როგორ ებრძვის დეზინფორმაციას საქართველო. კვლევა
დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ახალი კვლევის მიხედვით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეფექტურად არ მიმდინარეობს და არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნებაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში შექმნილია სამსახურები, რომლებიც დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, კვლავაც პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გამოწვევის ზუსტი ანალიზი, უწყებათშორისი კოორდინაცია და კონკრეტული სახელმწიფო ქმედებების ეფექტიანობა.
TI-ის კვლევის მიხედვით, ხელისუფლება რიგ შემთხვევებში ერიდება დასავლეთის პირდაპირ კრიტიკას, ის აკეთებს განცხადებას მინიშნებებით, რასაც შემდეგ პროსახელისუფლებო ტელევიზიები (“იმედი”, “პოსტვ”), პროსახელისუფლებო ექსპერტები, სოციალურ ქსელში მოქმედი სახელისუფლებო გვერდები და ყალბი ანგარიშები და საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა” ღიად ავრცელებენ.
“ქართული ოცნების” მადისკრედიტებელი, დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატებია. ძირითადი ნარატივები მოიცავს შემდეგ გზავნილებს: აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს და აშშ-დან წამოსული დაფინანსება საქართველოში აგენტურული ქსელის შექმნას ისახავს მიზნად. ხელისუფლების დეზინფორმაციის კიდევ ერთი ტალღა ევროკავშირს მიემართება. ევროკავშირის წინააღმდეგ გავრცელებული ძირითადი ნარატივებია: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველოს იმიტომ არ აძლევენ, რომ უკრაინის ომში არჩართვის გამო სჯიან და ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს”, – ვკითხულობთ კვლევაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა დღემდე არის რუსეთის დეზინფორმაციის და ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჰიბრიდული ომი კი არის პროპაგანდა, სიცრუეში შეყვანა, საბოტაჟი და სხვა არასაომარი მოქმედებები, რომელიც მოწინააღმდეგის დესტაბილიზაციის მიზნით გამოიყენება.
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● რუსული ფეიკების ტოპ-შვიდეული: ევროპელი ექსპერტების მიმოხილვა
● კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის – TI
კვლევის ძირითადი მიგნებები:
● სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა და მისი ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, რთულია ერთიანი სურათის დანახვა, რა გზებით იბრძვის ხელისუფლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
● ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების ქმედებები ფორმალურია ან იმართება მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით.
● სახელისუფლებო უწყებები არ არიან ეფექტიანები რუსული დეზინფორმაციის ნარატივების წინააღმდეგ ხალხის დროული ინფორმირებისა და მათი მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით.
● ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში.
● მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშების თუ ყალბი გვერდების მეშვეობით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ოპონენტების, კრიტიკული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
● ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების ნაწილი ადეკვატურად ვერ პასუხობს დეზინფორმაციის მზარდ პრობლემას. მათ შორის, არ არსებობს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, განსაახლებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.
არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით:
● დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წამყვანი როლი სახელმწიფოს უნდა ეკავოს და გაცხადებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით.
● ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდასავლური და მადისკრედიტებელი განცხადებების გაკეთება სტრატეგიული პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა.
● შეიქმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიან და დროში გაწერილ მიზნებს.
● უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხელისუფლებამ დეზინფორმაციულ გამოწვევებს მყისიერად უნდა უპასუხოს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
● უნდა განახლდეს და შეიქმნას დეზინფორმაციასა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტები (ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია) იმისთვის, რომ პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს.