24 თებერვალს თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს დიდი პროტესტის დასაწყისია
24 თებერვლის აქცია
24 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი აქცია იგეგმება. თუმცა, ეს არ იქნება ერთჯერადი, აცხადებს ოპოზიცია და პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
__________________
24 თებერვალს აქციას ორმაგი დატვირთვა ექნება: უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ; და მეორე – საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის გაპროტესტება და ევროპული კურსის მიმართ ერთგულების გამოხატვა.
ბოლო დღეებში სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია კანონპროექტმა “უცხოური გავლენის აგენტების” რეესტრის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტში მმართველი პარტიის სატელიტმა მოძრაობამ – “ხალხის ძალამ” შეიტანა. პროექტს მხარდაჭერას უცხადებს მმართველი პარტიაც. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამ საკანონმდებლო ინიციატივას “რუსულ კანონს” უწოდებს, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ დააშორებს ევროპულ მომავალს.
24 თებერვლის აქციას ერთი კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავს. ცნობილია, რომ ორგანიზატორებს შორის არიან ოპოზიციური პარტიები – „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
აქციაზე მისვლის მზაობას მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გამოხატავენ ასევე არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები, რიგითი მოქალაქეები. როგორც საინფორმაციო ბრიფინგზე ითქვა, რომელიც 23 თებერვალს რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ გაიმართა, პროტესტს შეუერთდებიან და სიტყვით გამოვლენ ასევე საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, 24 თებერვალს დაიწყება პერმანენტული აქციები, რომლებიც იქნება მზარდი.
“ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას… საქართველოში მოხდება გათავისუფლება კოლაბორაციონიზმისგან, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს. ჩვენ დავიწყებთ უკრაინის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირება, აქციები იქნება მზარდი,” — განაცხადა ბრიფინგზე თადარიგის პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ.
● საქართველოს პრემიერი: ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაისჯებოდა
● “ჩალის ფასი”, “ფეიკი”, “ომში ჩათრევა” – ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
“არის სიტუაცია, როდესაც ილუზიები გაქვს და მერე გემსხვრევა. დღეს ილუზიების დრო არ არის, რეალობა კი ის არის, რომ ქვეყანას ვკარგავთ, პირდაპირ ვბარდებით რუსეთს. რუსეთთან ურთიერთობა სიბნელესთან ურთიერთობაა… თუ ჩვენ დღეს ხმას არ ამოვიღებთ, სამარადჟამო სირცხვილში ვიქნებით,” – აღნიშნა მხატვარმა გია ბუღაძემ.
პარტია “დროას” ლიდერი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ 24 თებერვალი, როდესაც რუსეთი თავს დაესხა დამოუკიდებენ ქვეყანას, უკრაინას, გახდა წყალგამყოფი, “სადაც იყოფა ცივილიზებული, მომავლის ქვეყნები და წარსულის და ბოროტების რუსეთი, რომელსაც არ აქვს პერსპექტივა”.
“ამ წყალგამყოფში საქართველოს სათქმელი აქვს თავისი სიტყვა. კრიტიკულ მომენტში, წყალგამყოფი დღის მომენტში ჩვენ ერთად ვდგებით და ვამბობთ – საქართველოს აქვს ევროპული მომავალი”.
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ “24 თებერვალს რაც უნდა დაიწყოს აქ, ეს არის საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცლის გადაშლა. ამ პროცესს სჭირდება ერთობა. ვიწყებთ ბრძოლას, რომ ამოვიდეთ ამ წუმპიდან”.
ბრიფინგზე მისულთა შორის იყვნენ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ივერი მელაშვილი, თეოლოგი ლელა ჯეჯელავა, პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.