რა სჭირს სკოლას? ექვსი მთავარი პრობლემა საქართველოს სასკოლო განათლებაში
რა პრობლემებია სკოლებში
გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) კვლევის მიხედვით, სკოლაში მყოფი ბავშვების თითქმის 80%-ის მშობლები/ოჯახის წევრები კმაყოფილნი არიან სკოლის მიერ მიცემული განათლების ხარისხით. ამავდროულად, ამავე ასაკის ბავშვების თითქმის 19%-ს ჰყავს კერძო მასწავლებელი და ამდენივე პროცენტს აქვს ამის სურვილი, თუმცა ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებს — ეს მიზეზი დასახელდა 87%-ის მიერ.
იმის გათვალისწინებით, რომ სკოლების მიმართ უკმაყოფილება ხშირად გვესმის, კვლევის ეს შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დოკუმენტში არ არის მოცემული მიზეზები, რა იწვევს მშობლების კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას განათლების ხარისხით.
JAMnews ესაუბრა განათლების სფეროს სპეციალისტებს, ექსპერტებს, რომლებმაც საქართველოში სასკოლო განათლების მთავარი ხარვეზები ჩამოგვითვალეს.
პრობლემები გვარდება ძალიან ნელა
განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, სასკოლო განათლების და სკოლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი არის ის, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიშობა ამ სფეროში – დიდი თუ პატარა, გვარდება ძალიან ნელა.
“სასკოლო სისტემა და სკოლები, როგორც ორგანიზაციები ძალიან ნელა ვითარდება. თვისებრივად არ იცვლება არც სასწავლო პროცესი, არც მართვის პრინციპები, მარტივი პრობლემების გადაჭრას სისტემა უნდება წლები. თუ არ დაჩქარდა სისტემის განვითარება, ამ პრობლემების მოგვარებას მოვუნდებით საუკუნეები,” – აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ხელს უშლის სკოლას განვითარებაში.
“მაგალითად, ავიღოთ, შესყიდვების სისტემა. ძალიან ხანგრძლივი პროცესია საჭირო იმისთვის, რომ მარტივი ტექნიკური პრობლემა გადაიჭრას, ვთქვათ, იყიდონ ქაღალდი, პრინტერის კარტრიჯი და ა.შ.,” – ამბობს ის.
სიმონ ჯანაშიას თქმით, აღნიშნულ პრობლემას აღიარებს ყველა, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები პირები. თუმცა, ამბობენ, რომ არ იციან გზა, როგორ გადაჭრან.
“არსებობს რეგულაცია მერხის და სკამის ზომაზე, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ, ვთქვათ, ბავშვი მაღალია? — ჩემს შვილს ჰქონდა ეს პრობლემა. როცა ეუბნები, რომ სხვა სკამზე უფრო მოხერხებულად იჯდება მაღალი ბავშვი, გპასუხობენ, რომ მართალი ხარ, მაგრამ როცა სთავაზობ, მოდი, შევცვალოთ სკამი, მერე იწყება ბიუროკრატიული გამართლებების მოძებნა – სკოლა ამბობს, რომ ავტორიზების სტანდარტით, დაწყებით საფეხურზე განსაზღვრულია მერხის ზომა, რომელსაც სახელმწიფო მერე ამოწმებს და ბავშვს სხვა სკამთან ვერ დასვამენ.”
ცენტრალიზებული მართვა
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბიუროკრატიული ბარიერებიც და ყველა სხვა პრობლემაც გამომდინარეობს იქედან, რომ სკოლები და სასკოლო განათლება ცენტრალიზებულად იმართება.
განათლების ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის თქმით, განათლების პოლიტიკა ზერეგულირებულია და ამ რეგულაციების მოფიქრებისა და შემოწმების პროცესისთვის განკუთვნილი ფულით საზრდოობს მმართველი ძალა და მმართველ ძალას დაქვემდებარებული ბიუროკრატია.
_____________________________________________________________________________
● როგორ ათხოვებენ საქართველოში არასრულწლოვან გოგონებს
● “დედამთილი სულ მითითებებს მაძლევს. შეპასუხება არ შეიძლება” – ქალები პანდემიაში. ექვსი ამბავი
● 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
_____________________________________________________________________________
“ვინ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ მართავს სკოლას? კანონი თითქოს გვეუბნება, რომ სკოლას შეუძლია, აირჩიოს დირექტორი, მაგრამ სინამდვილეში ისეთი რეგულაციებია, რომ პრაქტიკულად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიშნავს,” – ამბობს თამარ მოსიაშვილი.
სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სისტემა ერთგვაროვნად უდგება სხვადასხვანაირ სკოლებს, მიუხედავად მათი საჭიროებებისა და ეს აფერხებს მათ განვითარებას. მისი თქმით, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ავტონომია კარგია, ზოგჯერ კი უმჯობესია, სკოლამ დათმოს ავტონომიის ნაწილი, რომ სწრაფი განვითარება მიიღოს.
განათლების ექსპერტი ამბობს, რომ სოფლებში მცირეკონტინგენტიან სკოლებს, რომლებსაც დაბალი ბიუჯეტი აქვთ, უჭირთ, მაგალითად, ფინანსისტის პოვნა, რომელსაც ეცოდინება შესყიდვების კანონის გამოყენება.
“შესაბამისად, უჭირთ გარკვეულ საკანონმდებლო გარემოში ფუნქციონირება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ამის გამოსავალი ის კი არ არის, რომ მეტი ავტონომია მივცეთ, არამედ, შესყიდვის ფუნქცია გადავიდეს, მაგალითად, რაიონის დონეზე”.
თამარ მოსიაშვილის თქმით, ცენტრალიზებული მიდგომის გამო სასარგებლო და საჭირო ინიციატივებიც ზარალდება, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა მასწავლებელთა პროფესიის რეგულირების წესი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის მიხედვით სხვადასხვა სტატუსის მინიჭებას.
პრობლემა იმაშია, რომ სისტემისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც პედაგოგებს და სკოლის მუშაკებს ეხება, მათი მონაწილების გარეშე, დახურულ კარს მიღმა მიიღება, ამბობს განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია.
გიორგი ჭანტურიას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს პორტფოლიოს წარდგენის წესი, რომელსაც მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, დაწინაურებისთვის მასწავლებლებს, გარდა გამოცდის ჩაბარებისა, დაევალათ პორტფოლიოს წარდგენა. ეს გადაწვეტილება, შესაძლოა, თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ მასწავლებელთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ვადები, ნაწილისთვის კი პორტფოლიოს დაკავშირება სტატუსის ცვლილებასთან. საბოლოოდ, მასწავლებლებთან მინისტრის შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადა ერთი თვით გადაიწევდა.
“არასწორი დამოკიდებულებაა, რომ მინისტრმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა უკეთ იცის, როგორ გადაუჭრან პრობლემები მასწავლებლებს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი განათლების სისტემა ძალიან არადემოკრატიული პრინციპებით იმართება. ამ ცენტრალიზებიდან გამომდინარეობს სხვა პრობლემები, თუნდაც უთანასწორობა, ის, რომ მოსწავლეების შიმშილი არის სერიოზული პრობლემა და რამდენიმე წელია ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა”, — ამბობს გიორგი ჭანტურია.
განათლების ხელმისაწვდომობა და უთანასწორობა
არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში დიდ გამოწვევად რჩება უთანასწორობა განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
unicef-ისა და საქსტატის ანგარიშის, „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ მიხედვით, საქართველოში ბავშვების 37.8 პროცენტს მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს. გარდა ამისა, შედეგები გვაჩვენებს, რომ სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა — ბავშვების მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სასკოლო საათების პერიოდში, ხოლო ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%). მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ბევრად უფრო დიდია ალბათობა, რომ ისინი არასდროს იკვებებიან სასკოლო საათებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისაც არ გააჩნია მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%).
მიზეზები, თუ რატომ არ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათების განმავლობაში, განსხვავებულია ქალაქი/სოფლის მიხედვით. სოფლად ყველაზე მთავარ მიზეზად სკოლაში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე საკვების შეძენის შეუძლებლობა დასახელდა. ეს მიზეზი დაფიქსირდა იმ შემთხვევების 47.9 პროცენტში, როდესაც ბავშვები არ იღებენ საკვებს სასკოლო საათების განმავლობაში. ქალაქის ტიპის დასახლებებში საკვების ობიექტები არარსებობა სკოლაში ან მის სიახლოვეს უფრო იშვიათია (28%), მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი მიზეზები: არ აქვთ ფული საკვების საყიდლად ან წასახემსებლის გასატანებლად (24.1%) და მშობლებს ეჭვი ეპარებათ ნაყიდი საკვების ხარისხში (14.2%). უფრო თვალშისაცემი განსხვავება დაფიქსირდა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის: იმ მიზეზებს შორის, თუ რატომ ვერ იკვებებიან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები სკოლის პერიოდში, 37.7 პროცენტის შემთხვევაში სკოლაში საკვების საყიდლად ან გამზადებული საკვების სახლიდან წასაღებად არასაკმარისი თანხა სახელდება. იმავე მიზეზით სასკოლო საათებში საკვების მიღებას ტოვებს მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების 3.3 პროცენტი.
გიორგი ჭანტურიას თქმით, კვების პროგრამას აქვს არამხოლოდ სოციალური, არამედ, საგანმანათლებლო დანიშნულებაც და ეს ბავშვების აკადემიურ განვითარებაზე მნიშვნელოვნად აისახება.
უთანასწორობა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოჩნდა, როცა დაიკეტა სკოლები და სწავლა დისტანციურ ფორმატში გადავიდა. 2020 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაშინ, როცა პანდემიის დროს სკოლები დაკეტილი იყო და ბავშვებს განათლება ინტერნეტით უნდა მიეღოთ. ამასთან. unicef-ის იმავე წლის მაისის ანგარიშის (“მოწყვლადი ბავშვები და რისკები ახალი კორონავირუსის (COVID-19) დროს”) მიხედვით, 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა საცხოვრისში. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ 4-დან 17 წლამდე ასაკის 75 000 ბავშვს სახლში სამზე ნაკლები წიგნი აქვს.
რეგიონებში ბავშვებს კიდევ უფრო მეტად უჭირთ, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. კიდევ ერთი ავტორიტეტული კვლევის, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ბოლო, 2018 წლის მონაცემების თანახმად, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიღწევები კითხვაში 68 ქულით ნაკლებია მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებისაზე. განსხვავებდება ქალაქსა და რეგიონებში კითხვის დონეც.
“სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ჯგუფებს, ოჯახებს აქვთ განვითარების შესაძლებლობა და დანარჩენებს არ აქვთ. გვაქვს ელიტური სკოლები, სადაც პრივილეგირებული ჯგუფები სწავლობენ და იქ კვებაც უზრუნველყოფილია, პროგრამებიც განსხვავებულია, ინფრასტრუქტურა უკეთესია და ა.შ. მეორე ნაწილი ამ ყველაფერს ფაქტობრივად მოწყვეტილია და ვხედავთ, რომ ამ ადამიანების განვითარება ხდება აბსოლუტურად სხვანაირად — ერთნი უფრო პროგრესისკენ მიდიან, მეორენი კი მოქცეულნი არიან სიღარიბის მოჯადოებულ წრეში. უფრო ფართოდ და ბევრ წელზე თუ შევხედავთ, სკოლებიც ფაქტობრივად ხელს უწყობენ ამ უთანასწორობის და სეგრეგაციის კვლავწარმოებას, როცა პირიქით, უნდა ამცირებდნენ”, — აღნიშნავს გიორგი ჭანტურია.
განათლების ხარისხი
სიმონ ჯანაშიას თქმით, ბავშვების შეფასება უამრავი სხვადასხვა კვლევით მოხდა და ჩანს, რომ საქართველოს სკოლებში საბაზისო უნარების განვითარება არ ხდება ისე, როგორც სასურველია.
მთელ მსოფლიოში მოსწავლეთა შეფასების ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა არის PISA. PISA-ს ბოლო კვლევა 2018 წელს გამოქვეყნდა და ამ მონაცემებით, საქართველოს სკოლებში განათლების ხარისხი სახარბიელო ნამდვილად არ არის.
PISA-ს ფარგლებში შეფასდა მოსწავლეთა კომპეტენციები კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კვლევაში მონაწილეობდა 79 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული. მათგან 37 ქვეყანა OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრია ანუ განვითარებული ქვეყნები, ხოლო დანარჩენი 42 (მათ შორის, საქართველო) — OECD-ის პარტნიორი ანუ განვითარებადი ქვეყნები.
კითხვის მაჩვენებლებით ქართველი მოსწავლეები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების მოსწავლეებს და ბევრ განვითარებად ქვეყანასაც. საქართველოს რეიტინგული ადგილი 79 ქვეყნიდან 70-71-ე ადგილებს შორის დიაპაზონშია. საქართველოს მოსწავლეთა 64 პროცენტი კითხვაში საბაზო დონის ქვემოთაა, 36 პროცენტი საბაზო დონეზეა, ხოლო მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 2 პროცენტი აღმოჩნდა. ბევრად უკეთესი მდგომარეობა არც მათემატიკაშია. საქართველოს რეიტინგული ადგილი 63-68 ადგილებს შორის არის მოქცეული. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშიც საქართველოს რეიტინგული ადგილი მხოლოდ 71-ე და 74-ე ადგილებს შორისაა.
“ბავშვებს კითხვის უნარები არ აქვთ განვითარებული, არადა ეს არის საბაზისო უნარი იმისთვის, რომ შემდეგ სხვა უნარები განივითაროს. მაგალითად, კითხვის უნარები თუ არ აქვს, რთული ხდება კრიტიკული უნარების განვითარება, იმიტომ, რომ რაღაც მასალაზე უნდა დაეყრდნოს ეს მსჯელობა. ისტორიას, ბიოლოგიას ვერ ისწავლის, თუ კითხვის უნარები არ აქვს”, — აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ სასკოლო განათლების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს.
“გვყავს უამრავი მოსწავლე, რომლებსაც რეალურად აქვთ პრობლემა მინიმალური კომპეტენციების დადასტურების კუთხით და რაც მთავარია, სკოლა არამხოლოდ ვიწროდ საგნობრივი კომპეტენციების მიღების, არამედ უფრო ფართო ინსტიტუცია, მათ შორის, სოციალური ინტეგრაციისთვის, სოციალური პროგრესისთვის. ეს დანიშნულება ჩვენთან არ არის აღქმული, მათ შორის, სამინისტროს მხრიდანაც. მათთვისაც სკოლას აქვს ვიწრო დანიშნულება, რომ ბავშვი მივიდა, პირობითად, ისწავლა მათემატიკა და გამოვიდა იქიდან”, — ამბობს ჭანტურია.
პოლიტიზებული სკოლები
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სკოლებში პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების დისკმრიმინაცია თუ საარჩევნო პროცესში მასწავლებლების ჩართვა. ამის შესახებ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს თავის ანგარიშში. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ხშირად ხდება საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის იძულება და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება.
2018 წლის 2 დეკემბერს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით გარდაიცვალა. ამ ფაქტს წინ უძღოდა წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა,
კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. უწყების მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და ,,სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა” გამოავლინეს. თუმცა, სკოლის დირექტორი შემოწმებას იმით ხსნიდა, რომ წინასაარჩევნოდ მასზე ზეწოლას ცდილობდნენ: სთხოვდნენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობას, უარის მიღების შემდეგ კი სკოლიდან გაგდებით დაემუქრნენ და ინსპექტირება დაიწყეს.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ანგარიშის მიხედვით, ია კერზაიას სკოლის ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, მართლაც იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები.
ეს ერთი შემთხვევა არ არის, სკოლის დირექტორებზე ზეწოლის. 2021 წელს ორგანიზაციამ გამოქვეყნა დოკუმენტი, რომელიც, მათი ინფორმაციით, წყარომ ანონიმურობის დაცვის გარანტიით მიაწოდა. ISFED-ის განცხადებით, დოკუმენტში ჩანს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.
გარდა ამისა, ბოლო წლებში ორგანიზაცია აქტიურად საუბრობს არასასურველი დირექტორების მიმართ სადამსჯელო მექანიზმად უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამოყენებაზე — როცა ზოგიერთ დირექტორს ხელშეკრულება გაუგრძელეს, ზოგიერთს კი — არა.
2022 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც, მათი განცხადებით, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის ([email protected]), 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტებს მოიცავდა. ამასთანავე, იქ არსებული გარკვეული მონაცემები გადამოწმდა საჯარო წყაროებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის მეშვეობით. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა და წყაროს მიერ მიწოდებულ დოკუმენტში ამ 112 დირექტორიდან 95 იყო შეფასებული.
“საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას – 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა”, — აცხადებენ ორგანიზაციები.
ბულინგი
ბულინგი არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა სხვა ადამიანზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში. unicef-ის მიხედვით, არსებობს ბულინგის სამი ტიპი: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. ბულინგისათვის დამახასიათებელი ქცევებია: დამამცირებელი ზედმეტი სახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვების დაწერა, ნივთების ან ფორმის წართმევა, წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, საერთო საქმიანობიდან გარიყვა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, ცილისწამება, მსხვერპლის უხერხულ, არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება, რომ იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ და ა.შ.
სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად მზარდია ბავშვთა მიმართ ძალადობის საფუძველზე მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრისადმი მიმართვიანობა, რომელმაც 2022 წელს 315-ს მიაღწია და საერთო მიმართვიანობის 16% შეადგინა.
“თუმცა შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ, როგორც ბავშვთა მიმართ, ასევე, მათ შორის ძალადობის თავიდან არიდება და სპეციალისტების მხრიდან შემთხვევებზე რეფერირების პროცედურების შესაბამისად რეაგირება კვლავაც არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ამ მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის, ფიზიკური დასჯის აკრძალვა და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება, რაც 2022 წელს 79 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა”, — აღნიშნულია ანგარიშში.
გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, რომ სკოლებში ბულინგი ხდება არამხოლოდ მოსწავლეებს შორის, არამედ, ზრდასრულების, მათ შორის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეებზე. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა”. დოკუმენტში ჩანს, რომ აშკარაა ჩაგვრა და როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა მასწავლებლების მხრიდანაც.
მოსწავლეების მიერ უფროსების მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: „დებილო!“, „სულელო“, „უჭკუო“, „დაუნო“ „ლაწირაკო“, „უტვინოებო, ბატებო, ჩლუნგებო“, „სახედრებო“, „თახსირშვილებო“, „ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით“, „დედა ნახე, მამა ნახე…“, „თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით“, „ეშმაკსაც წაუღიხართ“, „ოჯახში არ იზრდები?!“, „ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი“, „შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი“, „ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს“, „სისხლი გაგიშრათ თქვენ“, „მათხოვრებო“, „დეგენერატებო“, „საღორეში იზრდებით“, „წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“.
კვლევაში წერია ისიც, რომ ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა/მოქაჩვა, პწკენა, ხელით შეხება/დარტყმა, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება.
“ორივე მიმართულებით სერიოზული სამუშაოა საჭირო. ამას ბევრი რამე უწყობს ხელს. ზოგადად, სკოლა არის ღია ინსტიტუცია და მასზე გავლენას ახდენს არამხოლოდ შიგნით სკოლაში მიმდინარე პროცესები, არამედ, გარე კონტექსტიც. მაგალითად, სვანეთის რომელიმე სკოლა და თბილისის ცენტრში რომელიმე სკოლა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი რეგულაციები მოქმედებს, რადგან გარე კონტექსტი არის განსხვავებული. გარეთ თუ გავიხედავთ, ეს ძალადობრივი გარემო, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ჩხუბი, ფიზიკური ანგარიშსწორება არის ნორმალიზებული და რაც ნორმალიზებულია, ცხადია, ასახვას პოვებს სკოლაშიც. სკოლებში ამ მიმართულებით თუ რამე იცვლება, შესაძლებელია, ეს ცვლილებები ისევ გარე ფაქტორებიდან გამომდინარეობდეს და არა იმიტომ, რომ განათლების პოლიტიკაში რამე ინტერვენცია განხორციელდა. არ მახსენდება სახელმწიფოს მხრიდან რამე გეგმა ან პროგრამა, რომელიც არ პრობლემაზე იქნებოდა მიმართული”, — ამბობს გიორგი ჭანტურია.