რუსული პური ჩვენი არსობისა
პურის ფასი
2021 წლიდან საქართველოში პურის ფასი რამდენჯერმე გაიზარდა – ჯამში 80 თეთრით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თუ 2021 წლის იანვარში 1 კილოგრამი ხორბლის პურის ფასი 1,93 თეთრი იყო, 2022 წლის ნოემბრისთვის ეს ფასი 2, 73 თეთრამდე გაიზარდა.
ქვეყანაში, სადაც პენსიის და სოციალური შემწეობის მიმღები 1 მილიონი ადამიანია, პურის ფასის უმნიშვნელო მატებაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ჯიბეზე აისახება.
საქართველო 85 პროცენტით იმპორტულ ხორბალსა და ფქვილზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში დაახლოებით 160-170 ათასი ტონა ხორბალი მოიყვანეს, რაც მოთხოვნის მხოლოდ 15-17 პროცენტია (სულ მოხმარება დაახლოებით 700 ათას ტონაა). წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იყო.
მოთხოვნის დანარჩენ ნაწილს ქვეყანა იმპორტირებული ხორბლითა და ფქვილით ავსებს, რომელიც თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
მაგალითად, 2021 წელს საქართველოში ჯამში, დაახლოებით, 367 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა – აქედან 338 ათასი ტონა მხოლოდ რუსეთიდან. ფქვილის შემთხვევაშიც იგივეა – შარშან იმპორტმა 37 ათას 500 ტონა შეადგინა და აქედან 36 ათას 500 ტონა რუსეთიდან იყო.
ასე გამოიყურება 2017-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ხორბლისა და ფქვილის წილი იმპორტის საერთო რაოდენობასთან შეფარდებით:
რუსული ფქვილისა და ხორბლის შემოტანა უფრო იაფი ჯდება და რუსეთიდან იმპორტი საქართველოსთვის ამ ეტაპზე ყველაზე უკეთესი ვარიანტია:
„სხვა ქვეყნების ხორბლის ფასები დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ბაზრების სიშორის გამო, ტრანსპორტირება ძვირია. მაგალითად, რუსეთის პორტებიდან 1 ტონა ხორბლის გემით წამოღება თუ ღირს 25 დოლარი, უკრაინის, რუმინეთის და ბულგარეთის პორტებიდან დაახლოებით 40-50 დოლარი ჯდება. შესაბამისად, სხვა ქვეყნებში ხორბალი იაფი რომც იყოს, ტრანსპორტირების ხარჯის გამო, მაინც ძვირი გამოდის იქიდან შემოტანა“, – გვიხსნის საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
თუმცა, რუსეთის არასტაბილურობის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, რაც შეიძლება მალე იზრუნოს ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე და დაიწყოს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან.
როგორც ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, ნაცვლად ბაზრის დივერსიფიცირებისა, საქართველო ბოლო წლებში სულ უფრო დამოკიდებული გახდა რუსულ ბაზარზე.
მისი თქმით, 2006 წელს, რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ, 2012 წლისთვის საქართველოს ვაჭრობაში რუსეთის წილი, ექსპორტის მხრივ, დასული იყო ორ პროცენტამდე, იმპორტში კი – კიდევ უფრო ნაკლები.
„2012-დან 2014-მდე პერიოდში კი, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო „ურთიერთობის დალაგება“ რუსეთთან, რუსეთის წილი ექსპორტში 10-12 პროცენტამდე გაიზარდა. სამწუხაროდ, საქართველო ისევ მიება რუსეთის ბაზარს. ეს სახიფათოა. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთი არასტაბილური ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ შეუქმნა პრობლემები საქართველოს“, – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.
ამავეს ადასტურებს ნოემბრის დასაწყისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ომის შემდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური დამოკიდებულება ჰქონდეს რუსეთზე, საქართველოში ხდება პირიქით: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება არა თუ შემცირდა, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„რუსეთის ფედერაცია ხშირად იყენებს იმპორტზე დამოკიდებულებას პოლიტიკური მიზნებით, რის შედეგადაც გარკვეული ქვეყნები ათწლეულების მანძილზე გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან. საქართველოს შემთხვევაში, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დამატებით პრობლემურს ხდის ამ დამოკიდებულებას. სიტუაციას ასევე ამწვავებს ამჟამინდელი ომი უკრაინაში და რუსეთზე დაწესებული სანქციები, რომლის რიცხვიც დღითიდღე იზრდება“, – ნათქვამია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ხორბლის ბაზრის მიმოხილვის კვლევაში, რომელიც 2022 წლის მაისში გამოქვეყნდა. GFA-ც ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს.
რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ?
ეკონომიკური ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს სხვა ქვეყნებთან, რათა, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკური ფასით მოგვყიდონ პროდუქტი და არა ეკონომიკური – ძვირი ფასით.
„სანამ იაფია, გასაგებია, რომ რუსეთიდან შემოგვაქვს, მაგრამ რუსეთი არაპროგნოზირებადია და შეუძლია პრობლემა უცებ შექმნას. ბაზარს კი ასე სწრაფად გადაწყობა არ შეუძლია. ამიტომაც, მოლაპარაკებების დაწყებას, მათ შორის პოლიტიკურ ფასზე, წინ არაფერი არ უდგას. შეიძლება არც გამოვიდეს, მაგრამ მცდელობა მაინც ხომ უნდა გვქონდეს? პრობლემაა, რომ ამ მხრივ არაფერი კეთდება,“ – ამბობს ხორგუაშვილი.
ლევან სილაგავა კი ფიქრობს, რომ დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტი ხორბლის ორთვიანი გარდამავალი ანუ მუდმივად განახლებადი მარაგების არსებობაა:
„გაეროს რეკომენდაციაა ორ თვიანი მარაგების არსებობა ქვეყანაში. ვთქვათ, რუსეთმა უცებ შეწყვიტა იმპორტი, ამიტომ საჭიროა დიდი ხნის მარაგი, რათა კრიტიკულ მომენტში სხვა ბაზარზე გადასვლისთვის გვქონდეს დრო“.
ასევე, ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური გამოსავალი ხორბლის ადგილობრივი წარმოების ზრდაა.
საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. ბოლო წლებში ხორბალი 50 ათას ჰექტრამდე ტერიტორიაზე ითესება, თუმცა საშუალო მოსავლიანობა აქ სამჯერ უფრო მცირეა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. საქართველოში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 2-3 ტონა ხორბალი მოდის, მაშინ როცა ევროპისა და მსოფლიოს საშუალო მოსავლიანობაა ერთ ჰექტარზე 6-7 ტონა.
სილაგავას თქმით, დაბალ მოსავლიანობას რამდენიმე მიზეზი აქვს – მათ შორის არის სოფლის მეურნეობის სფეროში განათლების დაბალი ხარისხი, მოძველებული ტექნოლოგიები, და ა.შ.
მისი თქმით, თუ საქართველო ევროპულ სტანდარტებს მიაღწევს, ჰექტარიანობის გაზრდის გარეშეც კი, მინიმუმ, საკუთარი მოთხოვნის 40 პროცენტის დაკმაყოფილებას შეძლებს.
„აგროცოდნის ამაღლება, მიწების გამსხვილება (მიწებს შორის ადგილის ათვისება, შეერთება), ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მოსავლის დაზღვევა და დაბინავება, თესლის სწორად დარაიონება ( გადანაწილება რაიონების მიწების მიხედვით) – ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომელიც ქვეყანას ადგილობრივი წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდაში დაეხმარებოდა,“ – ამბობს სილაგავა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში JAMnews-ს უთხრეს, რომ მუშაობენ ხორბლის წარმოების გაზრდის მრავალწლიან პროგრამაზე, რომლის მიზანი თვითუზრუნველყოფის 50-60 პროცენტამდე ზრდაა. ამ პროგრამის განხორციელებაში სამინისტროს აშშ ეხმარება.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები (USDA) და კანზასის შტატის უნივერსიტეტის ექსპერტები საქართველოში ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდნენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა ექსპერტებმა ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედი ხორბლის წარმოება-მომარაგების ჯაჭვი შეისწავლეს და კვლევის საბოლოო შედეგების საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
„ვფიქრობ, ერთობლივი ეფექტიანი მუშაობით შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“, – განაცხადა ექსპერტებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა.
მასალაში გამოყენებული ფოტო: Nadya Spetnitskaya/Unplash