არასამთავრობოები: სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს
მაღაროელების გაფიცვა
მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საკითხზე სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს.
“მე-15 დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს ჭიათურის მაღაროელთა პროტესტი საბაზისო შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნით. მეოთხე დღეა, პროტესტმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლა. მოთხოვნები სამართლიან ანაზღაურებას, შრომის უსაფრთხოების ნორმების მოწესრიგებას, ჰიგიენისა და კვების საკითხების მოგვარებას ეხება, რაც პასუხისმგებლიანი სამუშაო გარემოს ელემენტარული პირობები უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა ბრძოლა, როგორც კომპანიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რეალური და ეფექტური რეაგირების გარეშეა დატოვებული.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, მაღაროელთა სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნების იგნორირება, იძულებულს ხდის მშრომელებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ: როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში მოშიმშილე მაღაროელებმა მრავლობითი თვითდაზიანება მიიყენეს; ზოგიერთი, ჯანმრთელობის ქრონიკული დაზიანების საფრთხის წინაშეა, ერთ-ერთმა მოშიმშილემ გონებაც დაკარგა;
ენჯეოების მტკიცებით, სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე შეუქცევადი ზიანის საფრთხეებს აჩენს, რის გამოც, კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უმოქმედობა და საკითხის მიმართ ფორმალური დამოკიდებულებები, ამ ადამიანების, მათზე ფინანსურად დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და მაღაროელთა შრომაზე ეკონომიკურად დამოკიდებული მთელი ქალაქის გაწირვის ფორმას იღებს.
ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:
- გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს;
- იმოქმედოს დაუყოვნებლივ და ეფექტურად, რათა კომპანიამ შეასრულოს მაღაროელებთან კოლექტიური ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომ დაკმაყოფილდეს ჭიათურელი მაღაროელების ბაზისური და სამართლიანი მოთხოვნები;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
- გაააქტიუროს და არსობრივად წარმართოს მედიაციის პროცესი;
- პროტესტის მიმდინარეობისას, უზრუნველყოს მოშიმშილე და თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი მაღაროელების მუდმივი სამედიცინო კონტროლი შიმშილობისა და პროტესტის სხვა ფორმებით გამოწვეული თანმხლები გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ღია საზოგადოების ფონდი
- ერთობა 2013
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- სოლიდარობის ქსელი
- მეცნიერების, განათლების და კულტურის პროფკავშირი
● ჭიათურა – შავი მარგალიტი. ფოტორეპორტაჟი
● ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი თბილისში გრძელდება – მსვლელობა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან. ფოტო
● ჭიათურაში გაფიცვა და შიმშილობა გრძელდება. რას ითხოვენ მაღაროელები
ჭიათურაში მე-16 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს.
უფრო კონკრეტულად მაღაროელთა მთავარი მოთხოვნებია:
__ ხელფასების გაზრდა 40 პროცენტით;
__ სამუშაო საათების შემცირება;
__ სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესება;
__ მაღაროების მუშაობის გამო ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება.
ათამდე გაფიცულმა 13 ივნისს შიმშილობა დაიწყო. ჭიათურის ცენტრში, მერიის წინ მათ კარავი გაშალეს. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” დათმობებზე არ წავიდა.
„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა ხელფასის გადახდას ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს. მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ხელფასების 5%-ით მომატებაზე არიან თანახმა. შეიცვლება თუ არა მათი პოზიცია პროცესში სახელმწიფოს ჩართვის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.