საქართველოს მთავრობამ უკან დაიხია - ხორბლის ავტოტრანსპორტით გადაზიდვა აღარ იკრძალება
საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვაზე დაწესებული აკრძალვა ერთი წლით გაუქმდა.
ეს გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც ხორბლის იმპორტიორი მძღოლების აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით დაიმუქრა.
15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ავტოტრანსპორტის საშუალებით ხორბლის და ფქვილის ტრანსპორტირება აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებით, ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი დასაშვები გახდა მხოლოდ პორტების და სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. აკრძალვა, რომლის შედეგად საავტომობილო გადამზიდავები ხორბლის ტრანზიტის ბიზნესს კარგავენ, 1 ოქტომბერს უნდა ამოქმედებულიყო.
ამ რეგულაციის სასარგებლოდ ხელისუფლების მთავარი და ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ ხორბლით დატვირთული ავტოტრანსპორტის გამო საბაჟო-გამშვებ პუქტებზე დიდი რიგები და საცობები იქმნება, რაც დისკომფორტს უქმნის ყოველწლიურად მზარდ ტურისტების ნაკადს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უსამსახუროდ ტოვებდა ასობით ტრაილერის მძღოლს, რომლებიც ხორბლის იმპორტით არიან დაკავებულები.
მძღოლები 17 სექტემბერს ლილოში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური გაფორმების ზონაში( გეზი) შეიკრიბნენ და მინისტრ მაჭავარიანთან შეხვედრა მოითხოვეს.
სამდღიანი პროტესტის შემდეგ, მძღოლებმა აიძულეს მთავრობა დათმობაზე წასულიყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლილოს ტერმინალის სახურავზე აძვრა, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით დაიმუქრა.
“ჩვენ გავითვალისწინეთ მძღოლების მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება. ხოლო მომავალი შეზღუდვა იქნება სეზონური, თუ სხვა ტიპის, ამაზე ერთად ვიმსჯელებთ მძღოლებთან,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარინმა, რომელიც პირადად შეხვდა ბენზინგადასხმულ მძღოლს.
ხორბლის გადამზიდავი კომპანიებისა და ტრაილერების მძღოლების გარდა, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება რთულ მდგომარეობაში აყენებდა მეზობელ სომხეთს.
სომხეთისთვის საქართველო ერთადერთი სატრანზიტო ტერიტორიაა, საიდანაც ქვეყანაში ხორბალი შედის, ამიტომ მარცვლეულის ხმელეთით გადაზიდვის აკრძალვას სომხეთში, შესაძლოა, პურის ფასის მატება მოჰყოლოდა.
• ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა სახელმწიფო კომპანიის – საქართველოს რკინიგზის ტვითბრუნვის გაზრდას გეგმავდა. 2012 წელთან შედარებით რკინიგზის ტვირთბრუნვა პრაქტიკულად განახევრებულია.
• საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში 36 პროცენტითით ( 74 მილიონ ლარამდე) შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. რკინიგზის მოგება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 116 მილიონს აჭარბებდა.
• შემოსავლებთან ერთად შემცირებულია რკინიგზის მიერ გადატვირთული პროდუქციის მთლიანი მოცულობაც და ის მხოლოდ 5 მილიონ ტონას შეადგენს.
• საინტერესოა, რომ 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე, ვიდრე ფინანსთა მინისტრად დაინიშნებოდა, საქართველოს რკინიგზას ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.