დიდი პროტესტის გამოცხადებული დღე: იქნება თუ არა ახალი გადატრიალება აფხაზეთში?
აქცია და გადატრიალების რისკი აფხაზეთში
აფხაზეთში პრეზიდენტის სასახლე ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით შემოღობეს. ასე ემზადება ხელისუფლება 30 მაისს დაგეგმილი ოპოზიციის აქციისთვის. აფხაზეთის ხელისუფლებას ეშინია, რომ მიტინგმა შეიძლება უმართავი სახე მიიღოს და საბოლოოდ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდეს.
“სახალხო აქცია” – როგორც ოპოზიცია უწოდებს – სოხუმში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
მთავარი მოთხოვნა ალექსანდრ ანქვაბის ხელმძღვანელობით მთავრობის გადადგომაა. ოპოზიცია ასევე ითხოვს რამდენიმე კანონპროექტის გაუქმებას ან მორატორიუმის დაწესებას, მათ შორის ბიჭვინთაში ცნობილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე და ბინების უცხოელებისთვის მიყიდვის ნებართვაზე.
ექსპერტების თქმით, ოპოზიციის მხარდასაჭერად ქუჩებში შესაძლოა 5000-მდე ადამიანი გამოვიდეს.
ხელისუფლება ალტერნატიული აქციის გამართვას აპირებს
გუშინ ღამიდან სამთავრობო შენობების კომპლექსთან აღმართულია რკინის ღობეები, სადაც დგანან სკოლის ავტობუსები და ურალის სამხედრო სატვირთო მანქანები.
უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომის სახით, მათ დაანგრიეს 2022 წელს დამონტაჟებული დეკორატიული ხიდი მდინარე სოხუმკას სანაპიროზე, პრეზიდენტის სასახლის წინ.
გარდა ამისა, ხელისუფლება მხარდამჭერთა მობილიზებას ახდენს. სახელმწიფო სტრუქტურებს საიდუმლოდ გადაეცა ბრძანება, თუ რამდენი თანამშრომელი უნდა მივიდეს პრეზიდენტის სასახლესთან ხელისუფლების მხარდასაჭერად.
აქციის წინა დღეს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი აარიდონ არეულობას და აქცია კანონის ფარგლებში გამართონ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარემ, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ აქციის მიმდინარეობისას, მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება ფოტო და ვიდეო გადაღება. ასევე, წესრიგის დარღვევის ფაქტებზე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები წინასწარ შეიქმნა.
მსგავს ზომებს – როცა ძალოვანი სტრუქტურების გარდა, ხელისუფლების რიგითი მხარდამჭერები არიან მობილიზებული – თავისი ახსნა აქვს: ხელისუფლებას ეშინია მორიგი გადატრიალების.
ბოლო ათი წლის განმავლობაში – 2014 და 2020 წელს – მსგავსი საპროტესტო აქციები პრეზიდენტის სასახლის შტურმით და სახელმწიფოს მეთაურის ვადაზე ადრე გადადგომით დასრულდა. ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში თავად მოქმედი პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც.
- ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა, მისი კონკურენტები ერთობლივი მუშობისთვის მზაობას გამოთქვამენ
- მოსაზრება: როდის დასრულდება აფხაზეთში პრეზიდენტების ჩამოგდება
- ”აფხაზეთის ნებისმიერ ლიდერს ორი პრობლემა აქვს: დახმარება უნდა ითხოვოს და ახსოვდეს, რომ ამისთვის გადახდა მოუწევს”
კრიმინალები მხარს უჭერდნენ ოპოზიციას? დაკავებები აქციის წინა დღეს
აქციის წინა დღეს მასობრივი დაკავებები მოხდა. მათ შორის დაკავებულია ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას ბიძაშვილი. აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა დაკავებული არის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და აქტიური წევრი, რომლებიც გავლენას ახდენენ რესპუბლიკაში კრიმინოგენურ ვითარებაზე.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, პოლიციის განყოფილებაში სულ რვა ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდი.
ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოიყვანოს ქუჩაში და ძალოვნები გადმოიბიროს
შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ და მოძრაობამ გაავრცელა ერთიანი მიმართვა ყველა ძალოვანი უწყების მიმართ:
„თქვენ ემსახურებით აფხაზ ხალხს და ჩვენ გვჯერა თქვენი! თქვენ არ ხართ ისეთები, როგორადაც უნდათ თქვენი გადაქცევა! დღეს ხელისუფლება მზადაა გაყიდოს ქვეყანა, შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში უცხო კანონები, ააშენოს სახლები და დაურიგოს ჩვენი საუკეთესო მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ კრიმინალური ბრძანებები, არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ!“.
აფხაზეთის კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობას სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში.
ოპოზიციამ მოქმედი სამართალდამცველების მშობლებსაც მიმართა:
„თქვენს შვილებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, რათა დაუპირისპირდნენ თავიანთ ხალხს დღევანდელი რეჟიმის დასაცავად.”
ოპოზიციას მხარი დაუჭირა ახრა ავიძბამ, რომელმაც წინა გადატრიალება მოაწყო
ცნობილმა სამხედრომ ახრა ავიძბამ ოპოზიციის მოთხოვნებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ის გასამხედროებული ჯგუფის, „პიატნაშკას“ ხელმძღვანელია, რომელიც დონბასში რუსეთის მხარეს 2014 წლიდან იბრძვის.
სწორედ ავიძბა შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში 2020 წელს მომიტინგეებთან ერთად, რის შემდეგაც მაშინდელი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო.
ვადამდელი არჩევნების შედეგად პრეზიდენტი მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია გახდა.
ახრა ავიძბას ღვაწლი დაუფასეს და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრცევლად დანიშნეს. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ავიძბა პრეზიდენტთან მწვავე დაპირისპირებაში შევიდა და თანამდებობა დატოვა.
მოგვიანებით ავიძბა და მისი ხუთი ხელქვეითი აფხაზეთის ხელისუფლებამ დააკავა. თავდაპირველად მათ ბრალი ედებოდათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა, თუმცა, მოგვიანებით ბრალდება „იარაღის უკანონო შენახვით“ შეიცვალა და შედეგად, ავიძბას მიესაჯა სამი წლით პირობითი პატიმრობა.
ოპოზიციისადმი გამოხატული მხარდაჭერის მიუხედავად, ახრა ავიძბა, სავარაუდოდ, პირადად არ მიიღებს მონაწილეობას აქციაში. ის ახლა დონეცკის მახლობლად თავის ქვედანაყოფთან ერთად იმყოფება.
კომენტარი
JAMnews-ის რედაქტორი აფხაზეთში / გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი
„ეს დღე ნამდვილად რთული იქნება. გუშინაც გამიჩნდა ეჭვი, რომ ოპოზიცია შეძლებდა აქციაზე დიდი რაოდენობის ხალხის გამოყვანას. მაგრამ ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღების შემდეგ – როცა ახლახან დამონტაჟებული ხიდიც კი დაანგრიეს და სამხედრო ტექნიკა შემოიყვანეს – დარწმუნებული ვარ ის ხალხიც მივა, ვისაც გუშინ ამაზე არ უფიქრია…
ხელისუფლების ამგვარმა დემონსტრაციულმა თავდაცვამ საკუთარი მოქალაქეებისგან, შეიძლება მხოლოდ აფხაზური საზოგადოების პროვოცირება გამოიწვიოს.
კიდევ ერთი კითხვა – როგორ დასრულდება ეს ყველაფერი?
თუ ოპოზიცია ვა ბანკზე წავა და პრეზიდენტის სასახლეზე იერიშს დაიწყებს, და ეს მცდელობა წარუმატებლად დამთავრდება, მაშინ ყველაფერს დაკარგავს. ამის შემდეგ, პრეზიდენტი ასლან ბჟანია აუცილებლად მიიღებს კარტ ბლანშს ყველა შემდგომი ქმედებისთვის. ანუ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ახლა შეჩერებულია, თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღებს.
მაგრამ თუ ოპოზიცია უარს იტყვის პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, მაშინ ასლან ბჟანია ამ ბრძოლაში დამარცხდება.
და მომავალში მას მოუწევს გათვალისწინება არა მხოლოდ ოპოზიციის აზრის, არამედ ყველასი, ვინც მისი პოლიტიკით კმაყოფილი არ არის.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო