აფხაზეთის ოპოზიცია ჩინოვნიკებს დაბლოკვით ემუქრება
აფხაზეთის ოპოზიცია
აფხაზეთის ოპოზიციამ „ომი“ გამოუცხადა ჩინოვნიკებს, რომლებიც, მათი აზრით, ინერტულები არიან. თუ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამ ჩინოვნიკებს მალე არ გაათავისუფლებს, ოპოზიცია მათზე პირადი ზეწოლით იმუქრება. ამის შესახებ ოპოზიციური ძალების საერთო კრებაზე სოხუმის ყოფილმა მერმა, ახლა კი „აიდგილარას“ ორგანიზაციის ლიდერმა, კან კვარჩიამ განაცხადა.
პირველები შავ სიაში მოხვდნენ ქონებისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და ენერგეტიკული კომპანიის, “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობა.
კვარჩიას თქმით, თუ ხელისუფლება ამ საკითხს არ მოაგვარებს, ოპოზიცია დაიწყებს „მინისტრების, ამ ადამიანების და მათი დამცველების გადაადგილების ბლოკირებას“.
რკინიგზა და სახელმწიფო აგარაკი
ოპოზიციას პრეტენზია აქვს ქონებისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელ ბესლან კუბრავას მიმართ რუსეთის ფედერაციასთან დადებულ ორ ხელშეკრულებაზე.
2010 წელს რუსეთის ფედერაციამ სოხუმს 2 მილიარდი რუბლის [დაახლოებით 29,15 მილიონი აშშ დოლარი] სესხი გამოუყო აფხაზეთის რკინიგზის შეკეთებისთვის. სესხი გაიცა კანონით გათვალისწინებული საპარლამენტო რატიფიკაციის პროცედურის გარეშე და შედეგად, სავარაუდო რატიფიკაციის შესახებ ყალბი დოკუმენტი მოსკოვში გაიგზავნა; მაგრამ, ფაქტობრივად, ფული აფხაზეთამდე არ მისულა, რადგან სარემონტო სამუშაოებს რუსული კომპანია ახორციელებდა. უფრო მეტიც, ის იმდენად უხარისხო იყო, რომ აფხაზეთის მთავრობამ უარი თქვა შესრულებული სამუშაოს შესახებ აქტის ხელმოწერაზე.
- აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა პრეზიდენტს რვა შეკითხვა დაუსვა და მიანიშნა, რომ მისი გადადგომის დროა
- მოსაზრება: ასლან ბჟანიას სურს გახდეს “აფხაზი პუტინი”
- სკანდალი აფხაზეთში სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლო ქურდობის გამო
მეორე პრეტენზია დაკავშირებულია უახლეს მოვლენებთან: 2022 წლის იანვარში ბესლან კუბრავას მთავრობამ დაავალა ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურისთან, 186 ჰექტარი ფართობის ბიჭვინთაში ცნობილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერებმაც მიიჩნიეს, რომ ამ შეთანხმების პუნქტები ეწინააღმდეგება აფხაზეთის კანონმდებლობასა და კონსტიტუციას. მეტიც, აღმოჩნდა, რომ შეთანხმების ტექსტში არასწორად იყო გაწერილი რუსეთისთვის გადაცემული ტერიტორიის კოორდინატები.
ამ “შეცდომის” გამო რუსეთს გადაეცემა არა მხოლოდ სახელმწიფო აგარაკის ტერიტორია, არამედ თავად ბიჭვინთის კურორტის უმეტესი ნაწილი და მისკენ მიმავალი გზატკეცილიც კი.
მიუხედავად ყველაფრისა, მოსკოვი აფხაზეთს სთავაზობს ხელშეკრულების რატიფიცირებას იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ხელი მოეწერა და მხოლოდ ამის შემდეგ შეცვალოს ის.
აფხაზეთის პარლამენტშიც კი, სადაც მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები უმრავლესობაში არიან, არ მოეწონათ ეს შესწორება. მიუხედავად შეთანხმების ძალაში შესვლით დაინტერესებული ასლან ბჟანიას ზეწოლისა და დარწმუნებისა, პარლამენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდა და შეხვედრების დღის წესრიგში დოკუმენტის რატიფიკაციის საკითხს დღემდე არ შეუტანია.
ენერგეტიკული კრიზისი
ბესლან კუბრავას გარდა, ოპოზიცია სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობის შეცვლასაც ითხოვს, რომელსაც ახლა აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ვაჟი, ზურაბ ბაღაფში ხელმძღვანელობს.
“ჩერნომორენერგოს” ადანაშაულებენ იმ მწვავე ენერგეტიკულ კრიზისში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის. ასლან ბჟანიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2020 წელს, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2-დან სამ მილიარდ კილოვატამდე გაიზარდა, რის შედეგადაც აფხაზეთი დიდი ხნის განმავლობაში მცოცავი გრაფიკით ცხოვრობდა.
მოხმარების მკვეთრი ზრდა განპირობებულია კრიპტოვალუტების მაინინგით. 2020 წლის ნოემბერში, მისი ლეგალიზების შემდეგ, მთავრობამ ენერგეტიკული სისტემის კოლაფსი გამოიაწვია, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა კვლავ აეკრძალა მაინინგი. მაგრამ მათ ვეაღარ მოახერხეს სიტუაციის გაკონტროლება.
ამ პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფები თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო მოხმარებულ ენერგიაზე გადასახადი, რომელიც ისედაც დაბალი იყო, 50-დან 40 პროცენტამდე დაეცა.
ახლა ოპოზიცია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. კერძოდ, ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს მას აჩიგვარას ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთების გამო, როდესაც ძველი სადენების ახლით ჩანაცვლების შემდეგ ხაზმა ვერ გაუძლო დატვირთვას და მაშინვე ჩამოიშალა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო