რაშია „ხალხის ძალა“?
ხალხის ძალა და ანტიდასავლური რიტორიკა
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” საქართველოში აგვისტოში გამოჩნდა. ამ მოძრაობის მთავარი ფუნქციაა გააჟღეროს ყველაზე ოდიოზური ანტიდასავლური განცხადებები, რომელთა საჯაროდ თქმა, რიგი მიზეზების გამო, მმართველ პარტიას ეუხერხულება.
წინაისტორია
მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის ხელისუფლების კრიტიკა იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” არასაკმარისად უჭერს მხარს საქართველოს მეგობარსა და პარტნიორს, უკრაინას. ქართულმა ოპოზიციამ რუსეთის წინააღდეგ დასავლურ სანქციებთან მიერთება მოითხოვა, უკრაინისადმი სოლიდარობის აქციამ ქუჩაში ათიათასობით ადამიანი შეკრიბა.
საქართველოს ხელისუფლება ხალხის პროტესტზე თავშეკავებულად რეაგირებდა, რადგან დასუსტებული და დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში, არ გრძნობდა პოლიტიკურ კრიზისის საფრთხეს.
უფრო დიდ დისკომფორტს მას აშკარას დასავლეთის კრიტიკა უქმნიდა. დასავლეთი თავის განცხადებებით ეჭვის ქვეშ აყენებდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამ ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც თავის მთავარ მისიად გამოაცხადა საქართველოს დაცვა „დასავლური წნეხისგან“. ეს მოძრაობა არის მმართველი პარტიის პროექტი და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება.
მესამე სექტორის და მედიის განეიტრალება
„ხალხის ძალის“ ლიდერები დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებენ, ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და ასევე ხელს უწყობენ კრემლის ნარატივების გავრცელებას.
მათ მიერ ინიციირებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი უკვე საქართველოს პარლამენტშია. ამ კანონის მიღების აუცილებლობას “ხალხის ძალა” სწორედ იმ არგუმენტებით ხსნის, რომლებიც თავის დროზე რუსეთში ანალოგიური კანონის ინიციატორებს ჰქონდათ.
კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“. რეესტრში დარეგისტრირება მოუწევს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიასაშუალებას, რომელიც შემოსავლის ოც და მეტ პროცენტს უცხოეთიდან იღებს.
ავტორები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ კანონპროექტი შექმნილია „დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის“, კერძოდ, ამერიკულ კანონმდებლობის გათვალისწინებით. რუსეთის კანონს უცხოური აგენტების შესახებ ისინი საერთოდ არ ახსენებენ.
თუმცა, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი განგაშის ზარს სცემს – ეჭვის არავის ეპარება, რომ პროექტის რეალური მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვაა. ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ელექტრონული მედია საქართველოში თითქმის სრულად უცხოური გრანტების დახმარებით არსებობს, უზამაზარი წვლილი და გავლენა აქვს ქვეყნის ცხოვრებაზე არასამთავრობო სექტორსაც, რომელიც ასევე დასავლური ფონდების ხარჯზე არსებობს.
„ხალხის ძალა“ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს „ამერიკის აგენტებად“ მოიხსენიებს და დასძენს, რომ აშშ საქართველოში აფინანსებს მხოლოდ „მავნე პროექტებს“ და წვრთნის მესამე სექტორს რევოლუციის მოსაწყობად.
“ხალხის ძალის” დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა 17 ნოემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ აშშ-დან ფულის უმეტესი ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და უკეთესი იქნება, თუ მათ ეს თანხა შეუწყდებათო.
ბრძენი ხელისუფლება
2022 წლიე 3 მარტს საქართველომ უკრაინის და მოლდოვას კვალდაკვალ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. თუმცა, ევროპამ გადაწყვიტა საქართველოსთვის ეს სტატუსი ჯერ არ მიეცა.
ამ უარის შემდეგ თბილისში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მომიტინგეები უკმაყოფილო იყვნენ ხელისუფლების პოლიტიკით, რომელმაც ევროპული შანსი ხელიდან გაუშვა. პროტესტი მართლაც მასშტაბური იყო და ხელისუფლების ერთგული ამომრჩევლებიც კი მოიცვა.
ამ რეზონანსული აქციის ფონზე, მმართველი პარტიის ოთხმა დეპუტატმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ტოვებდნენ მას, რათა თავისუფლად თქვან „სიმართლე დასავლეთზე“, რადგან “ქართული ოცნება”, როგორც მმართველი პარტია, ყველაფერს ღიად ვერ ამბობს.
სიმნართლე კი იყო შემდეგი: დასავლელი პარტნიორები ცდილობდნენ ზეწოლას ქვეყნის არაფორმალურ მმართველზე, ბიძინა ივანიშვილზე, რათა ის დათანხმებოდა საქართველოს ჩართვას ომში რუსეთის წინააღმდეგ ომში და „მეორე ფრონტის გახსნას“.
“სიმართლის სათქმელად” მმართველი პარტიის დატოვების ეპიდემია რეგიონებსაც მოედო – ადგილობრივი საკრებულოების წარმომადგენლებიც ტოვებდნენ ოცნებას და ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ მიდიოდნენ იმისათვის, რომ „თავისუფლად და ღიად ეთქვათ“ „სიმართლე დასავლელი პარტნიორების შესახებ“.
“ხალხის ძალა” ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს “, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ დასავლეთმა საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობა მოსთხოვა და/ან ომში ჩართვა მოსთხოვა. მთელი ამ აქტივობების ლაიტმოტივი იყო ის, რომ საქართველოს მართავს ბრძენი ხელისუფლება, რომელმაც არ დაუშვა ქვეყანაში ომი და ამაში დიდი დამსახურება პირადად ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის.
მეამბოხე სიმართლისმთქმელები განსაკუთრებულ აგრესიას აშშ საელჩოსა და პირადად ელჩ კელი დეგნანის მიმართ იჩენდნენ. მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ელჩი შეხვდა ივანიშვილს და ირიბი ფორმით საქართველოს ომში ჩართვა მოსთხოვა.
საარჩევნო პროექტი
“ხალხის ძალის” ანტიდასავლური რიტორიკა და დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარად მისაღებია, ყოველ შემთხვევაში, ისინი ამის გამო არ აკრიტიკებდნენ და არ ემიჯნებიან ამ მოძრაობის ლიდერებს. მეტიც, მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ სრულად იზიარებენ “ხალხის ძალის” იდეოლოგიას. მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე “ხალხის ძალის” წევრებს „ღირსეულ“ კოლეგებს და თანამოაზრეებს უწოდებს, რომლებთანაც მხოლოდ „ტაქტიკური განსხვავებებია“, მაგრამ ღირებულებები ერთი და იგივე.
“ხალხის ძალის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ უკვე რამდენიმე ათასი მხარდამჭერი ჰყავთ და აგრძელებენ ზრდას, განსაკუთრებით რეგიონებში. ძირითადად, ამ მოძრაობაში შედიან ხელისუფლებისადმი ლოიალური პოლიტიკოსები, პრო-სამთავრობო არხების ჟურნალისტები და ოცნებასთან დაახლოებული ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები.
“ხალხის ძალას” აქვს ცალკე ფრაქცია პარლამენტში, რომელიც ცხრა დეპუტატისაგან შედგება. ასევე, საკუთარი ტელევიზია და ონლაინ პლატფორმა – პოსტ ტვ და შეუზღუდავი წვდომა სამ ცენტრალურ პრო-სამთავრობო ტელეარხზე.
ისინი ჯერ არ ჩქარობენ საკუთარ თავს პოლიტიკური პარტია უწოდონ, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ პროექტის მთავარი სამიზნე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია.
საქართველოს უკვე მეთერთმეტე წელია “ქართული ოცნება” მართავს. 2024 წელს ეს პარტია ეცდება მეოთხედ მოიგოს საპარლამენტო არჩევნები და ძალაუფლება კიდევ ოთხი წლით შეინარჩუნოს.
ეს ამბიციური გეგმაა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოპოზიცია დღეს სუსტი და გაყოფილია, არჩევნების მოგება დიდი ალბათობით ადვილი არ იქნება.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სხვადასხვა მიზეზის გამო ხელისუფლება მხარდამჭერებს კარგავს. IRI-ის მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში ოცნების მხარდაჭერა ექვსი პროცენტით შემცირდა.
ამიტომ, ეგზისტენციურად მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ზრუნვა ოცნებამ უკვე დაიწყო. პოლიტიკურ ბაზარზე სატელიტი მოთამაშის გამნოჩენა ამის მანიშნებელია. “ხალხის ძალამ” კონსერვატიული ელექტორატი უნდა მიიზიდოს, ამბობენ ექსპერტები.
„ხალხის ძალა“ აშკარად პრორუსული ინტერესების გამტარებელია. მათი ძირითადი მიზანი არის ის, რომ მეხამრიდის როლი შეასრულოს „ქართული ოცნებისთვის”. ფილმებში რომ არის, ცუდი პოლიციელი და კარგი პოლიციელი – ახლა „კარგი პოლიციელი“ „ქართული ოცნებაა“ და „ცუდი პოლიციელი“ “ხალხის ძალა”. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი ამბობენ იმას, რასაც ივანიშვილი ფიქრობს,” – ამბობს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია.
საჭიროების შემთხვევაში, „ხალხის ძალა“ კოალიციაში შევა საკუთარ „მშობელთან“, დარწმუნებულია ექსპერტი:
“ამ ჯგუფის შექმნის მიზანი მხოლოდ ანტიდასავლური განცხადებების გაკეთება და „ცუდი პოლიციელის“ თამაში კი არ არის, არამედ სამომავლოდ კოალიციის შექმნის იდეაც და დემოკარტიულობანას თამაშიც. საარჩევნოდ, შესაძლოა, ხელისუფლებამ ამ თავის ახალ მარიონეტთან კოალიცია კი შექმნას. და მერე თვალში ნაცარს შეაყრის დასავლეთს და ყველას – რომ, აი, ჩვენ ერთპარტიულ მმართველობას რომ გვაბრალებენ, ასე არ არის, ხომ ხედავთ, კოალიცია გვაქვსო”.
საკანონმდებლო ინიციატივები, რომლითაც “ხალხის ძალის” ლიდერები გამოდიან, ექსპერტისთვის გასაკვირი არ არის:
„ისეთი ინიციატივები, როგორიცაა კანონი უცხოური აგენტების შესახებ, მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის ის, რისი თქმაც თავად “ოცნებას” სურს, მაგრამ ვერ რისკავს, რადგან დასავლელი პარტნიორების წინაშე სახის გადარჩენას ცდილობას“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
სხვათა შორის, „ხალხის ძალამ“ უკვე გამოაცხადა, რომ აპირებს მეორე მსგავს კანონპროექტზე იმუშაოს, რომელიც ეხება მედიას და უზრუნველყოფს „სიცრუის გავრცელების პრევენციას“ და შესაბამის რეაგირებას. აი, როგორ გამოეხმაურა კორნელი კაკაჩია ამ წამოწყებას:
“ხელისუფლებამ ფაქტობრივად მოახდინა ოპოზიციის მარგინალიზაცია და ახლა ერთადერთი, ვინც ხელს უშლის, არის მედია და სამოქალაქო საზოგადოება და, თუ მათ მარგინალიზაციასაც მოახდენენ, მაშინ ჩათვალეთ, რომ 2030 წლამდე ისე მართავენ ქვეყანას, როგორც არაფერი. ზუსტად ეს არის გაკვალული გზა, რაც თავის დროზე გააკეთა თურქეთის ხელისუფლებამ, რუსეთის ხელისუფლებამ და ამიტომ შემტხვევითი არ არის, როდესაც ისინი ავტორიტარულ ხელისუფლებებთან უფრო კარგად მეგობრობენ”.
კურსის შეცვლა?
ხელისუფლების ოპონენტები დიდი ხანია ადანაშაულებენ ქართულ პოლიტიკურ ელიტას კრემლისადმი ლოიალურობაში, მაგრამ 2022 წლის თებერვლამდე ეს ლოიალობა ბევრისთვის არც ისე აშკარა იყო.
საქართველო ოფიციალურად ჯერაც არ მიერთებია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. იანვრის დასაწყისში თბილისმა უარი თქვა უკრაინისთვის იმ საზენიტო სარაკეტო სისტემების გადაცემაზე, რომლებიც 2007 წელს სწორედ უკრაინისგან მიიღო. უარი იმით აიხსნა, რომ ეს კომპლექსები უკრაინამ კი არ აჩუქა საქართველოს, არამედ მიჰიყიდა და ხელშეკრულება უკან დაბრუნების ვალდებულება გათვალისწინებული არ იყო.
დროდადრო დღის წესრიგში ასევე დგას რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენის საკითხიც. ასეთი ინიციატივით გამოვიდა მოსკოვი, რომელიც ბოლო პერიოდში საეჭვოდ ხშირად აქებს საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ “დასავლეთის ზეწოლას არ დაემორჩილა და ომში არ ჩაერთო”. მართალია, თბილისი ჯერ არ დათანხმებულა ფრენების განახლებას, თუმცა პროსამთავრობო არხებზე ხელისუფლების ერთგული ექსპერტებმა უკვე მსჯელობენ იმაზე, რომ ეს კარგი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის.
ომის პირველივე დღეებიდან მმართველი პარტია ცდილობს საკუთარი თავის ასოცირებას მშვიდობასთან, ხოლო ოპოზიციის (რომელიც უკრაინას უჭერს მხარს) – ომთან. მთავარი სტრატეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის შემდეგ აირჩია, ეს არის.
თუ შევაჯამებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ გაკეთებულ ყველა განცხადებას, აშკარა ხდება, რომ თბილისიდან საყვედურები ისმის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების და არა კრემლის მიმართ.
მაგალითად, სულ ახლახანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
„სამწუხაროა, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის მიმდინარე მცდელობები… ჩვენ გვესმის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ამ თემაზე“.
ასეთ პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოში ბევრი არ ეთანხმება. თუ უკრაინის ომამდე ე.წ. თბილისის „არაგაღიზიანებელი პოლიტიკა“ მოსკოვის მიმართ ბევრმა პრაგმატულად მიიჩნია, დღეს, უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთის საერთო კონსოლიდაციის ფონზე, ის სხვაგვარად გამოიყურება.
ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსებს შორის არის თავად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღითი დღე სულ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს.
7 თებერვალს მან საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის მიმართ “ზედმეტად ლმობიერ დამოკიდებულებაში”.
„ ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების… რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას.“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
და აქ არის მისი სხვა განცხადება, რომელიც 9 თებერვალს გააკეთა:
“ახალი გზავნილები… რომლებიც მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფიტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება.”
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ და მთელი ამ ანტიდასავლური პოლიტიკის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ყველა საშუალებით დარჩენაა. ამისთვის კი საუკეთესო სტრატეგიად მიაჩნიათ ორ სკამზე დარჩენას.
„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ორ სკამზე დაჯდეს“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია.
მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ოცნების დასავლური გზა ისედაც სიმბოლური იყო და უკრაინის ომმა ამას საერთოდაც ხაზი გაუსვა:
„ქართული ოცნება“ ყოველთვის პირველ რიგში პროსაკუთარი თავის ძალა იყო. ანუ, მისი ძირითადი მოტივია ხელისუფლებაში დარჩენა. მეორე მხრივ, ივანიშვილი პრორუსულია იმ აზრით, რომ მისი სიმპათიები არის რუსეთის მიმართ, მისი მენტალიტეტი რუსულია, რუსეთის უფრო კარგად ესმის და მისთვის დასავლეთი, დასავლური ღირებულებები, დასავლური აზროვნების წესი არის უცხო და გაუგებარი. ამ აზრით ის არის მეტი, ვიდრე პრორუსული – უფრო რუსულია, ვიდრე პრორუსული,”– ამბობს ნოდია.
ამ მოსაზრებას გია ხუხაშვილიც ეთანხმება.
“ორ სკამზე უნდათ ჯდომა. ანუ, თავით იყვნენ რუსეთში და ტანით დასავლეთში. რაღაც ასეთი კონსტრუქციის აგება უნდათ და ეს ძალიან სასაცილოა, რადგან რეალურად დასავლეთი გეოგრაფია ხომ არ არის? დასავლეთი არის ფასეულობათა სისტემის ირგვლივ შეკრებილი ოჯახი, რომელსაც აქვს თავისი თამაშის წესები და ისინი გეუბნებიან, გინდა ჩემს ოჯახში ცხოვრება? ჩემთან სიგარეტს არ ეწევიან, მაგიდაზე არ ცეკვავენ, არ ღრეობენ, ღამღამობით არ ხმაურობენ, მეზობლებს არ აწუხებენ და, თუ გინდათ, მოიქეცით ასე. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ეს წესები არ სურს, რადგან ამ წესებით ხელისუფლებაში უვადო დარჩენა შეუძლებელია. ამიტომ მათთვის ეს 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა დააწესა სტატუსის მისაღებად, არის ასეთი პრობლემა“, – ამბობს ხუხაშვილი.
ექსპერტების აზრით, თუნდაც არ გავითვალისწინოთ ანტიუკრაინული და ანტიდასავლური ტაქტიკის მორალური ასპექტი და საქმეს პრაგმატული თვალსაზრისით შევხედოთ, ეს თამაში ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საშიშია საქართველოსთვის – ქვეყანა ძალიან ბევრს რისკავს, ის შეიძლება დარჩეს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, რუსეთთან პირისპირ.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები, რა იქნება წლის ბოლომდე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს და როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს ევროკავშირი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დასავლეთის რეაქციაზე. და ასევე მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა დეზორიენტირებული ოპოზიციური სპექტრი კონსოლიდაციას, შეძლებს თუ არა საერთო ენის გამონახვას მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – ამბობს კაკაჩია.
ხუხაშვილის აზრით, დღეს საქართველოს მომავლის გასაღები უკრაინაშია.
„ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. დღეს ეს საკითხები საქართველოში არ წყდება, ყველაფერი უკრაინაში წყდება და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც“, – ამბობს ის.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ “ხალხის ძალის” ირგვლივ პოლიტიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების კონცენტრაცია, ისევე როგორც მისი მჭიდრო კავშირები მმართველ ხელისუფლებასთან, საშუალებას მისცემს ამ მოძრაობას გარკვეული გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
„კი რჩება დასავლეთის მხარდაჭერა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს მხარდაჭერა მაინც არის არათანმიმდევრული და ზედაპირული. ეს არ ნიშნავს ევროპული ღირებულებების, პრინციპების და ინსტიტუტების, ასე ვთქვათ, თანმიმდევრულ მხარდაჭერას და გაგებას და ცოდნას. ეს არის რაღაც ბუნდოვანი ორიენტაცია, რომ აი, დასავლეთი გვირჩევნია რუსეთს.მაგრამ უმრავლესობას არ ესმის, რატომ“, – ამბობს ნოდია.
„როდესაც ხელისუფლებას აქვს უზარმაზარი რესურსი, მონოპოლია ყველაფერზე, მაშინ არსებობს პროდასავლური განწყობების შესუსტების რეალური საფრთხე. ვფიქრობ, რომ ამ პრორუსული გზავნილების ინტენსიური გამეორება სამწუხარო ეფექტს მოახდენს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.