„აზერბაიჯანი და საქართველო ბრიუსელში უკეთ ჩანან, ვიდრე სომხეთი“ - სომეხი პოლიტოლოგი
ევროკავშირში სომხურ-აზერბაიჯანულ დარეგულირებაზე
„აზერბაიჯანი და საქართველო ბევრად უფრო თვალსაჩინოდ გამოიყურებიან ბრიუსელში, მათი ხმა იქ უკეთ ისმის, ვიდრე სომხეთის“, – ამ დასკვნით დაბრუნდა ბელგიიდან დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი. მისი თქმით, სომხეთი არ არის ევროკავშირის ბევრ მნიშვნელოვან პროექტში, ქვეყანა მოხსენიებულია ძირითადად აზერბაიჯანთან კონფლიქტის კონტექსტში და გარკვეულწილად რეფორმების პროცესის ხელშეწყობის კონტექსტში.
4-დან 8 ივნისამდე სომეხი ექსპერტების მცირე ჯგუფი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებთან. ასევე გაიმართა დახურული დისკუსია ევროპელ ექსპერტებთან.
„ევროკავშირი მზად არ არის პასუხისმგებლობის აღებისთვის“
პოლიტოლოგი მივიდა დასკვნამდე, რომ ევროკავშირი არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას კონფლიქტის დარეგულირებაზე. მაღალი რანგის აქტორებს გააზრებული აქვთ რეალობა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების კონტექსტში და გაცნობიერებული აქვთ არსებული პრობლემების სერიოზულობა და სირთულე, განაცხადა ტიგრან გრიგორიანმა.
„ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირი არის არა მოლაპარაკებების შუამავალი, არამედ ფასილიტატორი. მოლაპარაკებებში უფრო აქტიური ჩართვა ნიშნავს უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღებას იმ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ პროცესის შედეგად“.
„ერევანი ბევრ საკითხში დესტრუქციულ მხარედ ითვლება“
ანალიტიკოსი თვლის, რომ ერევანი ბევრ „მტკივნეულ დათმობაზე“ წავიდა, მაგრამ სანაცვლოდ არაფერი მიიღო.
“და ეს ყველაფერი აზერბაიჯანის მცოცავი სამხედრო აგრესიის პოლიტიკის პირობებში”.
სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკა გასული წლის განმავლობაში, რომლის მიზანი იყო სომხეთის ირგვლივ საერთაშორისო კონსოლიდაციის უზრუნველყოფა, აშკარად ჩავარდა, აცხადებს გრიგორიანი. თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად მან თქვა, რომ ბრიუსელში მოლაპარაკების პროცესში ყველა მარცხსა და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებენ.
„ბაქოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი არ განიხილება“
პოლიტოლოგის თქმით, „თეორიული დისკუსიების“ დონეზეც კი არ დგას საკითხი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაკისრების.
გრიგორიანი ამბობს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების მიდგომა აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ძირითადად ზედმეტად პრაგმატულია. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ დახურულ კარს მიღმა ბევრი უარყოფითად საუბრობს ბაქოს პოლიტიკაზე და მთლიანად ამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
“წლის ბოლომდე სამშვიდობო შეთანხმების დადება საკმაოდ რთული იქნება”
ტიგრან გრიგორიანის თქმით, ამ მოსაზრებას იზიარებს მინიმუმ ორი ოფიციალური პირი, რომლებიც გარკვეულწილად მონაწილეობენ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში და რომლებსაც აქვთ შესაბამისი ინფორმაცია.
პოლიტოლოგი ხაზს უსვამს, რომ მათი პროგნოზი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ოპტიმისტური განცხადებებისგან, რომლებიც ბოლო დროს ისმის მაღალი რანგის შუამავლებისგან:
„ბრიუსელში არის გაცნობიერებული, რომ უაღრესად რთული ამოცანა იქნება უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეთანხმების მიღწევა მოკლე დროში.
ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის სომხებს შორის შესაძლო დიალოგის შესახებ
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები და ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების დაცვის საკითხზე, თუმცა კონკრეტულ მექანიზმებზე საუბარი უჭირთ.
„კერძოდ, არ არსებობს არსებითი იდეები ბრიუსელში, არსებითი ხედვა თუ როგორი უნდა იყოს ბაქოსა და სტეპანაკერტს შორის მოლაპარაკებების შესაძლო ახალი ფორმატი”.
გრიგორიანის აზრით, პროცესში ჩართული ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ აქტიური საერთაშორისო მონაწილეობის გარეშე მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებაზე საუბარს აზრი არ აქვს. ამავდროულად, სომეხ ექსპერტებთან საუბარში მათ აღიარეს:
- ბაქო ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდეს სერიოზულ საერთაშორისო ჩარევას მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებში.
- „ევროკავშირს აზერბაიჯანზე გავლენის სერიოზული ბერკეტები არ გააჩნია.
როგორ რეაგირებს ევროკავშირი აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიან ესკალაციაზე?
ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ვერ შეძლეს.
„მხოლოდ ერთმა მათგანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში, ევროკავშირის შუამავლური მისია, სავარაუდოდ, დასრულდება“, – განაცხადა გრიგორიანმა.
აზერბაიჯანის დახმარებით რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში?
ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სერიოზული შეშფოთება არ აქვთ რუსული გაზის შესაძლო ექსპორტზე ევროპაში აზერბაიჯანის გავლით. მათ მიერ ამ საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ გრიგორიანი მათ ასე აჯამებს:
- „ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
- „იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსული გაზის გარკვეული რაოდენობა ევროკავშირში აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადის, მისი წილი მცირეა. ამ თვალსაზრისით, უფრო შემაშფოთებელია რუსული გაზის ევროკავშირში თურქეთის გავლით ექსპორტის შესაძლებლობა“.
- რუსული გაზის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ დაწესებულა, ევროკავშირიც კი აგრძელებს რუსული გაზის ყიდვას.