საქართველოს შსს "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ კიბერშეტევის საქმეს იძიებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისიდან კომპიუტერები ამოიღეს. გამოძიება TBC-ბანკის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის საქმეზე მიმდინარეობს. შსს ამ საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერის კოკა ყანდიაშვილის გამოკითვასაც არ გამორიცხავს. ყანდიაშვილი ჟურნალისტებმა ე. წ. “ტროლების ქარხნის” შექმნაში ამხილეს.
„როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება,”- განაცხადა ჟურნალსტებთან საუბსირას მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
• მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკიდან მიდის. პირველი შეფასებები
• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?
კიბერთავდასხმა TBC-ბანკზე
TBC-ბანკზე კიბერთავდასხმა 2018 წლის ივლისში განხორციელდა. ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მან პირადად მისწერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას თავდასხმის შესახებ, თუმცა გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია არ მიუღია.
მამუკა ხაზარაძის წერილები ტელეკომპანია ,,პირველმა“ გაასაჯაროვა. ხაზარაძე შს მინისტრს, გიორგი გახარიას სთხოვს, პირადად დაინტერესდეს ბანკზე მომხდარი კიბერთავდასხმის გამოძიების საკითხით.
ხაზარაძე წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების პროცესში პროგრესი არ შეიმჩნევა. გარდა ამისა ხაზარაძე მინისტრს ატყობინებს “მავნე კომპიუტერის” IP მისამართის მფლობელს [შპს “გრევითი”] და მისამართს, რუსთაველის 12-ს, სადაც განთავსებულია კომპიუტერი.
“ტროლების ქარხანა”
ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, “შაბათის კურიერში”, 9 მარტს გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ “თიბისი ბანკის” მიერ ნახსენები თავდასხმა ბანკის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან დაიგეგმა. რუსთავი 2-ის თანახმად, ეს ოფისი პრემიერმინისტრის კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, კოკა ყანდიაშვილის დაქირავებული იყო.
მათი ინფორმაციითვე, ყანდიაშვილი ამ ოფისიდან ხელმძღვანელობდა “ტროლების ქარხანას”, რომელმაც ბოლო პერიოდში TBC-ბანკის დამფუძნებლები ამოიღო მიზანში და მათ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანიას აწარმოებდა.
კოკა ყანდიაშვილი ამ ბრალდებას უარყოფს, ის ტელეარხის სიუჟეტს ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ ოფისი, რომელიც სიუჟეტში ჩანდა, მულტიმედია-კომპანიას ეკუთვნის.
ყანდიაშვილის თქმით, მულტიმედია პორტალი — “ეს პერსონა” — სატესტო რეჟიმში მუშაობს; იგი წერს, რომ ოფისი 2015 წელს იქირავეს რუსთაველზე, ჯერ ტურისტული სააგენტო Georgia OK შექმნეს, შემდეგ კი სტუდია, რომელიც “რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა”.
ყანდიაშვილმა უარყო “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსობაც.
“თიბისი ბანკთან არასდროს მქონია პრობლემა. 30 წელზე მეტია პირადად ვიცნობ მამუკასაც [ხაზარაძეს], ბადრისაც [ჯაფარიძე], ვახოსაც [ბუცხრიკიძე] და პაატასაც [ღაძაძე] [თიბისის მენეჯმენტი], ამიტომ, ოდესმე რაიმე კითხვა რომ გაჩენილიყო, აუცილებლად ვიქნებოდი საქმის კურსში”, – წერს ყანდიაშვილი.
TBC-ბანკის საქმე
გამოძიებას TBC-ბანკის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. უწყება ბანკში 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას იძიებს, რომელშიც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებენ და რომელიც, პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავს. როგორც პროკურატურა ამბობს, საუბარია 17 მილიონი დოლარის გათეთრებაზე.
მოგვიანებით საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერია, რომელმაც ბანკის აქციონერებს ხაზარაძის და ჯაფარიძის გადაყენება მოსთხოვა. 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
TBC-ბანკი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
TBC-ბანკის საქმის უკან ოპოზიცია და ეკონომიკური ექსპერტები პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ. ბანკთან დაკავშირებით მუდმივად ისმის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელი. ივანიშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ მკაცრად გააკრიტიკა ხაზარაძე, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა განცდა, რომ ხაზარაძესა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაძაბულია.