აფხაზეთი ემზადება მიიღოს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების "უცხოელ აგენტებად" გამოცხადების შესახებ
აფხაზეთი ამკაცრებს პოლიტიკას მის ტერიტორიაზე აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და ემზადება კანონის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციების “უცხოელ აგენტებად” გამოცხადების შესახებ. სოხუმი აპირებს მთლიანად თავისთვის დაიტოვოს მათი საქმიანობის სრულად შეზღუდვის შესაძლებლობა.
ამის ფორმალური მიზეზი გახდა ევროკავშირის გადაწყვეტილება აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ.
ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მუშაობაზე, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს აფხაზეთში და იღებენ დაფინანსებას ევროკავშირისგან – განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ.
მისივე თქმით, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ჰუმანიტარული პროექტები და პროგრამები, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს აფხაზეთის შიდა პოლიტიკაზე, მოქალაქეების ცნობიერებაზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის მცდელობაზე.
„ერთი მხრივ, ახორციელებენ ვითომ ჰუმანიტარულ პროექტებს ჩვენს ტერიტორიაზე, მეორე მხრივ კი არ ცნობენ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულ პასპორტებს. ეს, რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.“ – განაცხადა მინისტრმა.
აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ, კრისტიან ბჟანიამ, რადიო „ეხო კავკასუსთან“ ინტერვიუში, საერთოდაც არ გამორიცხა, რომ აფხაზეთში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს „მოეთხოვოთ” გასვლა სოხუმიდან.
აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეშფოთებულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ აგრესიის ასეთი მზარდი ტენდენციით. ამ კვირაში მოსმენები გაიმართება საჯარო პალატაში, სადაც თავად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, მოწვეულია იუსტიციის მინისტრი ანრი ბარციციც.
“ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” დირექტორთა საბჭოს წევრი ლიანა ქვარჩელია
„ქვეყნის ხელმძღვანელობა უშვებს შეცდომას, როცა აპირებს კანონის მიღებას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “უცხოელი აგენტების” სტატუსის მინიჭებაზე. ამით ისინი თავიდან იშორებენ არასამთავრობოებს.
საერთაშორისო სტრუქტურების აქ ყოფნა ხომ ეწინააღმდეგება საქართველოს თეზისს რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის ოკუპაციის შესახებ? ხოდა გამოდის, რომ ჩვენს ხელისუფლებას სურს დაეხმაროს თბილისს აფხაზეთის ასეთი იმიჯის პოპულარიზაციაში?
აფხაზეთის ხელმძღვანელობა ბოლო დროს აცხადებდა, რომ არის რეალური საფრთხე, რომ საქართველომ ახალი ომი გააჩაღოს აფხაზეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციების რესპუბლიკიდან გასვლა მიზანშეწონილი არ არის.
თუ ღმერთმა არ ქნას და ომი მართლა დაიწყო, მათი აფხაზეთში ყოფნა მსოფლიო საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას გაიგოს, ბოლოს და ბოლოს ვინ არის აგრესორი.
ამის მაგალითია ჰეიდი ტალიავინის ცნობილი დასკვნა, რომელიც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო დამოუკიდებელ კომისიას 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ომის ფაქტების დასადგენად.
ეს ანგარიში ეყრდნობოდა იმ დროს კონფლიქტის ზონაში მყოფი ეუთოს წარმომადგენლების ჩვენებებს და ეს დასკვნები მაშინდელ საქართველოს ხელმძღვანელობას არ მოეწონა.
რაც შეეხება ევროკავშირის მიერ პასპორტების არაღიარებას – ბრიუსელი სჯის არა რუსეთს, არამედ აფხაზებს, რომლებსაც ართმევენ ელემენტარულ გადაადგილების თავისუფლების უფლებას.
და ამ მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე უნდა დავაყენოთ აფხაზური პასპორტების სამგზავრო დოკუმენტად აღიარების საკითხი.
თუმცა, შესაძლოა, პასპორტებს საერთოდ არავითარი კავშირი არ ჰქონდეს და აფხაზეთის ხელისუფლებამ უბრალოდ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება საბაბად გამოიყენა, რათა „უფრო მეტად მოუჭიროს ხრახნებს“.
აფხაზეთის პარლამენტი ხომ უკვე მესამე წელია ამუშავებს კანონპროექტს, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, ისევე როგორც რუსეთის კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“.
ცეცხლზე ნავთს ასხამენ სხვადასხვა ანონიმური telegram-ის არხები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების იმიჯს ღიად უარყოფით ფერებში ხატავენ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს თითქმის „მეხუთე კოლონას“ უწოდებენ.”
- ორმაგი მოქალაქეობა აფხაზეთში: არა ფუფუნება, არამედ მგზავრობის საშუალება
- ტესტი ერთგულებასა და ალკოჰოლზე – როგორ გრძელდება ტურისტული სეზონი აფხაზეთში
- თბილი საბანი და ცირკი სახლში – როგორ გადააქვთ აფხაზეთის მცხოვრებლებს უშუქობა
YouTube არხის “აფსნიჰაბარის” მთავარი რედაქტორი ლეუან ლაგულა
„პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ არ არის „ინტერაფხაზური დღის წესრიგი“. ანუ ეს გარედან არის ნაკარნახევი.
აფხაზეთის უშუალო სიახლოვეს გლობალური დაძაბულობისა და სამხედრო კონფლიქტების პერიოდში ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენს ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფნის გაზრდით, ვინაიდან აფხაზეთს პრაქტიკულად არ აქვს საერთაშორისო პლატფორმები, რომლიდანაც ჩვენი პოზიციის საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდება შეგვიძლია.
აფხაზეთმა უნდა ისწავლოს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სარგებლის მიღება – თვითიზოლაცია არ შეიძლება შედიოდეს აფხაზეთის ინტერესებში.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო