„აქ არცერთ დონეზე ბიუროკრატია არ არის“. საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსების ისტორიები
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 32 ათას ადამიანზე მეტმა მიიღო. დაახლოებით 20 ათასი მათგანი რუსია, რომელთაგან ბევრი საქართველოში წარმატებულ ბიზნეს-საქმიანობას ეწევა. „ნოვაია გაზეტამ“ ჩაიწერა რამდენიმე ისტორია, სადაც გმირები ჰყვებიან, თუ როგორ გადმოვიდნენ საქართველოში.
მასალის სრული ვერსია „ნოვაია გაზეტას“ ვებ-გვერდზე
ვლადისლავ ზუბოვი: „ჩემამდე აქ ობიექტი სახელად „ჭაჭა“ არ არსებობდა”
ვლადისლავ ზუბოვი, კაფეების ქსელის Chacha Time-ის მფლობელი. ფოტო არქივიდან
“მთლიანობაში რუსეთში არსებული ვითარების მიუღებლობის გამო, 2015 წელს მოსკოვიდან საქართველოში გადავედი. ქართველებს ბევრი მაგარი რაღაცები გამოუვიდათ. მაგალითად, დამარცხებულია კორუფცია. რაღაც დანაზოგი მქონდა, და ჭაჭა- ბარი გავხსენი – ჯერ ბათუმში, შემდეგ კი მეორე – თბილისში.
აქ ძალიან საინტერესო სასმელები აქვთ, მაგრამ ამ საქმიანობას არავინ ეწეოდა. წარმოგიდგენიათ, საქართველოში ჩემი ბარის გახსნამდე არცერთი ობიექტი არ იყო სახელწოდებით „ჭაჭა“! შინაურული ჭაჭა – ბაზარზე ლიტრი ექვსი ლარი(2,5 დოლარი ღირს). სიკვდილით არ მოგკლავს, მაგრამ დილით ცუდად იქნები. ჩვენთან კი 50 გრამი სასმელი – მინიმუმ 4 ლარია (1,5 დოლარი). მაგრამ ეს კარგი ხარისხის სასმელია, რომელიც ნებისმიერ იტალიურ, პერუულ და სხვა ნებისმიერ მონათესავე სასმელს უწევს კონკურენციას.
თავიდან ძალიან მერიდებოდა, როდესაც ჩემთან ქართველები შემოდიოდნენ – ღვინის კოლექციების მფლობელები. ვეუბნებოდი: „ბიჭებო, მაპატიეთ, თქვენს საქმეში ცხვირი რომ ჩავყავი“. მპასუხობდნენ: „კარგი ერთი, საერთოდ ვერ ვხვდებით ამას როგორ აკეთებო“. უკვირდათ, ჭაჭის ყველა წვრილმანსა და ელფერს რომ განვასხვავებდი.
ბევრი ნაცნობი ქართველი, ბანკის მოხელე, შეძლებული ადამიანი მეუბნებოდა: „გვწყინს, რომ ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, ეს ხომ ჩვენთვის მშობლიურია, მაგრამ ის კი ძალიან გვსიამოვნებს, შენ როგორ აკეთებ ამასო“. მე ქართული ეროვნული პროდუქტის განვითარებით ვარ დაკავებული. არ ვცდილობ რაიმე ჩემი შევიტანო.
ჭაჭას აქ ისე აღიქვამენ, როგორც ნებისმიერ თვითნახად სასმელს. მე კი ვუჩვენებ, რომ ეს საოცარი სასმელია, მისგან კულტურას ვქმნი. ზოგჯერ უცხოელებს თავიანთი ქართველი სტუმრები მოჰყავთ, და ისინი ცხვირს იბზუებენ, შემდეგ მათ ლექციას ვუკითხავ და მოლბებიან ხოლმე.
2015 წლამდე საქართველოში ისეთი მოგზაურები ჩამოდიოდნენ, რომლებიც ტელევიზიით გადაღეჭილი ინფორმაციის ამარა კი არა, უფრო გათვითცნობიერებული ადამიანები იყვნენ. სამ წელიწადში ქვეყანაში ატმოსფერო შეიცვალა, ე. წ. “ვატნიკების” (პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერების) რიცხვმა ტურისტებს შორის აშკარად იმატა”.
ქსენია ივანოვა: „თითქოს ერთნაირები ვართ, მაგრამ სინამდვილეში – არა“
ქსენია ივანოვა, საკადრო სააგენტოს მეპატრონე. ფოტო არქივიდან
“ერთი მერვედით მე თვითონაც ქართველი ვარ, მაგრამ აქ პირველად შეგნებულ ასაკში მოვხვდი – ჩემს მომავალ ქმართან ერთად თხილამურებით სასრიალოდ ჩამოვედი. ქორწილი საქართველოში გადავიხადეთ და დასასვენებლადაც ხშირად ჩამოვდიოდით. ერთ მომენტში კი მივხვდი: საერთოდ რად მინდა გამგზავრება, თუკი აქ ასე კარგად ვგრძნობ თავს? – HR-თან დაკავშირებით რაიმეს გაკეთების იდეა სწრაფად გაჩნდა: განათლებით ფსიქოლოგი ვარ, მოსკოვშიც პერსონალის შეფასებით ვარ დაკავებული.
საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ნაცნობობით ხდება – პერსონალის შერჩევაც კი, და ყველაზე მეტად უცხოელებს უჭირთ პერსონალის შერჩევა. გადავწყვიტეთ, რომ ეს ნიშა დაგვეკავებინა.
პირველი კლიენტები გახდნენ ჩვენი მეგობრები, რომლებსაც აქ საქორწინო სააგენტო აქვთ. თავიდან გვეგონა, რომ მხოლოდ ტურისტულ ბიზნესთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან ვიმუშავებდით, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ მზად ვართ, ყველა უცხოელს დავეხმაროთ ნებისმიერ ვაკანსიასთან დაკავშირებით.
საქართველოში სამუშაოდ ჩამოდიან ევროპიდან, ამერიკიდან, ირანიდან, თურქეთიდან… ფირმის დარეგისტრირება ძალიან ადვილი იყო, საქართველოში არცერთ დონეზე არ არსებობს ბიუროკრატია. იუსტიციის სამინისტროში მივედით, და ერთ საათში ყველა ქაღალდი მზად იყო.
მეორე დღეს ტელეფონით მივიღეთ შეტყობინება: „თქვენი ფირმა დარეგისტრირებულია“. ამის შემდეგ ბუღალტერთან ერთად მართლაც ერთი წუთით შევიარეთ სგადასახადოში და აღრიცხვაზე აგვიყვანეს.
მთავარი დასკვნა საქართველოში ნახევარწლიანი ცხოვრების შემდეგ – ის, რომ ქართველებმა რუსული იციან, მათთან ჩვენს მენტალურ სიახლოვეს არ ნიშნავს. თითქოს ერთნაირები ვართ, მაგრამ სინამდვილეში – არა. ახლახან ქართული ზღაპრები წავიკითხე, რომ მივმხვდარიყავი, რით განსხვავდებიან ქართველები ჩვენგან.
მთავარ საკითხებში ჩვენი გაცნობა ივანე სულელის მიხედვით შეიძლება: მას ეზარება, ეზარება, მაგრამ საჭირო დროს მობილიზდება და აკეთებს. ქართველების ეროვნული პერსონაჟი ნაცარქექია კი ძალიან ჭკვიანი და კარგი გამომგონებელი ხდება, როდესაც ის უნდა მოიფიქროს, თუ როგორ არ აკეთოს არაფერი.
ჩვენ აქ რაიმე გაკიცხვას ყოველდღიურად არ ვაწყდებით, მაგრამ შეიძლება ზუსტად ითქვას: რუსების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ქართველების რიცხვი იზრდება. ეს ეროვნული განწყობის დონეზე იგრძნობა. როდესაც ფეხბურთს ვუყურებდით, რუსეთთან მატჩის დროს ქართველებივით მხურვალედ ხორვატებს არავინ გულშემატკივრობდა. მგონი – არც თავად ხორვატები”.
დმიტრი გორდეევი: „რუსეთის შემდეგ აქ ბიზნესის კეთება ადვილია – უბრალოდ იმუშავე“
“დეკემბერში შვიდი წელიწადი გახდება, რაც საქართველოში ვცხოვრობ. ნოვოსიბირსკში დეპუტატი ვიყავი და საკუთარი სამშენებლო ბიზნესი მქონდა, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდება წამიყენეს და საქართველოში გამოვემგზავრე. აეროპორტშივე ვითხოვე თავშესაფარი. ვიდრე ამას ვითხოვდი, სამშობლოში დეპუტატის უფლებამოსილება ჩამომართვეს. იმ ცხოვრებას უკვე აღაც ვაქცევ ყურადღებას, მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. რუსეთში ვერანაირ სამართლიანობას ვერ მივიღებდი – მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან ჩამოვიდა. მანამდე საქართველოში არასდროს ვყოფილვარ.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ცხოვრება ძალიან კომფორტულია. აქ არ ჩხუბობენ ყოფითი საკითხების გამო, როგორც რუსეთში, არ არის მიღებული ერთმანეთის გამწარება. ყველა მშვიდობიანად ცხოვრობს, კომფორტული გარემოა. ვინმეს მანქანითაც რომ გადაუკეტო გასასვლელი, ცუდს არავინ არაფერს გეტყვის. ქართველებს შორის ბევრი კარგი მეგობარი გავიჩინეთ.
საქართველოში ჩემი ბიზნესი დავიწყე: დაბალსართულიანი სახლების მშენებლობით ვარ დაკავებული. წელიწადში ერთ-ორ კოტეჯს ვაშენებ, 100-150 კვადრატულ მეტრს. მყიდველების 50 პროცენტი რუსეთიდანაა. აქ უძრავ ქონებაზე გადასახადი არ არის, ბევრი ცდილობს აქ რაღაცის შეძენას. რუსეთის შემდეგ საქართველოში ბიზნესის კეთება ადვილია, უბრალოდ იმუშავე.
ჩემი მეუღლე ტურისტული ბიზნესით არის დაკავებული, საქართველოს ტურისტული სააგენტოების ტოპ-ათეულში შედის. ჩვენი პატარა გოგონა ქართულად თავისუფლად საუბრობს. გერმანიის საელჩოსთან არსებულ სკოლაში დადის.
ქართველები პიროვნებას უყურებენ, საქციელს. არასდროს არ წავწყდომივარ, რომ ვინმე ჩემს წარმოშობას მაყვედრიდეს. თუმცა, ზოგჯერ გამარჯვების დღეს რუსები “გიორგის ბაფთებით” ჩამოდიან. ქართველებისთვის ეს მიუღებელია”.