რატომ ჩავიდა ლუკაშენკო სოხუმში? ინალ ხაშიგის კომენტარი
რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში?
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს მოულოდნელად ჩავიდა აფხაზეთში. ძნელად წარმოსადგენია, რომ ის აპირებს აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას, რაც ძალიან სასურველი იქნებოდა რესპუბლიკისთვის.
მაშ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ვიზიტი? ქვემოთ მოცემულია ოთხი ყველაზე განხილვადი ვერსია.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წელს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართულ-რუსული “ხუთდღიანი” ომის შემდეგ აღიარა. მას მერე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. თბილისი და დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.
- რა ტერიტორიების და ობიექტების მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან. კომენტარი
- ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება? მისი წარმომადგენლის ვიზიტი სოხუმში
- „საბჭოთა წარსულის ნოსტალგია“ – რატომ მიდის აფხაზეთის ხელისუფლება საზოგადოების წინააღმდეგ. მოსაზრება
- იჩაგრება თუ არა რუსული ენა აფხაზეთში? მოსაზრება
ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, მაგრამ წინა დღეს, აფხაზეთის სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელებს შეატყობინეს, რომ “ხვალ იქნება კარგი ამბები”.
ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “aAsnypress”-მა ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს ლუკაშენკოს ავტოკოლონა, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შესახვედრად მიემართებოდა.
თუმცა, როგორც აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვიზიტი სპონტანური არ ყოფილა და ის რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.
შეხვედრა ბიჭვინთაში შედგა, თუმცა არა იმ სახელმწიფო აგარაკზე, რომელიც რუსეთმა 184 ჰექტარ მიწის ნაკვეთთან ერთად სარგებლობისთვის მოითხოვა, რამაც აფხაზეთში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია.
„გუშინ ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმერ პუტინთან. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა და ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად განვითარდეს“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ჩამოსვლა არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ ვითარებასთან და „არ ტანჯავს რაიმე გეოპოლიტიკური მიზნები“.
„ჩვენც თქვენნაირები ვართ – მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი და გვინდა ვიცხოვროთ ჰარმონიაში. ეკონომიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები უნდა გახდეს ჩვენი ურთიერთობების საფუძველი.”
რას შეიძლება ნიშნავდეს ლუკაშენკოს ვიზიტი პრეზიდენტ პუტინთან მისი ხაზგასმული შეთანხმების გათვალისწინებით?
- კომენტარი: აფხაზეთი ტვირთს თავისუფლად გაატარებს, მიუხედავად მოუგვარებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა
- რუსეთი მუქარით ცდილობს წაართვას აფხაზეთს ბიჭვინთის ნაწილი, თბილისი კი დუმს. რატომ?
- აფხაზეთის ომი. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი – ქრონოლოგია
ოთხი ვერსია
1. ემზადება თუ არა ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის?
აფხაზეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსი გაეროს წევრი პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც მის დამოუკიდებლობას აღიარებს. მაგრამ ლუკაშენკო აშკარად არ აპირებს ამის გაკეთებას, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. მან იცის, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კრემლშია შესაძლებელი და მან მხოლოდ ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს.
ეს თემა ბელარუსის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთმა 2008 წელს აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ლუკაშენკომ მაშინვე განაცხადა, რომ მზად იყო მასაც გაეკეთებინა იგივე, თუ მას პირადად ვლადიმირ პუტინი სთხოვდა. პუტინს მაშინ არ უთხოვია.
გავიდა რამდენიმე წელი და ბელარუსის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, სთხოვდნენ ამის გაკეთებას. თუმცა, ამჯერად მან ფსონის აწევით უპასუხა.
„ბელარუსის რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გამოიწვევს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან. თუ მოსკოვი გარანტიას იძლევა ზარალის კომპენსაციაზე, მაშინ მინსკი მზად არის გადადგას ასეთი ნაბიჯი”, – ასე ჩამოაყალიბა მან აღიარების ფასი 2017 წელს.
კრემლი არ აპირებდა ასეთი გარანტიების მიცემას და ლუკაშენკომ ეს აშკარად იცოდა. იმ მომენტში მინსკი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკისკენ იხრებოდა და ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა დასავლეთთან.
2018 წლის მარტში ლუკაშენკო ეწვია თბილისს, სადაც ცალსახად განაცხადა, რომ „პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“. მან ყვავილებით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი.
„მრავალვექტორული“ პერიოდი ლუკაშენკოსთვის 2020 წელს დასრულდა, როდესაც მისმა ხელახალმა პრეზიდენტად არჩევამ ბელარუსში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. მაშინ დასავლეთმა მისი გამარჯვება არჩევნებში არალეგიტიმურად მიიჩნია და „შავ სიაში“ შეიყვანა.
ამის შემდეგ კი დადგა 2022 წლის 24 თებერვალი და დაიწყო “რუსული სპეცოპერაცია უკრაინაში”. მინსკმა ამას უპირობოდ დაუჭირა მხარი.
ალექსანდრ ლუკაშენკოს აღარ აქვს ილუზია, რომ თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, გააუმჯობესოს ურთიერთობა დასავლეთთან.
2. აღიარება ბიჭვინთაში ტერიტორიის მოსკოვისთვის გადაცემის სანაცვლოდ
შესაძლოა, მოსკოვს სურს შესთავაზოს აფხაზეთს დამოუკიდებლობის აღიარება იმის სანაცვლოდ, რომ აფხაზეთი მისცემს რუსეთს 184 ჰექტარ მიწას ბიჭვინთაში სამთავრობო აგარაკთან ერთად. იქნებ ამის შესახებ პასუხი პუტინს პირადად ასლან ბჟანიასგან სურს.
3. რუსეთი ამზადებს სსრკ-2-ს
მოსკოვს შეიძლება სურდეს, რომ ბელარუსმა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რათა აფხაზეთი მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
მინსკისთვის აფხაზეთის აღიარება თბილისთან ურთიერთობის ავტომატურ გაწყვეტას ნიშნავს, მაგრამ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის საკავშირო სახელმწიფოს ფორმატის შესაძლო გადახედვა, ბევრად უფრო სერიოზული შედეგია ლუკაშენკოსთვის.
ბოლო დროს, როგორც რუსი, ისე აფხაზი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში მიღებაზე და ხშირად იკვეთება შემდეგი კონტექსტი: თუნდაც პატარა აფხაზეთი შესაძლოა გახდეს საფრთხე მოსკოვსა და მინსკს შორის არსებული ბალანსისთვის.
ლუკაშენკოს, რა თქმა უნდა, ეშინია ამ პროცესის. მეტიც, მსგავსი დისკუსიები სომხეთთან დაკავშირებითაც იმართება.
არსებული საკავშირო სახელმწიფოების გაფართოება ახალი წევრების ხარჯზე რეალურად გამოიწვევს სსრკ-2-ის რეკონსტრუქციას.
ლუკაშენკო კი არ არის მზად ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.
4. ბელარუსს ნამდვილად სურს დაამყაროს ღია ეკონომიკური კავშირები აფხაზეთთან
ადრე ასეთი თამაში ჩირად არ უღირდა, მაგრამ ახლა, როდესაც ირგვლივ მხოლოდ სანქციებია, მინსკს შეუძლია მიიღოს მცირე, მაგრამ სარგებელი ამ ქმედებით.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო