გიუმრიში სოციალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ახალი პროგრამა დაიწყება.
ამ პროგრამის წყალობით, ის ადამიანები, რომლებიც უკვე ბევრი წელია, დროებით საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ, უკვე გარემონტებული და მოწყობილი ბინებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
ამ მიზნით, სრულიად სომხეთის ფონდმა „აიასტანი“ ივნისში აშშ-ში თავისი მორიგი საქველმოქმედო მარათონი გამართა. ეს ფონდი სომხეთში სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად – დიასპორის დახმარებითა და მონაწილეობით – პერიოდულად ამგვარ საქველმოქმედო აქციებს მართავს. ამჯერად 1 437 408 დოლარის შეგროვება მოხერხდა. როგორც ორგანიზატორი იუწყება, „ამ თანხის უმეტესი წილი საფრანგეთმა შესწირა – $800 000, ლიბანმა – $87 750, აშშ-მ – $250 000, სომხეთში $248 000 შეგროვდა“.
მთლიანობაში ახალ ბინებს გიუმრიში დაახლოებით 80 ოჯახი მიიღებს. ახალი მფლობელები ბინებში შესახლებას მშენებლობის დაწყებიდან უკვე ერთ წელიწადში შეძლებენ.
შენობის პირველ სართულზე შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც მაცხოვრებლებს გამოადგებათ როგორც მოხმარების, ისე სამუშაო ადგილების თვალსაზრისით.
„გაიხსნება სხვადასხვა დარბაზი: სილამაზის სალონი, საიუველირო დარბაზი, კულინარიული, კომპიუტერული, ასევე მხატვრული, სადაც ჩატარდება სწავლება. ეს მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, რომ ერთსა და იმავე ადგილას იცხოვრონ და იმუშაონ კიდეც“, – განმარტავს ფონდ „აიასტანის“ წარმომადგენელი.
მიწისძვრის შესახებ
19887 წლის დეკემბერს 11.41სომხეთში, რიხტერის სკალით, 9-ბალიანი მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. დაზარალდა 11 ქალაქი და 342 სოფელი.
ქალაქებში – სპიტაკში, ვანაძორში (იმ დროს კიროვაკანი), გიუმრისა და მიმდებარე სოფლებში შენობებმა მძლავრ მიწისქვეშა ბიძგებს ვერ გაუძლო და დაინგრა. დაინგრა 22 ათასზე მეტი სახლი და ბინა, აქედან 20 ათასი – მხოლოდ გიუმრიში.
მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 25 ათასი ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 15-17 ათასი ქალაქ გიუმრის ნანგრევების ქვეშ დარჩა, ოთხი ათასი – სპიტაკის. სულ უსახლკაროდ 514 ათასი ადამიანი დარჩა.
მიწისძვრის შემდეგ სსრკ-ს ხელმძღვანელობამ მაშინვე პირობა დადო, რომ გიუმრის ორ წელიწადში აღადგენდა. ადამიანები დროებით საცხოვრებლებში მოათავსეს – ვიდრე უსახლკაროდ დარჩენილებისთვის ახალი უბნები აშენდებოდა.
საბჭოთა კავშირი დაინგრა, და დამოუკიდებელი სომხეთი ქალაქის საკუთარი ძალებით აღდგენას აგრძელებდა. მშენებლობა სხვადასხვა პროექტით ხორციელდებოდა – მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჰანტსმანის პროგრამით, ლინსის ფონდის, წითელი ჯვრის, სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის, თანხებს სომხეთის მთავრობაც რიცხავდა.
საბოლოოდ შირაქის ოლქში საცხოვრებლის შეძენაზე სერტიფიკატი გადაეცა 23 121 ისეთ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ესაჭიროებოდა, 21 184 მათგანი გიუმრიდანაა.
გიუმრიში აქამდე დაახლოებით 2500 დროებითი საცხოვრებელი სახლია დარჩენილი.