ორი აზრი: უნდა მისცენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში?
კანდიდატის სტატუსი
ამ წლის ბოლოს საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამ სტატუსის მისაღებად, ქვეყანას 12-პუნქტიანი რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობა რეკომენდაციებს არ ასრულებს. ამავდროულად, სულ უფრო მეტად ცდილობს საქართველო რუსეთის ორიბტაზე დააბრუნოს და სრულ იზოლაციაში მოაქციოს. ისე დაშორებული საქართველო დასავლურ სამყაროს, როგორც ახლაა, არასოდეს ყოფილა.
ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – ღირს თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღება ანტიდასავლური მთავრობის პირობებში? საზოგადოების, პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სტატუსი მხოლოდ გაახანგრძლივებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან და ავტორიტარიზმისკენ იხრება.
- “საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი” – სალომე ზურაბიშვილის მიმართვა ევროპარლამენტს
- როგორ აღნიშნა საქართველომ დამოუკიდებლობის დღე – მოქალაქეები ევროპას ირჩევენ. ფოტოები
- ზელენსკი: ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა რუსეთი, უნდა გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი
JAMnews-ი გთავაზობთ ამ თემაზე ორი მხარის არგუმენტებს – მოუტანს თუ არა სარგებელს კანდიდატის სტატუსი საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე, “ქართული ოცნების” შეცვლის გარეშე?
არა – თენგო კირთაძე, “ევროპული საქართველო”
არგუმენტი პირველი: არასწორია წარმოდგენა, რომ სტატუსის მიღება არის პანაცეა. სტატუსი არის გარკვეული ფორმალური ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნებს ეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე.
მაგრამ, ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც არსებობს მისი გამოყენების სურვილი. დღეს საქართველოს მართავს პუტინისტური, რუსული რეჟიმი, რომელიც სიტყვით და საქმით ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია არ არის მისი პრიორიტეტი, არ სჭირდება, მის ძალაუფლებას ეწინააღმდეგება.
ამიტომ, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მოხდეს სამართლებრივი და დემოკრატიული პროგრესი “ქართული ოცნების” პირობებში, არ არსებობს. ამიტომ არასწორია ილუზიის შექმნა, რომ სტატუსი შესაძლებელს გახდის ჩვენი რთული მდგომარეობიდან გამოსვლას.
არგუმენტი მეორე: სტატუსზე აპელირება აჩენს არასწორ მოლოდინებს საზოგადოებაში. არასწორია, როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლება პრორუსულია, მაგრამ ხალხმა დაიმსახურა სტატუსი და აი, ჩვენ ახლა ბრიუსელს ერთმილიონიან პეტიციას ჩავუტანთ. ეს აზრი აჩენს განცდას, რომ ბრიუსელზე მორალური ზემოქმედება შესაძლებელია და მიუხედავად ხელისუფლებისა, მას შეუძლია ხალხს მისცეს სტატუსი.
ამ მოლოდინს, უარის შემთხვევაში, მოჰყვება დიდი იმედგაცრუება. თავად ოპოზიციური სპექტრი ქმნის საბაბს, რომ შემდეგ ხალხმა თქვას – ბრიუსელს ჰქონდა შესაძლებლობა, მაგრამ არ მოგვცა სტატუსი.
ეს აზიანებს ღირებულებით პრინციპსაც და ხელს უწყობს “ოცნების” ნარატივს, რომ დასავლეთი ჩვენ გვესაუბრება როგორც ქვეშევრდომს, გვავალებს რაღაცებს, მაგრამ არ გვაძლევს სტატუსს.
არგუმენტი მესამე: მნიშვნელოვანია ვუთხრათ ხალხს, რომ არ ვიცით რას გადაწყვეტს ბრიუსელი, ეს ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული. უნდა გავაგებინოთ, რომ სტატუსი არ გვიშველის, თუ მთავრობა არ შევცვალეთ. თუ ვამბობთ, რომ სტატუსი არის მთავარი, ეს არის პანაცეა, მაშინ, ჩვენ ვაძლიერებთ “ოცნებას”, რომელიც მიიწერს სტატუსის მიღებას.
თუ გავიხსენებთ, როგორი აღვირახსნილი პროპაგანდა აქვს “ქართულ ოცნებას”, ძალიან ადვილია წარმოდგენა, როგორ გაყიდის სტატუსის თემას. აუცილებლად იტყვის, რომ დასავლეთი ჩვენ გვთხოვდა ომს, მაგრამ, არ გავწირეთ ქვეყნის მოსახლეობა და მაინც მივიღეთ სტატუსი. და გაიხსენებს, რომ როცა ვერ მივიღეთ, მაშინაც ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ მართლმსაჯულების პრობლემები გვქონდა, ან მედიას ვზღუდავდით, არამედ, იმიტომ, რომ სანაცვლოდ მოგვთხოვეს ომში ჩართვა.
ანუ, დასავლეთსაც დააკნინებს პარალელურად. გააჩენს განცდას, რომ არანაირ ღირებულებებზე არაა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ვაჭრობა. ესეც “ქართული ოცნების” ნარატივის გაგრძელება იქნება, რომ დასავლეთს თავისი ინტერესები აქვს, ისევე როგორც რუსეთს.
ის, რომ სტატუსის მიღების შემდეგ “ქართული ოცნება” გადაწყვეტს გახდეს დემოკრატიული ძალა, რადგან ექნება მთელი რიგი ვალდბეულებები, არის აბსურდი. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ასევე მოჰყვება ვალდებულებები, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი “ქართული ოცნებისთვის”, რომ ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დაებრუნებინა.
ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ სტატუსი გამოცხადდება პანაცეად და ამ არასწორ აზრს არავინ აზრს დაუპირისპირდება, მაშინ, ეს აუცილებლად გააძლიერებს “ქართულ ოცნებას”.
არგუმენტი მეოთხე: დამაკნინებელია, როდესაც წარმოვაჩენთ, რომ ჩვენი ბედი დასავლეთმა უნდა გადაწყვიტოს, უკრაინამ უნდა გადაგვარჩინოს, შეურაცხმყოფელია. დასავლეთის სანქციები, თუ დაწესდა, კი, დაეხმარება პროცესს, მაგრამ, ადგილზე დემოკრატიული ცვლილებების აუცილებლობას ვერ ჩაანაცვლებს.
მცდარი და დამაზიანებელია მსჯელობა, რომ დასავლეთს შეუძლია მაგალითად მოგაშოროს ბიძინა ივანიშვილი. როგორ უნდა გააქტიურო მოქალაქე, თუ მას ეუბნები, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი, ან ზელენსკი თუ არ დაგეხმარა, შენს აქტიურობას არ აქვს აზრი და ამ ქვეყნის ბედი გადაწყვეტილია.
არგუმენტი მეხუთე: ისიც სიცრუეა, რომ ახლა, წლის ბოლომდე, რაღაც ფანჯარა არსებობს და მერე დაიხურება. ეს არის გარკვეული პერიოდი, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდება. ჩვენ გვახსოვს ოლაფ შოლცის წერილი “ჟამი ცვალებადობისა”, სადაც საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე.
ასეთ გადაწყვეტილებებს ევროპაში შემთხვევით არ იღებენ. უბრალოდ, ევროპას სჭირდება ადგილზე დაინახოს დემოკრატიული ცვლილებების პოტენციალი, საზოგადოება, რომელიც იბრძვის ღირებულებებისთვის. დასავლეთს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ მივცეთ რაღაც.
ამიტომ, მცდარია ნარატივი – სტატუსი თუ არ მივიღეთ ოქტომბერში, დავიღუპებით. არ მივიღებთ ოქტომბერში, შევცვლით ხელისუფლებას და შემდეგ მივიღებთ.
კი – დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი
არგუმენტი პირველი: ჩემთვის პირადად, ამ საკითხში კითხვის ნიშანი არ არსებობს. სტატუსი გვინდა აუცილებლად. სტატუსი ნიშნავს, რომ შენ რაღაც გზა ევროკავშირში მოსახვედრად უკვე გავლილი აქვს.
რა თქმა უნდა, სტატუსი არ არის ევროკავშირში მოხვედრის გარანტი, ან იმის, რომ კარგი ხელისუფლება გეყოლება. მაგრამ, თუ ვთანხმდებით, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში შესვლაა, სტატუსი ყველა შემთხვევაში არის წინსვლა.
ეს არის ისეთი დონის სიკეთე, როგორიც, დაახლოებით, დამოუკიდებლობის მიღება. დამოუკიდებლობის მიღება ხომ თავისთავად კარგია, მიუხედავად იმისა როგორი ხელისუფლება გყავს?! დაახლოებით ასეთი ამბავია ეს.
მე თუ მკითხავთ, სხვა არგუმენტი საინტერესო აღარც არის. მაგრამ, მაინც განვიხილოთ:
არგუმენტი მეორე: ამბობენ, რომ რეალურად, ჩვენ ამით ევროკავშირში ვერ შევალთ. და, უბრალოდ ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში პრორუსული და ანტიდასავლურია, თავის მოყოყმანე ამომრჩევლებში ამ მოსაზრებას გააქარწყლებს. იტყვის, რომ “ჩვენ არ ვართ ანტიევროპელები, აი, ეს აღიარა ევროპამ! ” და თითქოს ამით მუხტი ჩაცხრება.
ეს არგუმენტი უმართებულოა!
ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ასე იტყვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ყველა დაიჯერებს. და, ეს დამოკიდებულია იმაზე, რას იზამს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
- “რისკია”, “რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა” – ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე და სასამართლოზე
- შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო” – დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
- რუსული სამთავრობო მედია: საქართველო მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს
- “ჩვენ ყველა შესაძლებლობა გავუშვით”- რა შეცვალა უკრაინის ომმა საქართველოში. ანალიზი
არგუმენტი მესამე: ასევე ძალიან სუსტი არგუმენტია, რომ “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში დიდი ხნით, რადგან თავად მიიწერს სტატუსის მიღებას. სტატუსის მიღებით არაფერი მთავრდება, პირიქით, მთელი რიგი გამოწვევები ექნება ხელისუფლებას.
თუ “ოცნება” დარჩება პრორუსულად და ამ ყველაფერს არ შეასრულებს, ხალხი ამას მიხვდება, სათანადოდ შეაფასებს. მაგრამ, აქაც, ისევ და ისევ, ოპოზიცია უნდა იყოს მზად – როგორ უხსნის ხალხს ამ ყველაფერს. რუსული კანონის მიღების შემთხვევა გავიხსენოთ, იძახა ხელისუფლებამ, რომ ამერიკულია ეს კანონიო, მაგრამ არ დაიჯერა ხალხმა, იმიტომ, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ აუხსნა მათ, რომ ეს ასე არ იყო.
თუ ოპოზიციაში არის მეინსტრიმი, რომ სტატუსი არ გვინდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ძალიანაც გაუადვილდება მისთვის მომგებიანი პროპაგანდის წარმოება. მაგრამ, თუ ოპოზიცია ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, მაშინ ასე ადვილად ვერ მიითვისებს ამას ხელისუფლება.
არგუმენტი მეოთხე: სტატუსის მიღება, გარდა სხვა ბენეფიტებისა და გარკვეულ ფონდებზე გზის გახსნისა, გულისხმობს მეტ ვალდებულებას. სახელმწიფო იღებს ბევრ ვალდებულებას ევროკავშირის წინაშე, მათ შორის, მონიტორინგის თვალსაზრისით, არჩევნებზე დაკვირვების თვალსაზრისით.
რასაკვირველია, აქაც შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება აიღებს ამ ვალდებულებებს, მაგრამ არ შეასრულებს. მაგრამ ხომ ჯობია ეს ვალდებულებები არსებობდეს?! იგივე ოპოზიციური განწყობის თვალსაზრისითაც. ბოლოს და ბოლოს, თუ არ შეასრულებს, მოვკითხავთ! თუ არ იქნება ეს ვალდებულებები, მაშინ რა უნდა მოვკითხოთ.
არგუმენტი მეხუთე: თუ ვერ მივიღეთ სტატუსი, ეს გააძლიერებს ევროსკეპტიციზმს. სახელისუფლებო პროპაგანდა ისეც აგებულია შემდეგ ნარატივზე: “ნატო და ევროკავშირი ჩვენ მაინც არ გვიღებს, არ ვუნდივართ. ისინი თავზე გვახვევენ ლგბტ პროპაგანდას, დედა დედას აღარ უნდა გავდეს. ჩვენ ამას არ ვიღებთ, იმიტომ, რომ ტრადიციული მორალის ხალხი ვართ. ასეთები კი არ ვუნდივართ და რა ვქნათ!”
ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. 90-იან წლებში თქვა ჭაბუა ამირეჯიბმა, “ჩვენ ობოლი ერი ვართო”, აი, ეს პროპაგანდა იქნება თუ სტატუსი ვერ მივიღეთ.
და ბოლოს: ბევრი ამბობს, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის. კი ბატონო, ამას ვეთანხმები, მაგრამ, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რაც ევროკავშირს აქვს, ის არც მოლდოვას და უკრაინას ეკუთვნის. ეს არის მთლიანად პოლიტიკური ამბავი, რომელიც მოიტანა უკრაინაში ომმა და უკრაინელი ხალხის გმირულმა ბრძოლამ.
მაგრამ, ეს არის მომენტუმი, რომელიც ახლა არის გამოსაყენებელი. რადგან არ ვიცით გვექნება თუ არა ეს შესაძლებლობა მერეც, როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ომი დასრულდება.
კანდიდატის სტატუსი