"პირადი სანქციები ივანიშვილს" - ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე რეზოლუცია მიიღო
ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია
ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტმა საბოლოო რეზოლუციის მიღებამდე კენჭი უყარა ცალკეულ შესწორებებსაც, რომელთა უმეტესობასაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. დღევანდელ დოკუმენტში შეტანილია ნოემბერში მიღებული კომპრომისული ცვლილებებიც, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტი რეკომენდაციას გასცემს, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენები აღმოიფხვრას.
რეზოლუციაში შესული ერთ-ერთი ახალი შესწორების თანახმად, ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების კონტექსტში, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, „მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილზე და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“.
სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზე შედგენილ რეზოლუციას რეგისტრირებული 608 ევროპარლამენტარიდან მხარი 430-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 52 წავიდა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შესაძლებელი გახადოს მისი საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარულ საფუძველზე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
ამასთან, 14 დეკემბრის რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს საქმეებს მედიის თანამშრომლების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რეზოლუციაში პირდაპირაა ნახსენები “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე.
“ამ კუთხით რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას და სხვა მედიების (როგორიცაა ფორმულა, TV პირველი) მენეჯერებისა და დამფუძნებლების საქმეებზე. ევროპარლამენტი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებზე, მიუხედავად საქმის მიმართ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვებისა”. – ნათქვამია რეზოლუციაში.
● “დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანისა (PPE) და ანა ფოტიგას (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) შესწორებაში გამოთქმულია შეშფოთება „იმ ცნობების გამო, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს”, რათა გვერდი აუარონ დასავლეთის სანქციებს.
შესწორებაში გვხვდება მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი, რომ შემდგომში განიხილონ ეს ბრალდებები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მოხსენებები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესახებ. „თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, [ევროპარლამენტი] ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას მისი და უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ“.
სხვა ევროპარლამენტარების მსგავსად, ლექსმანისა და ფოტიგას შესწორებებში სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული დევიდ სმიტის ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, „რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილთან გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონის მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მის ჯანმრთელობის სწრაფად დაქვეითებას“.
ლექსმანის შესწორებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება.”
8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
2022 წლის 13 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.