რობერტ ჰამილტონი: უკვე ტრაგიკულია, რომ რომ კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვას განიხილავენ
რობერტ ჰამილტონი
ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკის, “საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის” მკვლევრის, “ომის კოლეჯის” პროფესორის, რობერტ ჰამილტონის თქმით, ის, რომ აშშ-ს კონგრესში საქართველოს დახმარების საკითხს განიხილავენ, უკვე ქვეყნისთვის ტრაგიკულია. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
ჰამილტონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა ეს შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მიაღწიოს NATO-სთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან ურთიერთობა. როგორც პოლკოვნიკი აღნიშნავს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს და უკრაინას ყოველთვის ერთად ახსენებდნენ ხოლმე:
“საქართველოსთვის სამწუხაროდ, ვფიქრობ ამ ომმა აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობების კუთხით, არამედ მათი მზაობის კუთხითაც, იყვნენ ნატოს პარტნიორები და გააკეთონ ის, რასაც ნატოს წევრები აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა და ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება საქართველოსთვის.”
ჰამილტონის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნარატივი, რომ თითქოს დასავლეთს ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა, ყალბია – “სამწუხაროდ ესაა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად” – აღნიშნავს თადარიგის პოლკოვნიკი.
“ეს უბრალოდ სიყალბეა. ვვარაუდობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამას ამბობენ, იციან, რომ ეს სიცრუეა, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ იმ პოზიციის გასამართლებლად, რაც საქართველოს უკრაინაში ომის მიმართ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მართლა სამწუხაროა. ეს არ ასახავს საქართველოს. ეს არაფრით ეხმარება ნატოს და კოლექტიურად, დასავლეთს რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში.” – განაცხადა ჰამილტონმა.
მისი თქმით, ალიანსს საქართველოსგან სჭირდება მისი სერიოზული ფოკუსირება ქვეყნის, საკუთარ, ეროვნულ ტერიტორიულ თავდაცვაზე. როგორც ჰამილტონი განმარტავს, ნატოს ქარტიის მესამე მუხლი გულისხმობს გამძლეობას, მდგრადობას. “ყველა ფოკუსირებულია მეხუთე მუხლზე, მაგრამ მესამე მუხლიც ძალიან მნიშვნელოვანია” და ის ამბობს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ჩადონ მნიშვნელოვანი და სერიოზული ინვესტიციები საკუთარი ეროვნული ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობებში და შექმნან საზოგადოებრივი გამძლეობა:
“ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი თავისთვის და ნატოსკენ მისწრაფებისთვის, მოახდინოს სერიოზული ინვესტირება ამ შესაძლებლობებში. ეს დაეხმარებოდა მას, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები. ამგვარად, თუ და როცა ის გახდება ალიანსის წევრი, ის არ იქნება ტვირთი ნატოსთვის, არამედ მას შეეძლება წვლილი შეიტანოს საკუთარ თავდაცვაში და უფრო ფართო – ნატოს თავდაცვაში.”
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
17 ნოემბერს, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ “ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში”. დონფრიდმა ასევე ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული პროგრესის ნაკლებობაზე და შეეხო საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებს.
კარენ დონფრიდის თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს, გაატაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმები. ამერიკელი მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ ამერიკელი ხალხი დიდი ხანია სოლიდარობას გამოხატავს ქართველების სურვილის მიმართ, იყვნენ “თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.”
სენატორი ჯინ შაჰინი კი ამბობს, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა და შესაძლოა იფიქრონ, არის თუ არა დრო, რომ გადახედონ სტრატეგიას საქართველოს დახმარებასთან დაკავშირებით.
სენატორის განმარტებით, აშშ საქართველოს უწევს მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის და ეს დახმარება უნდა დაუკავშირდეს საქართველოს მხრიდან საპასუხო ქმედებებს, “მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ შესაძლოა, არ იყოს ამის გაკეთება კარგი”, მაგრამ, როგორც შაჰინი ამბობს, “საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ” ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე.
შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, “ნამდვილად არ არის საინტერესო” აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს დახმარების სისტემაზე შესაძლო ცვლილებები, რადგან მისი თქმით, ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასამთავრობოებზე.