"ეს არ იყო მისთვის სახალისო მოგზაურობა" - რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტზე
ექსპერტები ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტზე
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 28 სექტემბრის ვიზიტს სოხუმში, თბილისის პროტესტი მოჰყვა. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. სხვადასხვა ფორმით განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრებმა.
JAMnews-მა სთხოვა ქართველ ანალიტიკოსებს, შეეფასებინათ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი, მისი შესაძლო მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და ასევე თბილისის რეაქცია:
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი:
ის საფრთხე, რომ შესაძლოა, ბელორუსმა აღიაროს აფხაზეთი, არსებობდა ყოველთვის. ეს საფრთხე ახალი არ არის და შესაძლოა, ჩადებული იყოს ამ ვიზიტშიც, მაგრამ ამისთვის ვიზიტი რა საჭიროა, ჩემთვის გაუგებარია. სირიამ და ვენესუელამ ისე აღიარეს, რომ დამასკოდან და კარაკასიდან არავინ არ ჩასულა. ანუ, თავისთავად ჩასვლა პირდაპირ კავშირში არ უნდა იყოს აუცილებელ აღიარებასთან.
ჩასვლას სხვა ფუნქცია აქვს, მით უმეტეს, რომ ჩავიდა არა სოხუმში და არა ოფიციალურად, არამედ ბიჭვინთის აგარაკზე და თან არაოფიციალურად.
ბიჭვინთის აგარაკი არის საკამათო თემა მოსკოვსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის პოლიტიკოსები, ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ბიჭვინთის აგარაკების დიდი მონაკვეთი რუსეთის მთავრობას გადასცენ. ამ ფონზე, მაქსიმუმ ოქტომბერში აფხაზეთში აუცილებლად უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის სხდომა, რომელმაც შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს და ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს გადაეცეს.
ვფიქრობ, ეს მომენტი, რომ უნდა ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არის წამყვანი ეპიზოდი, რაზეც არავინ არ ლაპარაკობს. ამიტომ პუტინმა, სოჭში ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე, შესაძლოა, მას მოსთხოვა და აიძულა, რომ ჩასულიყო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე და იქიდან დალაპარაკებოდა აფხაზ ხალხს.
დარწმუნებული ვარ, ეს არ იყო ლუკაშენკოსთვის სახალისო მოგზაურობა და არ არის მისი საუკეთესო ნაბიჯი. იძულებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც ჩავიდოდა. ის რომ ჩადის ბიჭვინთის აგარაკზე, მესიჯი დაახლოებით ასე ლაგდება:
აფხაზებო, დაფიქრდით კარგად, მე, ბელარუსის პრეზიდენტი, მზად ვარ, ვაღიარო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მანამდე საჭიროა, ბიჭვინთა გადასცეთ რუსეთს.
მე ასე ვკითხულობ, ჯერ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა და შემდეგ აღიარება, დაახლოებით ეს ლოგიკაა. ანუ, რუსეთის მესიჯია, რომ, თუ ჩამიგდებთ ბიჭვინთის აგარაკის გადმოცემას, აღიარებას ვერ მიიღებთ და, თუ მომცემთ, მაშინ ვიფიქრებთ აღიარებაზე.
აქ უკვე კიდევ ერთი კომპონენტი შემოდის – საქართველოს პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, არ დააზიანოს „ქართული ოცნების“ მდგრადი ყოფნა საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა ბიჭვინთის გადაცემის შემდეგ თუ ბელარუსი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, შესაძლოა, რუსეთს პრობლემები შეექმნას საქართველოში. ამიტომაც ლუკაშენკო ძალიან ბუნდოვნად ლაპარაკობს შესაძლო აღიარებაზე. ანუ, არ ჰპირდება, ხმამაღლა არ ამბობს, რომ შეიძლება, ვაღიაროთ. მთავარი ის არის, რომ ჩაერთო პროცესებში, როგორც მძიმე არტილერია, რათა ბიჭვინთა გადაურჩინოს რუსეთს. მერე რა იქნება, ეს აღარაა მთავარი, დაახლოებით ეს მომენტია, რომ „ხვალემ იზრუნოს ხვალისა“. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია, თან ბიჭვინთის მითვისება უნდა, თან არ უნდა ქართული საზოგადოების გაღიზიანება, რომელმაც შეიძლება, ჩამოაგდოს „ქართული ოცნება“. ამიტომ შეპირება აღიარებაზე ძალიან ბუნდოვანი და არადამაჯერებელია – მომეცით ბიჭვინთა და მერე ვილაპარაკოთ, დაახლოებით ეს მომენტია.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას, უფრო მეტად ადეკვატური იყო, ვიდრე ველოდი. ბიჭვინთის რუსეთისთვის მიცემის საკითხი ჩვეულებრივად გაატარეს და ამჯერად ხმაური ატეხეს. აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისგან აქვს რაღაც შეტყობინება. ძალიან მკაცრი აღმოჩნდა ბელარუსის წინააღმდეგ, მაშინ როცა რუსეთის წინაშე საერთოდ დადუმებულია. ვფიქრობ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ ამ სიმკაცრეს რაღაც თეატრალური დატვირთვა აქვს . „ქართულ ოცნებას“ აშკარად რაღაც შეტყობინება აქვს, რომ სინამდვილეში ბელარუსი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მერე ამ სიმკაცრეს გამოიყენებენ და იტყვიან, აი, ჩვენ რა მაგრები ვართ, როგორ მივაღწით ყველაფერს, ვიხმაურეთ და ბელარუსმა უკან დაიხია. ამიტომაც, ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ ამ ხმაურს პრორუსული დატვირთვა აქვს.
შემდგომში თბილისმა, წესით, უნდა გამოიწვიოს ბელარუსში ელჩი და დააყენოს საკითხი ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობის გაწყვეტაზეც კი. კი არ გაწყვიტოს, არამედ საკითხი დააყენოს, რადგან ასეთი თავხედური ნაბიჯი არც ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი:
ეს ვიზიტი აფხაზეთის აღიარების საფრთხეს ქმნის და ეს ნამდვილად საგანგაშოა, მაგრამ მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლუკაშენკო ცდილობს, ეს არ გააკეთოს და დრო გაწელოს.
თუმცა, დროს რამდენ ხანს გაწელავს, ძნელი სათქმელია. აღიარებაც რეალურად მასზე ხომ არაა დამოკიდებული – იძულებული იქნება, პუტინის გეგმები შეასრულოს. უკრაინასთან რუსეთის ომში ის მაინც პუტინის მხარეზე აღმოჩნდა. მართალია, წითელ ხაზს არ კვეთს და ომში არ მონაწილეობს, მაგრამ ლუკაშენკო მაინც აღიქმება, როგორც ისტორიის არასწორ მხარეს მდგომი ლიდერი.
ასე რომ, საფრთხე ნამდვილად არსებობს. რომ განვიხილოთ მისი მიმართვის შინაარსი, ვგულისხმობ მის საუბარს ბჟანიასთან, იყო საკმაოდ ზომიერი და დაბალანსებული. საქართველო ახსენა პოზიტიურად, სიტყვა არ უთქვამს აღიარებაზე და თქვა ის, რომ აქ ხალხმა ღირსეულად უნდა იცხოვროს.
ამასთან, ბელარუსი აცხადებს, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი და ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ აღიარებს და პუტინის წინაშე რაღაც ვალი მოიხადა. ჭკვიანი პოლიტიკოსია და ცხადია, არ სურს, რომ პუტინს საფლავში ჩაჰყვეს. ის პუტინს ჩაჰყვება მაშინ, თუ დაინახავს, რომ ომს იგებს, მაგრამ ამას ვერ ხედავს.
მე მგონი, რომ ლუკაშენკომ უფრო ვალის მოხდის ჟესტი გააკეთა პუტინის წინაშე. ამ ეტაპზე მე სხვა ახსნა არ მაქვს. რაღაც უნდა გაეკეთებინა პუტინისთვის. პუტინს კი, ცხადია, უნდა, რომ ბელარუსი, რაც შეიძლება, მალე დათანხმდეს ახალ სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლას. რუსეთს ახლა კი აქვს ბელარუსთან სამოკავშირეო ხელშეკრულება, მაგრამ რეალურად ბელარუსი დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. პუტინს კი უნდა, რომ საბჭოთა კავშირის მაგვარი რაღაც შექმნას, სადაც უნდა, რომ ბელარუსიც შეიყვანოს, სომხეთიც, ყირგიზეთიც. იმედი მაქვს, რომ სომხეთის და ყირგიზეთის შეყვანა გაუჭირდება. ალბათ, უნდა, რომ აფხაზეთიც შეათრიოს და ლუკაშენკო მანევრირებს, რადგან ამაში ჩაყოლა ნიშნავს, რომ ქვეყანა საბოლოოდ კარგავს დამოუკიდებლობას და სტატუსი აფხაზეთს გაუთანაბრდება. ეს კი, რა თქმა უნდა, არ უნდა და მანევრირებს, ფართხალებს ჯერჯერობით და ვნახოთ, რამდენ ხანს გამოუვა.
ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარებას თუ გადაწყვეტს, თბილისი ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის. რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ? ერთად ერთი ბერკეტი არის ის, ვუთხრათ, ძვირად დაგიჯდება შენი საქციელი, სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია. ამიტომ, ჩვენი რეაქციაც ადეკვატური იყო. ამაზე უფრო მწვავე რეაგირება არაა საჭირო, რადგან ამით ისევ რუსებს მივცემთ ბერკეტს, რადგან ეტყვიან აი, ქართველები როგორ გექცევიან. ამიტომაც სწორი იქნება, რომ კიდევ მივცეთ შანსი, დავაცადოთ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, ცხადია, ყოველთვის მოვასწრებთ. შესაბამისად, საქართველოს რეაქცია ამ ეტაპზე ზომიერი იყო და ამაზე მეტის გაკეთება საჭირო არ არის. თუ ის თამაშობს და დროს წელავს, ჩვენ ამის საშუალება უნდა მივცეთ. მისი ბჟანიასთან საუბარიც სწორედ ამას მიანიშნებს და საქართველოც ახსენა პოზიტიურად, რაც, ალბათ, იყო ჩვენთვის სიგნალი, რომ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს.
გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
ეს ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ საქართველოს აშორებს თავის რეალურ მოკავშირეებს. რუსეთი არაფრად დაგიდევთ მის მიმართ მაამებლურ ქცევას. ის ყველაფერს მიიღებს ყოველგვარი ნაცვალგების გარეშე და როდესაც გაუჭირდება ან დასჭირდება და შესაძლებლობა მიეცემა, ყველაფერს გააკეთებს ჩვენი სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად დასაზიანებლად.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არგაღიზიანების და ჩვენი მოკავშირეებისგან დაშორების პოლიტიკა (რომელიც სულაც არ იყო იმის ალტერნატივა, რომ ომი დაგვეწყო რუსეთთან), უბრალოდ არის კონტრპროდუქტიული.
ლუკაშენკოს არაფერი ეკითხება, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, როდესაც მან სრულიად მოიკვეთა ყველანაირი შესაძლებლობა დასავლეთთან ლავირებისა. მას შემდეგ, რაც მან ძალადობრივი მეთოდებით შეინარჩუნა ძალაუფლება გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რუსეთზე მისი დამოკიდებულება გახდა ასპროცენტიანი. ასე რომ, მისი ქმედებები, რა თქმა უნდა, იმართება რუსეთის მიერ და ზუსტად ამიტომ ვსაუბრობ რუსეთის მიმართ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის კონტრპროდუქტიულობასა და ანტისახელმწიფოებრიობაზე.
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს არის უხეში დარღვევა ყველა არსებული ნორმის, როდესაც ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, ამ ქვეყნის სეპარატისტებთან საურთიერთოდ ჩადის სხვა ქვეყნის მეთაური. ეს სრულიად მოუთმენელი შეურაცხყოფა და თავდასხმაა საქართველოს სუვერენიტეტზე. ამას უნდა მოჰყვეს ძალიან მწვავე დიპლომატიური რეაგირება საქართველოს მხრიდან. იმ შემთხვევაში კი, თუკი ბელარუსი გადადგამს ლოგიკურ ნაბიჯს და გამოაცხადებს აფხაზეთის აღიარების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს თვითონაც არ ეხალისება და რუსეთის იძულებით იქნება, მაშინვე უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები ლუკაშენკოსთან. ამის შესახებ კი ბელარუსმა დღესვე ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდეს. საჭიროა ახლავე რადიკალური გამაფრთხილებელი განცხადებების გაკეთება და სათანადო ზომების მიღება.
ექსპერტები ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტზე