თენგიზ ცერცვაძე: მიგრაციის პირობებში არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები - შემთხვევების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი
თენგიზ ცერცვაძე აივ ინფექციებზე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.
ცერცვაძის განმარტებით, საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, “ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას”, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები.
მისივე თქმით:
● ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას.
ამასთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ შემდეგი განმარტებები:
● საქართველო აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა (თუ საუკეთესო არა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასე მაგალითად, გამოვლენილი აივ ინფიცირებულთა 86%-ზე მეტი სტაბილურად იღებს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და მათი 92%-ზე მეტში მიღწეულია ვირუსის სუპრესია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, გარანტირებული აქვთ ცხოვრების კარგი ხარისხი და რაც მთავარია ისინი პრაქტიკულად არ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს. ასეთი პაციენტები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.
● საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია კეთილსაიმედო ეპიდსიტუაციის შენარჩუნების კუთხით.
● 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია სულ 6%-ით. ამასთან, მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19 პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან.
● ჩვენ ვმუშაობთ მიგრანტებთან, რომ ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში. შედეგიც კარგი გვაქვს.
● სექსუალური განათლება საქართველოში – დახურული და საშიში თემა
● UNICEF-ის კვლევა: დეპრესიის ნიშნები ახალგაზრდებში და ფიქრები სუიციდზე
● “დედა თითქოს პატარა გოგო იყო, ასე გრძნობდა თავს”. როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები დემენციით
● ბოლო 18 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 214 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 91 მოქალაქეს და უკრაინის 74 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს მედიკამენტები უფასოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის.
● სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ზემოთაღნიშნული უკრაინის მოქალაქეებიდან 20 პირისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარდა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება არის სრულიად უფასო.
● საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები.
კერძოდ:
● თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
● საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა 29 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა:
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია შემოსული რუსეთიდან. პოლიტიკურად ეს რომ უდიდესი პრობლემაა და გარშემო ყველგან რომ ოკუპანტის ენა ისმის, საშინელებაა და ძალიან დამთრგუნველი, თუმცა ახლა ჩემს სფეროსთან დაკავშირებულ წუხილზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არაერთი რუსი პაციენტი ყვება (ქალიც და კაციც), რომ ყავს ქართველი სქესობრივი პარტნიორები (და არაერთი). მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან მაღალია აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება. შესაბამისად, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ამ ინფექციის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი. ცხადია, ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენს ირგვლივ მყოფები, აარიდონ თავი ასეთ საჭვო კავშირებს და არ დაივიწყონ შიდსის (და არა მარტო, ბევრი სხვა ინფექციისაც) სქესობრივი გზით გადაცემის მაღალი რისკის შესახებ“