კატრინ კოლონა: ევროკავშირის გზაზე, სამართალი და მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია
კატრინ კოლონა საქართველოში
საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის გზაზე, სამართალი და მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია.
მისივე თქმით, საქართველოს გაუმართლა, რომ დინამიკური, მომთხოვნი სამოქალაქო ორგანიზაციები ჰყავს. კოლინამ ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით თუ რა ხდებოდა პარლამენტში კანონპროექტთან [ე.წ. აგენტების კანონი] დაკავშირებით.
“ჩვენ ვნახეთ აქციები, დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს ფაქტს, რომ თქვენ ითხოვდით თავისუფლებას და უკეთეს დემოკრატიას, შედეგი კარგი იყო. პრეზიდენტი მაკრონიც მხარს უჭერდა სპონტანურ მოძრაობას ახალგაზრდების მხრიდან და ქართველი ხალხის მხრიდან. ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს თეთრზე შავით დაწერილი საგზაო რუკა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. […] მე ხელისუფლებას განვიხილავ ყველა საკითხს, მაგრამ არა საჯაროდ.” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კოლინამ ასევე აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი მიჯაჭვულობა ევროკავშირთან:
“ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე გავლა და საგარეო მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება. განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში და რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო. სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენ რა თქმა უნდა მოწადინებულნი ვართ, რომ ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები, გზა არის გასავლელი, მაგრამ ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ.”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ რეკომენდაციების შესრულების მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და რეკომენდაციების სრულად შესრულებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება.
„მე ვუთხარი ქალბატონ მინისტრს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ასევე, ქალბატონ მინისტრს გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა თუ რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ხელისუფლებამ. მე მას ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს, უკვე ჩატარებული რეფორმების, რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია.” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
● პოლონეთის საგარეო მინისტრი: მუდამ ვუჭერდით მხარს ქართველების მისწრაფებას, ჰქონოდათ თავისუფლება
● ანალენა ბერბოკი: ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში
● ბრიტანეთის საგარეო მდივანი: გააძლიერეთ ვალდებულებები მედიის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე
კატრინ კოლონა უკვე მეოთხე ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც საქართველოს ბოლო პერიოდში ეწვია.
27 აპრილს საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ ჩამოვიდა, რომელმაც ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლონეთი მუდამ უჭერდა მხარს ქართველების მისწრაფებას, ჰქონოდათ თავისუფლება.
მანამდე 23 მარტს საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვია და განაცხადა, რომ მათ სურთ იხილონ საქართველო ევროკავშირში. ბერბოკის თქმით, რუსული კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, საქართველოს მთავარი პოლიტიკური ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება.
გერმანელი დიპლომატის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი, ჯეიმს ქლევერლიც ეწვია.
ჯეიმს ქლევერლიმ განაცხადა, რომ დემოკრატიის გასამყარებლად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მოუწოდებს, რომ მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით ვალდებულებები გააძლიეროს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის ფონზე მოლდოვასა და საქართველოს ფინანსურად დაეხმარება. საგარეო საქმეთა მდივანი, ჯეიმს ქლევერლი ორ ქვეყანაში ვიზიტისას ფინანსურ დახმარებას აანონსებს რაც მოლდოვაში ეკონომიკურ რეფორმებს, ხოლო საქართველოსთვის 2024 წლის არჩევნებზე უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.