საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის უსაფრთხოება აღარ ეხება
დღეიდან საქართველოს აღარ აქვს უშიშროების საბჭო.
პარლამენტის შესაბამის დადგენილებას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 21 ნოემბერს მოაწერა ხელი.
22 ნოემბერს კი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
როგორც ხელისუფლება აცხადებს, უსაფროებაზე პასუხისმგებელი ახალი ორგანო ქვეყანას წლის ბოლოსთვის ეყოლება. თუმცა, ამჯერად მას არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერი უხელმძღვანელებს.
ანუ, ახალი წესით, პრეზიდენტი სრულად იქნება გამოთიშული ქვეყნის უსაფრთოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
• 28 ნოემბერს საქართველო პრეზიდენტს აირჩევს. რა უნდა ვიცოდეთ ამ არჩევნების შესახებ
• ქართული პოლიტიკის მთავარი კონფლიქტი: პრეზიდენტი VS არაფორმალური მმართველი
• “ქართული ოცნების” კონსტიტუცია
ამ დრომდე უშიშროების საბჭოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. საბჭოში მუდმივმოქმედი წევრის სტატუსით შედიოდა პრემიერიც. საბჭოს წევრები იყვნენ ასევე ძალოვანი მინისტრები, მთავარი საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი.
ვის რა არგუმენტები აქვს
ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები არა უუფლებო პრეზიდენტის, არამედ ძლიერი პრემიერის პრეროგატივა უნდა იყოს.
ოპოზიცია და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა ისეთი მყიფე უსაფრთხოებით, როგორიც საქართველოა, უშიშროების საბჭოს და მის ფუნქციებს უფრო პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს.
დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ოპოზიციური “ევროპული საქართველოდან” უთხრა “ეხო კავკაზას”, რომ “ახალი ინსტიტუტის შექმნის პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან დღევანელი პარლამენტს და პრემიერს მიაჩნიათ, რომ ეს სტრუქტურა არ არის საჭირო და მის ფუნქციებს მთავრობას შეუთავსებენ, რაც ძალიან აბსურდული განცხადებაა”, – აღნიშნა კაპანაძემ.
ექსპრტი უსაფროების საკითხებში გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ მართალია ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი სუსტი ფიგურაა, თუმცა მისი სრულიად გამორიცხვა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებიდან, არალოგიკურია:
“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი არჩევითი თანამდებობაა, რომელსაც მაღალი ლეგიტიმურობა აქვს, რაც მას არბიტრის ფუნქციას ანიჭებს ქვეყნის შიდა და გარე პროლიტიკური კრიზისების გადაჭრის პროცესში”, – უთხრა გობრონიძემ “ეხო კავკაზას”.
თავად პრეზიდენტი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას რუსეთი როგორც საფრთხე ბოლომდე გააზრებული არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უშიშროების საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა:
“რუსეთთან ასეთ დაძაბულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს არ უნდა აუქმებდეს”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა გაზეფხულზე პარლამენტში თავისი გამოსვლის დროს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს უფრო ნაკლები უფლებები ექნება, ვიდრე მის წინამორბედებს.
მათ შორის ერთ- ერთი მთავარი ცვლილება ის არის, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება კავშირი უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებთან, გაუქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო. მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიკრიბება ეროვნული თავდაცვის საბჭო პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
რა უფლებები ექნება მომავალ პრეზიდენტს:
√ ის შეიწყალებს მსჯავრდებულებს;
√ უფლება ექნება მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა;
√ წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ყველა მისი ნაბიჯი შეთანხმებული იქნება მთავრობასთან;
√ ფორმალურად ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას;
√ კანონით განსაზღვრულ ვადებში დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და ვადამდელ არჩევნებს;
√ მიანიჭებს და დაარიგებს ჯილდოებს;
√ პრეზიდენტი ხელშეუხებელია. მას ვერ დააპატიმრებენ და ვერ მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში;
√ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეუძლია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს
რატომ ებრძოდნენ უშიშროების საბჭოს?
უთანხმოება უშიშროების საბჭოს გარშემო წლებია გრძელდება და იგი პირადად პრეზიდენტ მარგველაშვილის ფიგურას უკავშირდება.
უშიშროების საბჭოს ამ ფორმით ყოფნა-არყოფნის საკითხი პირველად მას შემდეგ დადგა, რაც 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილს “თავისი კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება” უწოდა და მასთან ღია ბრძოლა გამოაცხადა. [2013 წელს მარგველაშვილი მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” კანდიდატი და პირადად ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო. თუმცა, ძალიან მალე მათი ურთიერთობა ღია კონფლიქტში გადაიზარდა_JAMnews].
ივანიშვილის ღიად მტრული განწყობა პრეზიდენტის მიმართ მთელმა ხელისუფლებამ გაიზიარა, რაც უშიშროების საბჭოს მუშაობაზეც აისახა.
უშიშროების საბჭოს წევრები უშიშროების საბჭოს სხდომებს არ ესწრებოდნენ და ამ საბჭოს მუშაობას იგნორირებას უკეთებდნენ.
იმდროინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უშიშროების ანალოგიური ორგანო შექმნა, რომლიც საკუთარ თავს დაუქვემდებარა. ხოლო 2016 წელს, როდესაც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები იწერებოდა, უშიშროების საბჭო საერთოდაც ჩამოაცილეს პრეზიდენტს და პრემიერს დაუქვემდებარეს.