რუსეთი სირიაში ბიზნესსაქმიანობას სამხრეთ ოსეთის გავლით აწარმოებს
სამხრეთ ოსურმა კომპანიებმა სირიაში ვაჭრობის შეთავაზება მიიღეს. დამასკომ სამხრეთ ოსეთს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 2 ჰექტარ მიწის ფართობზე მუდმივი პავილიონის შექმნა და იქ საკუთარი პროდუქციით ვაჭრობა შესთავაზა.
„სამხრეთ ოსეთში დარეგისტრირებული ნებისმიერი ბიზნესი შეძლებს ამ პავილიონში საკუთარი პროდუქციის წარმოდგენას“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვახტანგ ჯიგკაევმა. – „ჩვენ გვინდა შევქმნათ ერთი „ფანჯრის რეჟიმი“ ეროვნული და უცხოური კომპანიებისთვის, რომლებსაც სირიაში მუშაობა სურთ“.
თუმცა, სწორედ ოსური კომპანიების აღნიშნულ პროექტში ჩართულობა ბევრს საეჭვოდ მიაჩნია.
• მოსაზრება: სირიამ აფხაზეთი რუსეთისადმი მადლიერების გრძნობის გამო აღიარა.
• როგორ აფინანსებს მოსკოვი ოსეთის საშუალებით აღმოსავლეთ უკრაინას
• 10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ – სად ვართ ახლა?
სამხრეთ ოსეთის ბიზნესი არ არის საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ თუნდაც მცირედით დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოთხოვნა. ხოლო ისეთ დიდ ქვეყანაში, თანაც ომისგან გაპარტახებულში, როგორიც სირიაა, რამდენიმე წლის განმავლობაში უწყვეტი მუშაობისთვის დიდი გამოცდილება და წარმოების დიდი მოცულობაა საჭირო.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში სირიაში რუსული კომპანიები იმუშავებენ, თუმცა, პროცესები სამხრეთ ოსეთის გავლით გაფორმდება.
მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით;
შესაძლებელია თუ არა ვაჭრობა სირიასა და სამხრეთ ოსეთს შორის?
თეორიულად, სირიასა და სამხრეთ ოსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლებელია.
2018 წლის მაისში დამასკომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტებმა ბაშარ ასადმა და ანატოლი ბიბილოვმა მოაწერეს ხელი, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობასაც ითვალისწინებს.
ვინ და რითი ივაჭრებს?
სამხრეთ ოსური საინფორმაციო სააგენტო РЕС იტყობინება, რომ კომპანია „ოსეთის მოდულურმა ტექნოლოგიებმა“ ხელი მოაწერა კომერციულ შეთანხმებას სირიულ ჰოლდინგ Hamsho International Group-თან.
ვახტანგ ჯაგიკაევი ამბობს, რომ სამხრეთი ოსეთი სირიას ასაწყობ კონსტრუქციებს მიაწოდებს.
აქამდე მან ახსენა კიდევ ერთი კომპანია – „ოსეთის ავტომატიკა“.
თუმცა, როგორც გამოირკვა, ორივე კომპანია მოსკოვურია და სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ახლა დარეგისტრირდა.
• გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?
• რა აჩვენა სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ?
• სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ სოროსის ფონდსა და “კაგებეში” ერთდროულად მუშაობდა
თავად ჯაგიკაევმა ეს სიტუაცია ასე ახსნა.
2018 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო დამასკოს საერთაშორისო გამოფენაში და სწორედ მაშინ გაფორმდა შეთანხმება სირიის ანალოგიურ სტრუქტურასთან.
სირიის მშენებლობის მინისტრმა გვითხრა: „ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს ტექნოლოგიები ნაგებობების სწრაფად ასაშენებლად. ქვეყნის ნახევარი ნანგრევებადაა ქცეული. ჩვენ, შესაბამისად, გამოვიკვლიეთ და ასეთი შემოთავაზება მივიღეთ: რუსეთში არის კომპანია, რომელიც ამგვარ ტექნოლოგიებს ფლობს. თუმცა პირობა იყო ისეთი, რომ ფირმა სამხრეთ ოსური უნდა ყოფილიყო. სწორედ მაშინ მივმართეთ წინადადებით ამ კომპანიას, რომელმაც გვიპასუხა: „ჩვენ წარმოების სამხრეთ ოსეთში გადმოსატანადაც კი ვართ მზად, რათა ზედმეტი კითხვები თავიდან ავირიდოთ“, – განაცხადა ვახტანგ ჯიგიკაევმა.
ახლა, მისი ინფორმაციით, სამხრეთი ოსეთი გამოყოფს მიწის ნაკვეთს, რომელზეც რუსული კომპანია ააშენებს საწარმოს „ოსეთის მოდულური ტექნოლოგიები“. ვარაუდობენ, რომ შეიქმნება დაახლოებით 140 სამუშაო ადგილი. იქ დამზადდება ასაწყობი კონსტრუქციები სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებისთვის. მათ სამხრეთ ოსეთიდან ქალაქ ნოვოროსიისკის პორტში ჩაიტანენ, საიდანაც გემებით სირიაში გადაგზავნიან.
ვარაუდობენ, რომ პროდუქციის გამოშვება 2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.
სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ალან ალბოროვი განსაკუთრებით პერსპექტიულად მიიჩნევს იმას, რომ სირიას სხვა არაბულ სახელმწიფოებთან უბაჟო ვაჭრობის შეთანხმება აქვს დადებული და ეს მინიმუმ 350-მილიონიან ბაზართან წვდომას გულისხმობს.
„ჩვენ სირიის ტერიტორიის 30-40 პროცენტი მოვიარეთ და ვნახეთ, რომ იქ ნგრევის მასშტაბი ძალიან დიდია. სირიის ხელისუფლებას კი აქვს ზუსტი სტრატეგია – სირიის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მისი მეგობრები: რუსეთი, ჩინეთი, ირანი, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. მათ სამშენებლო პროცესთან სხვა ქვეყნების ახლოს მიშვება არ სურთ. ასე რომ, გაგვიჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ამ ახლოაღმოსავლური ქვეყნის აღდგენაში“, – განაცხადა ალბოროვმა.
მისი მოადგილე ვახტანგ ჯიგიკაევი ამბობს, რომ სამხრეთი ოსეთი სირიას ხის მასალით მომარაგებაზეც შეუთანხმდა. ამისათვის, სამხრეთ ოსეთში ევროპული სტანდარტების ფიცრის დამამზადებელი საამქროს აშენება იგეგმება.
„ჩვენ წიფელს მოვჭრით და ეს აუცილებელიც კია ჩვენი ტყეების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ჯიგიკაევმა.
თუმცა, მისივე სიტყვებით, საწარმოსთვის მთავარი ნედლეული ციმბირული ხის მასალა იქნება.
ექსპერტები: ფრთხილი ოპტიმიზმი და ირონია
ეკონომისტი ვიაჩესლავ ჯაბიევი შეგვახსენებს, რომ ორი კომპანია, რომლებზეც საუბარია სირიასთან ვაჭრობის კონტექსტში – „ოსეთის მოდულური ტექნოლოგიები“ და „ოსეთის ავტომატიკა“ – სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ ცხინვალში და, „სავარაუდოდ, რუსულ მხარესთან ერთად იმუშავებენ“.
თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში „სამხრეთ ოსეთის მონაწილეობა სირიის აღდგენის პროცესში, ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირებისთვის სერიოზული ნაბიჯია“.
საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ოსეთისთვის“, ხელმძღვანელმა ალიხან ხუგაევმა JAMnews-თან ინტერვიუში დამასკოსა და ცხინვალს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივები სკეპტიკურად შეაფასა.
სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელების ინტერვიუები ირონიის მომგვრელია. როგორ შეუძლია სამხრეთ ოსეთს, სირიას დაეხმაროს? სირიის მოსახლეობა და სამრეწველო პოტენციალი ასჯერ აღემატება სამხრეთ ოსეთისას. ამასობაში, თავად სამხრეთ ოსეთის აღდგენის პროცესი ათწლეულებია, გაიწელა და რუსული სამშენებლო კომპანიების მიერ ხორციელდებოდა. მე ასევე ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთში ხეების მნიშვნელოვანი ჯიშების მოსპობის უფლება არავის მოუცია. ერთადერთი, რაც სამხრეთ ოსეთს გააჩნია – მისი ბუნებაა. უფრო სავარაუდოა, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მისი სახელით მოსაუბრე ბიზნესმენები სასურველს რეალობად ასაღებენ.
ისინი ფაქტობრივად იმ რუსული კომპანიების დეკორაციის როლში გამოდიან, რომლებიც რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ათეულათასობით ჰექტარ სამრეწველო ტყის მარაგს ანადგურებენ. მაქვს მონაცემები, რომ კერძო რუსული კომპანიები საზღვარგარეთ უფრო მეტ ხის მასალას ყიდიან, ვიდრე თავად სახელმწიფო“.