10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ. ორი ახალგაზრდა ქალის ისტორია კონფლიქტის ორივე ადგილიდან
სამხრეთ ოსეთის ირგვლივ 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ, რომელშიც საქართველო და რუსეთი მონაწილეობდნენ, 10 წელიწადი გავიდა. თბილისელი და ცხინვალელი ჟურნალისტები ესაუბრნენ იმ ადამიანებს, ვისაც ომი ყველაზე მეტად შეეხო.
ისინი თავიანთი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლებს იხსენებენ, ჰყვებიან თუ როგორ ცხოვრობდნენ ამ ათი წლის განმავლობაში და როგორ ესახებათ თავიანთი მომავალი.
____________
ფიქრია შველიძე, 42 წლის, ქართველი, 2008წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის სოფელ კეხვში მდებარე თავისი სახლი დატოვა
„ომი? ამაზე მაშინ არავინ ფიქრობდა. იმ ზაფხულს გეგმებს ვაწყობდით – სახლი ოდნავ შეგვერემონტებინა, ბავშვებისთვის ახალი ტანსაცმელი გვეყიდა.
5 აგვისტოს ბავშვები დედაჩემთან გავგზავნე დასავლეთ საქართველოში. ჩემი ბიჭი მაშინ 11 წლის იყო, გოგონა – სამის.
ბავშვები მშობლიურ სახლში აღარც დაბრუნებულან. გოგონას აღარც ახსოვს, მე და ჩემი ბიჭი კი ხშირად ვიხსენებთ ჩვენს სახლს, მეზობლებს, ქუჩას. მიხარია, რომ მათ ის უბედურება არ უნახავთ, რაც ორი დღის შედეგ თავს დაგვატყდა.
უკვე 7 აგვისტოს ჩვენს სოფელს ისე ბომბავდნენ, რომ მეზობლის სარდაფში მოგვიხდა თავის შეფარება. სახეებზე ყველას შიში ჰქონდა აღბეჭდილი, მაგრამ მაინც ერთმანეთის გამხნევებას ცდილობდნენ, ჩვენი მეზობელი ანეკდოტების მოყოლასაც კი ცდილობდა.
მამაკაცები გვაწყნარებდნენ, რომ მიწიდან ორი მეტრის სიღრმეზე ვიმყოფებოდით და არაფერი გვემუქრებოდა. გარეთ საჭმლისთვისაც კი არ გავდიოდით, ასე უჭმელ-უსმელები ვისხედით ორი დღე-ღამის განმავლობაში. არაფერი არ ვიცოდით, ირგვლივ რა ხდებოდა, ტელეფონები არ მუშაობდა. 8 აგვისტოს უკვე თვითმფრინავებიდან დაიწყეს ჩვენი დაბომბვა. და იმ დღეს ქართველი ჯარისკაცები მოვიდნენ, და საშინელი რამ გვითხრეს: რომ ადამიანები აქედან გარბოდნენ, და ჩვენი წასვლის დროც იყო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება იცვლებოდა, და უბედურება დაგვატყდა თავს.
ჩვენი სოფელი 8 აგვისტოს საღამოს 8 საათზე დავტოვეთ. ნათესავმა ყველა თავის მანქანით გაგვიყვანა. რომ წამოვედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ შიშისგან ნივთებიდან არაფერი თან არ წამიღია. მხოლოდ მერე აღმოვაჩინე ჩანთაში ჩემი შვილების ფოტოები, არც კი მახსოვს, ჩანთაში როდის ჩავდე.
სოფლების გავლით მივდიოდით – და უკვე არსად აღარავინ იყო. და ჩვენიც კარი ღია დავტოვეთ, როდესაც მანქანისკენ გავრბოდით. მაშინ გვეგონა, რომ უკან მალევე დავბრუნდებოდით.
დღეს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ (გორის და კონფლიქტის ზონის მახლობლად — JAMnews). ბავშვები გაიზარდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ სჭირდებათ. მთელი ეს წლები ახალ რეალობასთან შეგუებაში გავიდა. ყველაზე საშინელი პირველი ორი-სამი წელიწადი იყო. თითქოს სხვის სახლში ვცხოვრობდი, სახლისთვის ახალი ნივთების შეძენაც კი არ მინდოდა, სულ მეგონა, რომ ეს დროებით იყო, და იქ დაფუძნება რაში მჭირდებოდა? მხოლოდ შემდეგ გავათვითცნობიერე, რომ ასეთ ფუჭ მოლოდინში შეიძლება მთელი ცხოვრება გავიდეს.
მე და ჩემი ქმარი ახლა ჩვენი ცხოვრების დალაგებას ვცდილობთ, გვინდა ბავშვებს განათლება მივცეთ. უფროსი უკვე მესამე კურსზეა, უნივერსიტეტში სწავლობს, ცდილობს დაგვეხმაროს და სწავლასთან ერთად მუშაობს. სახლის გაფართოება გვინდა – კოტეჯში ოთხნი ვცხოვრობთ. იქნებ მომავალ წელს ერთი ოთახის მიშენება შევძლოთ. მაგრამ ისეთი სახლი, როგორიც კეხვში გვქონდა, ალბათ აღარასდროს გვექნება. უზარმაზარი იყო, ორ ოჯახს ყოფნიდა. ბაღიც ძალიან დიდი გვქონდა. იქიდან აღებული მოსავლით ვცხოვრობდით. მაგრამ ჩვენი სახლი აღარც არსებობს, ამის შესახებ ომის შემდეგ მალევე გავიგე. დაიწვა. ინტერნეტში ფოტოებიც კი ვნახე. ეს ოცნებების მსხვრევად იქცა. ზოგჯერ მეგონა, თითქოს ეს ჩემს თავს არ ხდებოდა.
ჩემი ქმარი – პირველი ჯგუფის ინვალიდია, პენსიას იღებს, კიდევ დევნილთა დახმარებას – ერთად 400 ლარიც კი არ გამოდის. ომმა მთელი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ასეთ რამეს არავის ვუსურვებ. და გულის სიღრმეში ჯერ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ ოდესმე მაინც შევძლებ იმ სახლში მისვლას, სადაც დავიბადე და ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე. ვიცი, რომ ჩემი სახლი დაიწვა, მაგრამ ეზო ხომ დარჩა. მისი დაწვა ხომ შეუძლებელია.
სოფელში საერთო დღესასწაული გვქონდა – 20 მაისი, სოფელი კეხვის დღე იყო. მხიარულება იდგა, ყველა მეზობელი ერთად იკრიბებოდა. იქნებ ამ ჩვენს დღესასწაულს ახლა სხვები აღნიშნავენ, ისინი ვინც ჩვენს სოფელში ცხოვრობს?“
________
ანჟელა გუჩმაზოვა, 39 წლის, ოსი, ცხოვრობს სამხრეთი ოსეთის სოფელ სარაბუკში
„ჩვენი სოფელი ომის დროს 2008 წლის საშინელ მოვლენებამდე ერთი თვით ადრე აღმოჩნდა ცეცხლის ხაზზე. საბოლოოდ მომიწია, რომ დედა იქ, ომის ცეცხლის ქვეშ დამეტოვებინა, თავად კი ერთი წლის ვაჟთან და ოთხ პატარა დისშვილთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთში გავიქეცი“.
ანჟელა გუჩმაზოვა ჰყვება, რომ მისი მშობლიური სოფელი სარაბუკი იმით არის სახელგანთქმული, რომ ცხინვალის რაიონის სხვა ადგილებთან შედარებით შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. ამიტომ საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მწვავე ფაზის დროს აქ სამშვიდობო ძალები იმყოფებოდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ აქ ოსური მილიციის ბატალიონი იდგა. და ამიტომ 2008 წელს ამ სოფელს უფრო მეტად ესროდნენ და ბომბავდნენ, ვიდრე სხვებს.
მათ 15 ივლისის შემდეგ ბანზე ჩაის დალევის ოჯახური ტრადიციის შეწყვეტა მოუხდათ. იმ ღამეს განსაკუთრებით ძლიერად ისროდნენ.
„ყველას გვეძინა. მე, ჩემს ბიჭს, ჩემს ოთხ დის შვილს და დედაჩემს. ტყვიების წუილი ისმოდა, ერთ-ერთმა ტყვიამ კი ჩემი საწოლის თავზე კედელში შემოაღწია. ის ტყვია დღესაც იქ არის. ყველას ვუთხარი, რომ პანიკის გარეშე იატაკზე ჩამოცოცებულიყვნენ. ერთ-ერთმა დის შვილმა არ დამიჯერა, მთელი ოთახი გამოირბინა და შიშისგან მომეკრო“, – ჰყვება ანჟელა.
სროლა ყველა მომდევნო დღეს გრძელდებოდა.
„3 აგვისტოს ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია დაიწყო. მესმოდა, რომ ამდენი ბავშვით სარაბუკში დარჩენა საშიში იყო. მეზობელს ვთხოვე, დილით ადრე რუსეთის საბაჟოსთან მივეყვანეთ, იქ ჩემი სიძე დაგვხვდა, ჩემი დისშვილების მამა.
6 აგვისტოს გორის გავლით, ძველი შემოვლითი გზით გავემგზავრეთ. ქართული სოფლის ვანატის გავლით წავედით, გვეშინოდა, მაგრამ არჩევანი არ გვქონდა. ყველგან, სადაც კი გავიარეთ, მიტოვებული, ცარიელი სახლები გვხვდებოდა და ბევრი მიტოვებული ცხოველი – ძაღლები, ღორები, ძროხები.
სადღაც გზის პირას მთელი ოჯახი იდგა, ოსები, გაგვაჩერეს, გვთხოვდნენ, რომ თან წაგვეყვანა, ბავშვები მაინც. მაგრამ ჩვენ მათი დახმარება არ შეგვეძლო, ჩვენი პატარა მანქანა ჭერამდე სავსე იყო“.
სამხრეთ ოსეთში ანჟელას დედა და ძმა დარჩნენ.
„დედამ თქვა, რომ არფრის დიდებით არ წამოვიდოდა – სახლის საყარაულოდ დარჩებოდა. და შემდეგ მათთან კავშირი აღარ იყო. მხოლოდ სულ დასაწყისში მომწერა ჩემმა ძმამ ცხინვალის სარდაფიდან, სადაც იმალებოდნენ. მითხრეს, რომ ცოცხლები არიან, და მორჩა“.
ჰყვება ანჟელას დედა, 73 წლის ზარეტა კოკოევა:
„7-დან 8 აგვისტოს ღამით ჩემი ძმის სახლში ვიყავი – ის უფრო ქვემოთაა, ვიდრე ჩვენი, და თითქოს იქ უფრო უსაფრთხოდ ვიყავით. ზედ ჩვენი სახლის წინ ჭურვი დაეცა. დავინახე აფეთქების ტალღამ ჩვენი სახლის კარი როგორ მოანგრია, და ინერციით იქით გავიქეცი, რომ კარი ამეღო და დამეკიდა. ჩემი ძმა მე გამომეკიდა.
ამ მომენტში სოფელში სოფელ ედევის მხრიდან ქართული ტანკების და ჯარისკაცების შემოსვლა დაიწყო. დაგვიყვირეს, რომ უნდა დავმალულიყავით. კარი დავაგდეთ, და უკან გავიქეცით, სამივე სარდაფში დავიმალეთ – მე, ჩემი ძმა, და მისი ცოლი. ქართველმა ჯარისკაცბმა იქ გვიპოვეს. ქართული სამივემ კარგად ვიცით, და ხელები მაღლა ავწიეთ, რომ დაენახათ, უიარაღოდ ვიყავით და ხმამაღლა ვყვიროდით ქართულად: „მშვიდობიანი მაცხოვრებლები ვართ, ნუ შეგვეხებით!“. ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ ისინი ოს ჯარისკაცებს ეძებდნენ. და ჩვენ გაგვიშვეს“.
ამ ოჯახიდან იმ ომში, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა. მაგრამ დაიღუპნენ მათი ნაცნობები და შორეული ნათესავები.
„მთელი ამ წლების განმავლობაში მე და დედა თავს ჩვენ თვითონ ვირჩენთ – ის პენსიას იღებს, მე – ხელფასს. ნელ-ნელა აღვადგენთ ჩვენს სახლს. ქალები ვართ და ჩვენ თვითონ ვშოულობთ სარჩოს. ჩემი ბიჭი სულ 11 წლისაა, ქმარი არ მყავს, მამა მოგვიკვდა.
ზოგჯერ მამას ფოტოს მივუახლოვდები და ველაპარაკები ხოლმე. მაგრამ ახლახან დედამ მისი ფოტო აიღო, არ მოსწონდა, იქიდან სულ რომ გვიყურებდა. ამბობს, – გასვენების შემდეგ სახლში დიდი სურათის გაჩერება არ შეიძლებაო. ამის გამო სულ ვჩხუბობთ“, – ჰყვება ანჟელა.
ომის შედეგ შვიდ წელიწადში კი სოფელ სარაბუკში ძაღლი მოვიდა. ანჟელას ჰგონია, რომ ის მეზობელი სოფლიდან ვანატიდან მივიდა- იქ ადრე ოსები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ.
„ქართული ოჯახები ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყვანეს, და ეს ძაღლი ალბათ დარჩა და მთელი ეს წლები ელოდა პატრონების დაბრუნებას. როდესაც მოვიდა, ძალიან ცუდად იყო, გვეგონა, კვდებოდა. მაგრამ მოვუარეთ და პომპორა დავარქვით. მას შემდეგ სამი ლეკვი გააჩინა – ყოველ წელიწადს თითო. მეზობლებს ლეკვები მიჰყავთ. მათი აზრით, ლეკვებს სიმშვიდე და წარმატება მოაქვთ“.