ილია II-ის წერილი უკრაინაზე მსოფლიო პატრიარქს. რას ფიქრობენ თეოლოგები
ილია II-ის წერილი უკრაინაზე
25 მარტს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქისგან, ილია II-ისგან წერილი მიიღო. წერილმა, რომელიც უკრაინას შეეხება, საქართველოში დიდი კრიტიკა გამოიწვია, რადგან იგი მოსკოვის პატრიარქატის მხარდაჭერად აღიქვეს.
როგორია კონტექსტი
ილია II-ის წერილს წინ უძღვოდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინაში აიკრძალება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იმ შტოს საქმიანობა, რომელიც მოსკოვს ექვემდებარება, ამ ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირს კი, უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ. ასევე, საუბარია იმაზე, რომ მოსკოვს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას სამუდამოდ ჩამოერთმევა კიევ-პეჩორის ლავრით სარგებლობის უფლება.
კიევი 29 მარტის შემდეგ აღარ გაუგრძელებს УПЦ-ს იჯარის ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც მოსკოვს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უდგას სათავეში, კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრებში ვეღარ შევა. ეს მტკივნეული გადაწყვეტილებაა რუსეთის საპატრიარქოსთვის, რადგან ლავრას რუსეთის პატრიარქატის საკუთრებად მიიჩნევს.
რა წერია წერილში
წერილში ილია II მსოფლიო პატრიარქს „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის“ განმუხტვას, “მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას” და “ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“ სთხოვს.
საქართველოს პატრიარქი წერილში „დიდ გულისტკივილს“ გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რომელსაც „სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება“.
პატრიარქი დასძენს, რომ საქართველომ ეს პროცესები ასევე გავიარა და “ჩვენ კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე“.
ილია წერს, რომ ამ ომში „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა”.
“რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის,” – ნათქვამია წერილში.
ილია II მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიტი ონოფრე რუსეთის ეკლესიას გაემიჯნა. ილია II ხაზს უსვამს, რომ ამ ფონზე მისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევა პრობლემურია.
„პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა“, – აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ქართული საზოგადოების რეაქცია
ქართული საზოგადოების ნაწილმა ილია II-ის ეს მიმართვა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მსოფლიო პატრიარქს შორის ერთგვარ შუამავლობად აღიქვა.
ქართველი თეოლოგების ნაწილის შეფასებით, ილია II-ის წერილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება და თავისი შინაარსით, შეურაცხმყოფელიც არის მსოფლიო პატრიარქისთვის, რადგან პატრიარქი ბართლომე არ ცნობს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული ეკლესიის არსებობას.
2019 წელს, მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა ამ ეკლესიას მიტროპოლიტი ეპიფანე ჩაუდგა სათავეში. საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია დღემდე არ აქვს აღიარებული.
“რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქის წერილი არა უკრაინას, არამედ რუსეთის ღია მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მისი თქმით, ეკლესია, რომელსაც ის იცავს არის “ჩვეულებრივად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კირილეს ეკლესია – ოღონდ უკრაინაში“.
„საქართველოს პატრიარქის მხრიდან ეს [წერილი] არის ფარისევლობისა და სიყალბის დემონსტრირება – ღია, შიშველი დემონსტრირება – თუ ვის მხარეს დგას ამ ომში… ჩვენი ეკლესია, სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო საკითხში მხარს უჭერდა რუსეთს და ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო საპატრიარქოს… ეს წერილი [ილია მეორესი] დაიწერა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა ამხილა რუსეთის ეკლესია, რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად… აბსოლუტურად გაუგებარია, რას ემსახურება პატრიარქის წერილი – კიევ-პეჩორის ლავრაში დამპყრობლები იყვნენ ჩასახლებული და მათ ჩამოართვეს“, – ამბობს მინდიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ „წერილის დაწერა რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის სპეცსამსახურების მოთხოვნა იყო“.
მინდიაშვილს შეურაცხმყოფლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ილია II წერილში საერთოდ არ ახსენებს უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას (ПЦУ), რომელსაც მართლმადიდებლური სამყაროს სასულიერო ცენტრმა მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალური სტატუსი მიანიჭა.