თუ გახვალ, უკან ვეღარ შემოხვალ — როგორ აძევებენ მოსკოვის სასტუმროდან ყოფილ ბაქოელებს
„ნოვაია გაზეტას“ მასალის მიხედვით
რუსეთში ხშირია კონფლიქტები იმ ყოფილ საბჭოთა საერთო საცხოვრებლებს – რომლებიც კერძო მფლობელების ხელში გადავიდა – და კავკასიური ქვეყნებიდან დევნილ ოჯახებს შორის, რომლებიც ამ საერთო საცხოვრებლებში ცხოვრებას აგრძელებენ.
•საქართველოს მოქალაქეები ევროპაში — უვიზოდ, თავშესაფრის გარეშე
•უცნაური ადგილი საქართველოდან ორჯერ დევნილთათვის
•ვინ არიან აზერბაიჯანელი „სინათლის პატიმრები“ და რატომ უთანაგრძნობენ მათ
ბორისი სამშენებლო სამმართველოს ყოფილი ენერგეტიკოსია, რომელიც 30 წელიწადია, სასტუმროს ნომერში ცხოვრობს – ხოლო ბოლო დღეებში ამ ოთახიდან გასვლის საშუალება არ აქვს. მისთვის და კიდევ ორი ოჯახისთვის საკვები მეზობლად მცხოვრებ ნათესავებს და ბაქოდან დევნილ სხვა ადაიანებს მოაქვთ, საკვები კი ფანჯრიდან ჩამოშვებული თოკით ააქვთ.
– დაცვამ სადარბაზო ჩაკეტა! – ამბობს ბორისი.
შენობიდან გასვლა მხოლოდ მეორე სართულიდან, კედელში ფანჯრისთვის გაკეთებული ხვრელიდან შეიძლება.
მაგრამ ბორისი ამ გასაძრომით სარგებლობას არ ჩქარობს, რადგან იცის, რომ თუ ქუჩაში გავა, შეიძლება საკუთარ ნომერში ვეღარ დაბრუნდეს.
საკუთარ თავზე ის შემდეგს ჰყვება:
„1988 წელი, დარბევები ბაქოში. იქიდან ხალხი თვითმფრინავებით, მატარებლებით, ავტობუსებით გაჰყავთ. ძირითადად – სომხები, თუმცა შერეული ოჯახებიც იყო.
ზოგი მოსკოვამდე, ზოგი როსტოვამდე — ვინც რომელ მატარებელში მოხვდა. ჩვენ აქ ჩამოგვიყვანეს.
რაღაც დროის განმავლობაში მიმღებ პუნქტში ვცხოვრობდით, შემდეგ კი ჩვენ და კიდევ 900 ადამიანი ამ სასტუმროში შეგვიშვეს. შემდეგ გამოვიდა განკარგულება, რომლითაც „აზერბაიჯანის სსრ-დან იძულებით გამგზავრებული“ მოქალაქეების მოსკოვის სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში ცხოვრება დაკანონდა. შემდეგ, 1990-იან წლებში ჩვენს დაბა ვოსტრიაკოვოში (მოსკოვის მახლობლად) განთავსებას შეეცადნენ. მე საბუთები უკვე გაფორმებული მქონდა, შემდეგ კი ხელშეკრულებაში წავიკითხე, რომ ვალდებული ვიყავი, ახალი საცხოვრებელი პირველი მოთხოვნისთანავე დამეცალა. ასე როგორ შეიძლება? და უარი ვთქვი.
ჩვენ – და არამხოლოდ ჩვენ – საცხოვრებლად აქ დავრჩით. 2003 წელს რუსული პასპორტები ავიღეთ. გადასახლების საკითხი მეტად აღარ დამდგარა.
„მაცხოვრებლებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც ახლახან სასტუმროს მფლობელი შეეცვალა და ახალი დირექტორი დაინიშნა“, – ჰყვება ბორის აიარაპეტიანი.
„ერთი თვის წინ შენობაში რემონტი დაიწყო. ჩვენი შევიწროება დაიწყეს. ჯერ წყალი გადაგვიკეტეს. პარასკევს კი, 9 ნოემბერს, დირექტორი თავის ამალასთან ერთად მოვიდა.
გვითხრეს, რომ ოთახებს ბაღლინჯოების, ტარაკნებისა და თაგვების საწინააღმდეგო წამლით დაამუშავებდნენ და მზად იყვნენ, ჩვენთვის სხვა სასტუმროში დაექირავებინათ ოთახები, რათა იქ ერთ-ორ დღეს გვეცხოვრა, რადგან წამალი შხამიანი იყო.
რაღაც ვიეჭვეთ და სასტუმროსთან დავრჩით. დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ ავედით და გვითხრეს, რომ ახალი მფლობელისგან ნებართვა უნდა მიგვეტანა, ან ახალი საცხოვრებელი გვეძებნა. არადა, ახალ მფლობელს არც კი ვიცნობთ. მუდმივ საცხოვრებელთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გვაქვს.
სხვადასხვა შემოვლითი გზით საკუთარ ნომრებში მაინც შევაღწიეთ, ჩავიკეტეთ და ღამე გავათენეთ. ხოლო, როდესაც გავიღვიძეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სადენები გადაგვიჭრეს“.
უბნის პოლიციელმა, რომელსაც დევნილებმა უკვე მიმართეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქაღალდის ნაგლეჯი“ უწოდა.
„მათ საკუთრების უფლება აქვთ“, — თქვა უბნის ინსპექტორმა.
„მე კი აქ ცხოვრების უფლება მაქვს“, — უპასუხა ბორის აირაპეტიანმა.
სასტუმრო „ალტაის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კონდრატენკომ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ტელეფონით კომენტარი არ გააკეთა.
ამ ოჯახებს იურიდიულ დახმარებას დევნილებისა და მიგრანტების დახმარების საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანადგომა“ უწევს. ეს ისტორია სწორედ ბაქოელი სომხებისგან, დაახლოებით 30 წლის წინათ დაიწყო.
კომიტეტის მონაცემებით, რუსეთში კერძო მფლობელების ხელში გადასულ ყოფილ საბჭოთა საერთო საცხოვრებლებსა და კავკასიის ქვეყნებიდან დევნილთა ოჯახებს შორის კონფლიქტები მუდმივად ხდება (2005, 2014, 2018 годы).
ბორის აირაპეტიანის გარდა, რომელიც 64 წლისაა, მოსკოვის სასტუმრო „ალტაის“ მეხუთე კორპუსის მეორე სართულზე უშუქოდ, უწყლოდ და გათბობის გარეშე რჩებიან – იგორ(55 წლის) და გურიკ(16 წლის) ავაკოვები, სტელა არუთიუნოვა(54 წლის) და ალექსანდრ არაკელიანი(48 წლის)