ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სასამართლოთი და ყველა მოსამართლით ვამაყობ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ
ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლეები
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებს და “ამაყობს” სასამართლოებით და მოსამართლეებით. როგორც პრემიერმა განმარტა, მათი მმართველობის დროს, სასამართლო ყოველგვარი ჩარევებისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდა.
5 აპრილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” მოსამართლეებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
დამოუკიდებელი ექსპერტები და უფლებადამცველები უკვე წლებია აღნიშნავენ, რომ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე საქართველოში ხელმძღვანელობენ ე.წ. მოსამართლეთა მძლავრ „კლანს“, რომელიც ბლოკავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად საჭირო რეფორმებს.
ორივე მოსამართლე დაკავშირებულია ძლიერ ორგანოსთან, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების მთავარი ზედამხედველობის ორგანოა. ითვლება, რომ მათ ასევე აქვთ ფარული ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან, საქართველოს უმდიდრეს ადამიანთან, “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან და ქვეყნის არაფორმალურ მმართველად.
მურუსიძე წინა ხელისუფლების ლოიალობითაც გამოირჩეოდა – სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. მურუსიძის სახელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება უკავშირდება.
სასამართლო სისტემის გაუმჯობესების შესახებ პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაშიც. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა და უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნა გააგრძელა.
31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი აირჩია: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი. მიჩნეულია, რომ სილაგაძე და გოგინაშვილი ე.წ მოსამართლეთა კლანის წევრები არიან, ამასთან, ორივე მათგანი განწესებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ.
“რა თქმა უნდა, ყოველგვარი ჩარევა მიუღებელია. მოსამართლეებზე რაიმე გავლენის მოხდენა, ჩვენთვის ყველასთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოსა და მოსამართლეებზე.” – ამბობს ღარიბაშვილი.
ამასთან, პრემიერმინისტრი საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძესა და მოსამართლეებს შეხვდა. ნინო ქადაგიძემ შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ საჭიროა მთავრობა რიგ საკითხებში ჩაერიოს.
● კელი დეგნანი სანქციებზე: კორუფციული ქმედებებით სამართლის უზენაესობა შებღალეს
● PACE საქართველოზე: რეფორმების პროცესი ჩერდება
● “სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე” – როგორ ხსნის იურისტი გურამ იმნაძე მოსამართლეთა დასანქცირების ფაქტს
“დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, რომ მისი მხარდაჭერა და თანადგომა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლოს სისტემისთვის”. – თქვა ქადაგიძემ.