პაველ ჰერჩინსკიმ 27 წევრი სახელმწიფოს სახელით იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის შესახებ დემარში გადასცა
დემარში იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის შესახებ
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 27 წევრი სახელმწიფოს სახელით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დემარში [ოფიციალური გზავნილი] გადასცა. შეხვედრა 27 თებერვალს შედგა. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე თავიდან უარყოფდა ამ ფაქტს, თუმცა 28 თებერვალს დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით დემარში მიიღო.
“შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეობას წარმოადგენს, იუსტიციის მინისტრთან მოვიტანეთ ოფიციალური დემარში, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.ძალიან შეშფოთებული ვართ მისი გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობების გამო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომლებიც ამ დემარშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე დედაქალაქის წარმომადგენლების მონაწილეობით შეთანხმდნენ”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ბრეგაძის თქმით, ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში; როგორც მინისტრი აკონკრეტებს, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
“ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი. იყო, რა თქმა უნდა, საუბარი სხვა საკითხებზეც, თუმცა, ამის შესახებ არ ვისაუბრებ შეგნებულად, რადგან ასეთია შეთანხმება ელჩებთან, რომ დეტალურ შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. ამის შესახებ გააკეთა განცხადება ევროკავშირის ელჩმა და მან ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი და გულწრფელი საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში ასევე განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ მიხეილ სააკაშვილის საკითხის პოლიტიზებას ეწევა. იუსტიციის მინისტრის თმით, თუ სააკაშვილი „არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“:
“როდესაც ადამიანს სურს, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. ეს არის მეორე, მოდი, ასე ვთქვათ, კატეგორიული მოთხოვნა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“, – ამბობს რატი ბრეგაძე.
რატი ბრეგაძის თქმით, „სააკაშვილის მომხრეების რადიკალური ჯგუფი“ შეგნებულად ცდილობს მსჯავრდებულის მდგომარეობა გაუარესდეს, მაშინ როცა ბრეგაძის გუნდის ინტერესში მისი ჯანმრთელობაა.
● დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი განიხილა
● “დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ სააკაშვილი და გვარამია” – EPP-ის რეზოლუცია
● რუსული სამთავრობო მედია: საქართველო მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა – ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
კონსილიუმი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრის, ანუ პაციენტთან ბოლო ვიზიტის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმებულია –
გამოხატულია მძიმე სარკოპენია, პაციენტს დაკლებული აქვს კიდევ 5,7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე, გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
კლინიკა “ვივამედში” ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას აუცილებლად გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა თავადაც არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა – მათი თქმით, პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება “ლაკმუსის ტესტი” საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.