ექვსი ფერის 600 ელფერი - როგორ ქსოვენ და აღადგენენ ერევანში ხალიჩებს
ეს არის მუზეუმი, რომელშიც ის გადარდებს, შეიძლება თუ არა იქ სიარული. აქ ფეხქვეშ ყველგან სილამაზეა. მაგრამ მუზეუმის თანამშრომელი გამშვიდებს:
„ხალიჩაზე მშვიდად იარეთ, არაფერი არ მოხდება“.
კომპანია „მეგერიანი“ ას წელიწადზე მეტი ხნის წინათ დაარსდა ნიუ-იორკში. იმ დროს ის მხოლოდ ხალიჩების რეცხვით და შეკეთებით, შესყიდვითა და გაყიდვით იყო დაკავებული.
1970 წელს კომპანიამ თავისი პირველი ხალიჩების დამამზადებელი ფაბრიკა დააარსა ეგვიპტეში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც.
2002 წელს „მეგერიანმა“ სომხეთში კომბინატ „აიგორგის“ შენობა იყიდა, სადაც საბჭოთა დროს ხალიჩებს ქსოვდნენ. და ახლა აქ ძველი და ახალი ხალიჩების ერთგვარი მუზეუმი მოქმედებს.
კომპანია „მეგერიან კარპეტის“ ხალიჩებს მხოლოდ ნატურალური საღებავებით შეღებილი ძაფებისგან ქსოვენ.
მაგალითად, ყვითელის ერთ-ერთი ელფერი უჭკნობელასგან მიიღება, მეორე – თეთრი თუთის ხის ნაფოტებისგან. ყავისფერი – კაკლის ნაჭუჭისგან, ბაცი წაბლისფერი – თეთრი ბროწეულის კანიდან, რომელიც ქვეყნის სამხრეთში, მეგრიში იზრდება.
ძველ დროში სომეხი ოსტატები წითელ ფერს ვორდან კარმირის ან არარატული კაშენილის სახელით ცნობილი მწერისგან მიიღებდნენ. დღეს კი ამ საღებავის ერთი გრამი საერთაშორისო ბაზარზე ოქროზე ძვირი ღირს.
ასევე ვებგვერდზეა: რატომ ვერ შეძლეს სომხეთში კაშენილის, უნიკალური მწერის ნაკრძალის შენარჩუნება, რომლისგანაც კარმინის უძვირფასეს წითელ საღებავს იღებენ.
ახლა წითელ ფერს მარენის ფესვისგან იღებენ. სწორედ ამ საღებავით ღებავენ დიასახლისები სააღდგომო კვერცხებსაც.
კომპანიას უცხოეთიდან მხოლოდ ინდური ინდიგო შემოაქვს. მისგან მუქ ლურჯ ფერს იღებენ.
ამ ექვსი ფერის შეხამებით კომპანია „მეგერიან კარპეტი“ ექვსასზე მეტ ელფერს იღებს.ფერები მყარდება კირქვისა და კიდევ ორი კომპონენტის წყალობით, რომელთა დასახელებაზეც კომპანია უარს ამბობს – ეს კორპორაციული საიდუმლოა. ამ რეცეპტის წყალობით, ფერები დიდხანს ინარჩუნებს სიკაშკაშეს, ხალიჩების მოხატულობა არ ხუნდება.
მუზეუმში შენახული ყველაზე ძველი ხალიჩა – 400 წლის ვასპურაკანია (ფოტო ქვემოთ). ხალიჩის მარცხენა მხარე საბჭოთა დროს ქიმიური საღებავებით აღადგინეს და ძლიერ განსხვავდება ფერთა გამით მარჯვენა ნაწილისგან. ეს მხარე არ დაზიანებულა და არც აღდგენილა.
ხალიჩის პირველი ნაწილი – იმის დადასტურებაა, რომ ნატურალური საღებავებით შეღებილი ძაფებით ნაქსოვი ფერს არ კარგავს.
ამ მუზეუმში არის ასევე უზარმაზარი დაზგა, რომელზეც ერევნის 2800 წლისთავისთვის მოიქსოვა ხალიჩა (ერევნის დაარსების თარიღად მიჩნეულია 782 წელი ჩვენს ერამდე, იუბილეს 2018 წლის ოქტომბრისთვის გეგმავენ – JAMnews).
ამ ხალიჩაზე ერთ წელიწადზე მეტ ხანს ოთხი ხელოსანი მუშაობდა. მასზე ერევნის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდებია ასახული.
მთლიანობაში კომპანია „მეგერიანში“ 30 ხელოსანი მუშაობს.
კომპანია ძველ სომხურ ხალიჩებს მთელ მსოფლიოში იძენს, რის შემდეგაც მათი მოხატულობა დიზაინერების ძალისხმევით თავიდან იბადება ახალ ხალიჩებზე.
მზა ხალიჩებს ჯერ კრეჭენ, შემდეგ დაახლოებით ხუთჯერ ვარცხნიან – მხოლოდ ხელით, რათა მომავალში ზედმეტი ძაფები არ დასცვივდეს და იატაკი არ დააბინძუროს. ამის შემდეგ ხალიჩის უკუღმა მხარე ხის ფისით მუშავდება, რათა ის ჩრჩილისგან დაიცვას.
თითოეული ხალიჩის დამუშავებას თითქმის ერთი თვე სჭირდება.
ლორის ხალიჩის ორიგინალი (ფოტო ქვემოთ) ეჩმიაძინის მუზეუმის საგანძურში ინახება. აქ ის ექვს ეგზემპლარად გაიმეორეს – თუმცა, არა გასაყიდად. მათ იმ ადამიანებს ჩუქნიან, რომლებმაც სომხეთის ისტორიაში წვლილი შეიტანეს, და ის მსოფლიოსთვის უფრო ცნობილი და გასაგები გახადეს.
სულ ხუთი ასეთი ხალიჩაა გაჩუქებული. მათი მფლობელები გახდნენ: შარლ აზნავური, რომის პაპი ფრანცისკე, კილიკიის კათოლიკოსი არამ პირველი, ფეხბურთელი გენრიხ მხითარიანი და თურქეთის პარლამენტის სომეხი დეპუტატი გარო პაილიანი.
ლორის კიდევ ერთი ხალიჩა უკვე მოქსოვილია ჯორჯ და ამალ კლუნებისთვის.
მუზეუმში გამოფენილი ზოგიერთი ხალიჩა კონკრეტული ოჯახების ისტორიას აღადგენს. ეს 150 წლის ხალიჩა სომეხთა გენოციდის მომსწრეა. 1915 წელს დედამ ოჯახური ხალიჩა ორ ნაწილად გაყო და ნაწილები გადასცა ორ ქალიშვილს, რომლებიც იძულებულები იყვნენ ერთმანეთს დაშორებოდნენ. 50 წლის შედეგ სწორედ ხალიჩების ამ ნაწილებით მიაგნებს დებმა ნიუ-იორკში ერთმანეთს.
თითოეულ ხალიჩას საკუთარი ისტორია აქვს, ზოგს კი – სიმბოლური დანიშნულება.
200 წლის ხალიჩა ნშაგორგი(ფოტო ქვემოთ) გვარის გაგრძელების სიმბოლოა. ქალებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენა არ შეეძლოთ, და გოგონებს, რომლებსაც გათხოვება უნდოდათ, სწამდათ, რომ საკუთარი ხელით მოქსოვილი ნშაგორგი მათ სურვილის ასრულებაში დაეხმარებოდა.
ვიღაც სპარსელმა ხანმა ორასი წლის წინათ სწორედ სომეხ ხელოსნებს დაუკვეთა ხალიჩა ფირდოუსის „შაჰნამეს“ მოტივებზე (ფოტო ქვემოთ).
მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატია – ხალიჩა პაზირიკი, რომლის ორიგინალი ერმიტაჟში ინახება.
ეს მსოფლიოში ყველაზე უძველესი ხალიჩაა(ფოტო ქვემოთ). მიიჩნევა, რომ ის დაახლოებით ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნეშია მოქსოვილი და სომხური საწყისი აქვს.
მტკიცებულების სახით სამი მთავარი არგუმენტი მოჰყავთ. ხალიჩა სომხური ორმაგი თვლებითაა ნაქსოვი, შეღებილია ვორდან კარმირის საღებავით, რომელსაც იმ მწერისაგნ იღებენ, რომელიც არარატის დაბლობში გვხვდება. მის მოხატულობას კი ურარტუს სამეფო სასახლის ფრესკები იმეორებს [უძველესი სახელმწიფო, რომელიც სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე იყო განლაგებული — JAMnews].
მუზეუმში გამოფენილია ასევე უნიკალური ვერცხლის სამკაულები, რომლებზეც დატანილია ძველი სომხური ხალიჩების მოხატულობა.
მუზეუმში არის ასევე პავილიონი, სადაც გასაყიდად გამოფენილია ახალი და ძველი ხალიჩებიც.