რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვინ არიან კანდიდატები? მოკლედ
საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დანიშნულია, კანდიდატებმა კამპანია დაიწყეს, მმართველ გუნდში კი ჯერ კიდევ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ყველა ძირითადი კანდიდატის ვინაობა ცნობილია.
JAMnews მოკლედ მოგიყვებათ, რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.
ქვეყნის მოსახლეობა მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტს პირველად აირჩევენ ექვსი წლის ვადით (მანამდე ვადა 5 წელი იყო).
ეს იქნება ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს პრეზიდენტს. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, უკვე შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები, არაპირდაპირი წესით ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან. ამავდროულად, მას საქართველოში 5 წელი მაინც უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები და არჩევნების დანიშვნის დღისთვის კი ბოლო 3 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
კანდიდატები
ამ ეტაპისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 16 კანდიდატია დარეგისტრირებული.
საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას. მარგველაშვილს თავისი პოლიტიკური გუნდი არ ჰყავს. 2013 წელს ის “ქართული ოცნების” კანდიდატი და პირადად ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო. თუმცა, ძალიან მალე ივანიშვილმა მას “ყველაზე დიდი იმედგაცრუება” უწოდა, ხოლო მმართველი გუნდი წლებია პრეზიდენტს ოპონირებას უწევს.
ეს პირველი არჩევნებია საქართველოს ისტორიაში, როდესაც მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, და სავარაუდოდ, არც ეყოლება. “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი ძალა არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატის დაყენებას. მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა ეს პოსტი ოპოზიციას “დაუთმოს” ან მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს.
“მე პოზიცია მაქვს რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი… ქვეყნისთვის ჩემი აზრით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება. სამწუხაროდ პარტიებიდან მხარს ვერავის ვერ დავუჭერთ, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება დავუჭიროთ, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი, “- თქვა ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზო ინტერვიუში საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც სავარაუდოდ “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილია. ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, თუმცა შემდეგ მალევე ოპოზიციაში გადავიდა და სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ოპონენტად იქცა. ზურაბიშვილი ქართველი ემიგრანტების შთამომავალია, ის საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. ქართულ ენაზეც ფრანგული აქცენტით საუბრობს.
ამ პოლიტიკოსის მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით მის მიერ აგვისტოს ომთან და რუსეთთან დაკავშირებული განცხადებების გამო. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. ამ განცხადების გამო ის “ქართული ოცნების” ზოგიერთმა წარმომადგენელმაც კი გააკრიტიკა.
ყოფილმა მმართველმა პარტიამ, მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო კოალიცია შექმნა ათ მცირე ოპოზიციურ პარტიასთან. გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციას “ძალა ერთობაშია” ჰქვია და ამ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია გრიგოლ ვაშაძე.
ვაშაძე გამოცდილი დიპლომატია, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო (2008 წლის დეკემბრიდან – 2012 წლის ოქტომბრამდე). ვაშაძის დიპლომატიური კარიერა რუსეთთანაა დაკავშირებული, ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში და რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მხოლოდ 2008 წელს თქვა. ვაშაძე პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილის მეუღლეა.
“ევროპულმა საქართველომ” (სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც 2016 წელს გამოეყვნენ “ნაციონალურ მოძრაობას”) საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. ბაქრაძე სააკაშვილის ხელისუფლების დროს წლების განმავლობაში პარლამენტის სპიკერი იყო. ამ პოლიტიკოსს თითქმის ყველა სოციოლოგიური გამოკითხვაში ნდობის მაღალი რეიტინგი აქვს. ბაქრაძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყრიდა კენჭს. არჩევნებში მან 21, 73 პროცენტი მიიღო.
კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერი. ეს მოძრაობა ლიბერტარიანული მიმართულებისაა და მთავარი საკითხი, რაზეც მუშაობს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაა. სწორედ ამ ორგანიზაციის სარჩელის საფუძველზე მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.
ტრადიციულად, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელსაც 2008 წლის შემდეგ არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები არ გამოუტოვებია.