CNBC: რუსეთის იზოლაციით საქართველოს ეკონომიკამაც იხეირა
CNBC-ს სტატია საქართველოს ეკონომიკაზე
ამერიკული გამოცემა CNBC აქვეყნებს ვრცელ სტატიას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კავკასიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გაიზარდა. თუმცა, გამოცემის განმარტებით, ახლა ეს ქვეყნები დასავლეთის მხრიდან “შურისძიების” საშიშროების წინაშე დგანან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, სომხეთის – 12.6%-ით. ამასთან, გაეროს სააგენტოს შეფასებით, 2023 წელს ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, დაახლოებით 4%-ით და 5.5%-ით შენელდება.
დასავლეთთან ურთიერთობის საფრთხის ქვეშ დაყენება
CNBC-ს სტატიაში ხაზგასმულია, რომ მართალია ჯერ უცნობია როგორი იქნება სანქციების ახალი პაკეტი ან როდის დაწყება მისი აღსრულება, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სანქციების პერსპექტივა ქვეყნებს თავისი მისწრაფებების გადააზრების საშუალებას მისცემს. გამოცემის განმარტებით, ეს განსაკუთრებით ეხება ქვეყნებს, რომლებიც NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან.
ამერიკული გამოცემა სტატიაში ასევე წერს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მუშაობს.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვის მიხედვით კი, საქართველოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა, ხოლო მოსახლეობის ოთხი მეხუთედი (81%) მხარს უჭერს EU-ში გაწევრიანებას.” – წერია სტატიაში.
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● სახელმწიფო დეპარტამენტი: კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ
● POLITICO: საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციების არიდების პრობლემას იწვევს
ბრძოლა სანქციების გვერდის ავლასთან
CNBC-ს ევროკომისიის სპიკერმა განუცხადა, რომ მუშაობენ იმისთვის, რომ დაადგინონ სავაჭრო ნაკადების გადამისამართება მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთთან დასაკავშირებლად მოქმედებენ როგორც შუამავლები.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, რუსეთთან მზარდმა სავაჭრო ნაკადებმა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები აიძულა რუსეთთან ე.წ. შუამავლობით ვაჭრობაში ჩართულ ქვეყნებთან მიმართებით გარკვეული ზომები მიეღოთ.
ე.წ. შუამავლობითი ვაჭრობა რუსეთთან
CNBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა “განგაში გამოაცხადეს” იმის გამო, რომ ზოგიერთი მოვაჭრე სანქციების თავიდან ასარიდებლად იყენებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი.
“მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რაც მიანიშნებს “შუამავლობითი ვაჭრობის” ზრდაზე, რომლის დროსაც საქონელი გადის ცენტრალური აზიის ეკონომიკაში და შემდეგ რუსეთში იყიდება”. – ამბობენ EBRD-ში.
ამერიკული გამოცემის სტატიაში წერია, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წელს იმპორტით რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა, ხოლო ექსპორტით მესამე უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. კერძოდ, 2022 წლისთვის ქვეყანაში რუსული იმპორტი 79%-ით გაიზარდა, ხოლო რუსული ექსპორტი – 7%-ით.
გარდა ამისა, CNBC-ი წერს, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობების სპიკერებმა არ გააკეთეს კომენტარი გამოცემის კითხვაზე, რომელიც რუსეთთან ვაჭრობის ზრდას ეხებოდა.
CNBC-სთან IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი სანქცირებული არ არის, მათ ორმაგი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, სარეცხი მანქანების ნაწილები შესაძლოა რუსეთმა სამხედრო წარმოების მიზნებისთვის გამოიყენოს.
● “საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის პოლიტიკასთან 28 პროცენტამდე ჩამოვიდა” – დებატები ევროპარლამენტში
● მოლდოვის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტი ქვეყანას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას მიბაძოს
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Politico წერს, რომ აშშ-მ გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. გამოცემა ეყრდნობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლას.
“აშშ-მ გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების არიდების პრობლემას იწვევენ: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი”. – წერია Politico-ს სტატიაში.
ო’ბრაიენის განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ ევროპული კომპანიები მასალებს სხვა ქვეყნებს ყიდიან, შემდეგ კი ეს ქვეყნები ამ მასალებს რუსეთში ყიდიან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების მთავარი კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ როცა საზღვარი გვაქვს რუსეთთან, [სანქციებზე გვერდის ავლის] რისკის ფაქტორი ყოველთვის არსებობს.
“ჯიმ ო’ბრაიენმა პრობლემა ახსენა როგორც რისკის ფაქტორი, ხოლო რისკის ფაქტორი, როცა საზღვარი გვაქვს რუსეთთან, რა თქმა უნდა, არის – ყველა პროდუქტი რაც სანქცირებულთა სიაშია, კონტროლდება, არც ერთი ორმაგი დანიშნულების პროდუქტი რუსეთში არ წასულა.” – განაცხადა კაკაურიძემ.