ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 77% ემხრობა, ნატო-ში - 74%
აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირსა და ნატო-სადმი დამოკიდებულებას შეეხო.
ევროკავშირი და ნატო
NDI-ის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გამოკითხული მოსახლეობის 77%-ისთვის მისაღებია. 13%-სთვის – მიუღებელი.
• ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი
კვლევების დროს მოსახლეობას დაუსვეს კითხვა, რატომ არის მათთვის მისაღები ევროკავშირი. გაწევრიანების მომხრეებიდან 66 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას, ასევე, 41 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 17 პროცენტი ფიქრობს, რომ შექმნის მეტ სამუშაო ადგილს ევროკავშირში გაწევრიანება.
იმ მოქალაქეებიდან, კი ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, 39 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან, 31 პროცენტის თქმით, „მე რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობა მირჩევია“.
კვლევის მიხედვით, ხვალ რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, მოსახლეობის 68% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.
ნატო-ში ინტეგრაციას მოსახლეობის 74 პროცენტი უჭერს მხარს. გამოკითხულთა15 პროცენტისთვის კი ეს მიუღებელია.
იმ მოქალაქეებისთვის, ვისთვისაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მისაღებია, კითხვაზე თუ რატომ არის მისაღები ნატო, მათი უმრავლესობა, 53 პროცენტი, აფიქსირებს, რომ „ეს უზრუნველყოფს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას.“
გარდა უსაფრთხოებისა, გამოკითხულთა 37 პროცესი ნატოში გაწევრიანებით ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან. ნატოში გაწევრიანების მომხრეების ნაწილი, 27%, კითხვაზე თუ რატომ არის მისაღები ნატო, ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობები გაიზრდება.
ხოლო გამოკითხული მოქალაქეები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას არ ეთანხმებიან, კითხვაზე, თუ რატომ არ არის მისაღები ნატო, რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობას ასახელებენ. ასე გამოკითხულთა 51 პროცენტი ფიქრობს.
ამას გარდა, 12 პროცენტის აზრით, ნატოში გაწევრიანება მიუღებელია, რადგან, საქართველო მეტ ტერიტორიას დაკარგავს.
2019 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის მონაცემებით, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანება მისაღები იყო 72 პროცენტისთვის, ხოლო ნატო-ში – 64 პროცენტისთვის.
ვიზალიბერალიზაცია და მიგრაცია
NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 90%-ს ვროკავშირთან 2017 წელს ამოქმედებული ვიზალიბერალიზაციით არ უსარგებლია.
5% პასუხობს, რომ ევროპაში მას შემდეგ ერთხელ იმოგზაურა, 3 პროცენტმა კი ეს რამდენიმეჯერ მოახერხა.
კითხვაზე, “1991 წლიდან დღემდე, გიცხოვრიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა 3 თვის მანძილზე“, 73% პასუხობს, რომ არ უცხოვრია, 25% პასუხობს, რომ უცხოვრია, 1%-მა არ იცის, ხოლო 1%-იც კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობს.
იმ 25%-დან, რომელიც ამბობს, რომ საზღვარგარეთ სულ ცოტა სამი თვის მანძილზე მაინც უცხოვრია, 33% პასუხობს, რომ ევროპაში უცხოვრია, 31% – რუსეთში. თურქეთს ასახელებს 20%, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს კი – 15%. 3% ამბობს, რომ აშშ–ში უცხოვრია, 1% – ახლო აღმოსავლეთი, 1% – აზია, 9% – სხვა.
საბჭოთა კავშირი
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 39% რომ ცუდი მოვლენა იყო, 11%-მა არ იცის.
შედარებისთვის – 2018 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოსთვის კარგ მოვლენად საბჭოთა კავშირის დაშლას 43% მიიჩნევდა, უარყოფითად 42% აფასებდა, არ იცოდა 14%-მა. 2017 წლსი აპრილში კი, მოსახლეობის 48% ამბობდა, რომ საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 42% კი ამბობდა, რომ ცუდი იყო, არ იცოდა 10%მა.
ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).