სომხეთის სამოქალაქო ავიაციის შესახებ: ბევრი მიმზიდველი პროექტი სამომავლოდ
თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების ამწყობი საწარმოს შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და ავიაციის ლიცენზირებული სკოლის გახსნა – სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ტატევიკ რევაზიანმა ამ თანამდებობაზე მუშაობის წლიურ შედეგების შეჯამებისას ასეთი სამომავლო გეგმების შესახებ ილაპარაკა.
• „ერევანი ფეხით მოსიარულეებისა და ელექტრომობილების ქალაქი გახდება“ – მერია
გეგმებისა და მომავალი პროექტების შესახებ
ტატევიკ რევაზიანმა საზოგადოებას პირველ რიგში ის სიახლე გაუზიარა, რომ სომხეთი ქვეყანაში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების ამწყობი საწარმოს შექმნის თაობაზე რუს ინევსტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოლაპარაკებები ჯერჯერობით დასაწყის სტადიაზეა, მაგრამ მისი წარმატებულად დასრულების შემთხვევაში გაჩნდება საწარმო, რომელიც, სხვა ყველაფრის გარდა, დაახლოებით ათას ახალ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს.
კომიტეტის თავმჯდომარემ გეგმებზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ინვესტორებთან სფეროს სპეციალისტების მომზადებაში ინვესტიციების ჩადებაზეც მიმდინარეობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ისურვებენ თუ არა ინვესტორები თანხების ჩადებას ქვეყანაში არსებულ სასწავლებელში, რომელიც ამჟამად არცთუ საუკეთესო მდგომარეობაშია, თუ ახალი სასწავლო დაწესებულების შექმნას გადაწყვეტენ. კომიტეტის თავმჯდომარემ მხოლოდ ის თქვა, რომ სომხეთში ახლახან იმყოფებოდნენ სპეციალისტები კვიპროსიდან და სიტუაციას გაეცნენ:
„ისინი მზად არიან შექმნან ისეთი სკოლა, და ისეთი ლიცენზირებული სპეციალისტები მოამზადონ, რომ სომხეთში მომზადებულმა კადრებმა ევროპაში ფრენა შეძლონ“.
რევაზიანი სამოქალაქო ავიაციაში ყველაზე მნიშვნელოვნად ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიიჩნევს. ამიტომ, თავის ერთ-ერთ მიღწევად იმას ასახელებს, რომ მან სომეხი მფრინავებისთვის უფასო სწავლებას მიაღწია:
„იმისთვის, რომ ფრენების უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონე უზრუნველვყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. მაგალითად, სინგაპურის საავიაციო აკადემია უფასო განათლებას გვთავაზობს, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციაც გვთავაზობს უფასო განათლებას. ამავდროულად შევძელი, რომ სომხეთში ძლიერი სპეციალისტები მომეზიდა“.
„ჰაერის გადასახდს“ გააუქმებენ?
რევაზიანის სამომავლო გეგმების ჩამონათვალში მომდევნოა – ეგრეთ წოდებული „ჰაერის გადასახადის“ გაუქმება, რომელიც სომხეთის ხელისუფლებამ 2008 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის კანონში მიიღო.
გადასახადის დაწესების შემდეგ, 2009 წლის 29 მარტიდან სომხეთიდან გაფრენის მსურველი ყველა მგზავრი 10 ათასი დრამის(დაახლოებით $20) ოდენობის „ჰაერის გადასახადით“ იბეგრებოდა. ეს თანხა ყველას ბილეთის ფასში შედიოდა, გარდა
• 12 წლამდე ბავშვების;
• ტრანზიტული მგზავრების;
• დიდი სამამულო ომის მონაწილეების, ინვალიდებისა და ვეტერანების, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ქვრივების;
• სომხეთის ეროვნული გმირებისა და საბჭოთა კავშირის გმირების.
რევაზიანის აზრით, ამ გადასახადის დაწესება მცდარი გადაწყვეტილება იყო, და ეს სომხეთის ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების გაჩენას უშლის ხელს.
„მიმაჩნია, რომ სომხეთში, ავიაბილეთების მაღალი ფასის გათვალისწინებით, აუცილებელია მაქსიმალურად შემცირდეს მომსახურებისა გადასახადების ფასი, კერძოდ, ეს გადასახადი გამოირიცხოს“.
ახალი ავიაკომპანიები – სომხეთის ბაზარზე ლუკოსტერები გაჩნდებიან
სომხეთის ბაზარზე გაჩნდებიან ლუკოსტერები, ანუ ავიაკომპანიები, რომლებიც იაფად ფრენებს სთავაზობენ. საუბარია Ryanair-სა და Wizz Air-ზე.
„ლუკოსტერმა კომპანიებმა , ახალი თვითმფრინავების შეძენის მხრივ არსებული ყველა შეფერხებისა და პრობლემის აღმოფხვრის შემთხვევაში, 2020 წლის ზაფხულიდან სომხეთის ბაზარზე ერთდროულად შემოსვლის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს“, – განაცხადა რევაზიანმა.
იმის შესახებ საუბრისას, თუ საიდან იფრენენ ახალი ლუკოსტერები ერევანში, რევაზიანმა ივარაუდა, რომ ეს ალბათ სწორედ ამ ავიაკომპანიების საბაზო აეროპორტები იქნება.
რა გვაქვს ახლა
კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სტანდარტებს ქვეყნის ყველა აეროპორტი არ შეესაბამება:
„გიუმრის აეროპორტი ნორმალურ მდგომარეობაშია, ასევე „ზარტნოცი“[ქვეყნის მთავარი აეროპორტი]. „ერებუნიში“ ასევე შეიძლება სამოქალაქო თვითმფრინავის დასმა [დედაქალაქთან ძალიან ახლოსაა]. კაპანეში აეროპორტი წელს გაიხსნება – ასე გვაცნობეს. მაგრამ დანარჩენი აეროპორტები ცუდ მდგომარეობაშია. ინვესტიციები გვჭირდება, რათა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები ისეთ მდგომარეობაში მოვიყვანოთ, რომ თვითმფრინავის დაფრენა უსაფრთხო იყოს“.
ვინ არის ტატევიკ რევაზიანი
სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე რეპატრიანტია. ტატევიკ რევაზიანი სამშობლოში საცხოვრებლად დანიიდან ორი წლის წინათ ჩამოვიდა, სადაც ხუთი წლიდან იზრდებოდა.
რევაზიანი სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზუსტად ერთი წლის წინათ დაინიშნა.
მისი დანიშვნის შემდეგ სომხეთის ზოგი მედია იმის შესახებ წერდა, რომ 30 წლის ტატევიკ რავზიანმა სომხურ ენაზე წერა-კითხვა არ იცის და სპეციალურად აჰყავს თანამშრომელი, რომელიც დოკუმენტაციისა და წერილების გაცნობაში ეხმარება.
ეს პუბლიკაციები იმდენად სკანდალური იყო, რომ სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველო განცხადებით გამოვიდა:
„სტრუქტურის ხელმძღვანელი დამაკმაყოფილებელ დონეზე წერს, კითხულობს და ლაპარაკობს სომხურ ენაზე და ახლა ენის ცოდნის დონის ასამაღლებლად მუშაობს. რაც შეეხება ცნობას იმის შესახებ, რომ ტატევიკ რევაზიანს საგანგებოდ ჰყავს თანამშრომელი, რომელიც მთელ დღეს ტექსტებს უკითხავს, რათა მან ინფორმაცია მოისმინოს და გაიგოს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უბრალოდ, საჭიროა იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ის 5 წლიდან დანიაშია ცხოვრობდა და განათლება ინგლისურ და დანიურ ენებზე აქვს მიღებული“.