საქართველოს პრემიერი: მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ უნდა წარადგინოს
საქართველოში მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი, სავარაუდოდ, არ ეყოლება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, უპრობლემოდ ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, უმრავლესობითაა წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობებში, უმჯობესი იქნება, არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. საბოლოო პოზიციას კი პარტია უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
ამ საკითხზე 24 ივლისს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მისი სურვილია “ქართულმა ოცნებამ” დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ან საერთოდ არ წარადგინოს არავინ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს საკითხთან დაკავშირებით და როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უახლოეს დღეებში ჩვენ შეჯერებულ საბოლოო პოზიციას საზოგადოებას ვაცნობებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ვინ არიან პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები?
ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატები დაასახელეს ოპოზიციურმა პარტიებმა.
“ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა. ის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ბაქრაძე “ევროპულმა საქართველომ” კანდიდატად 21 ივლისს ქუთაისში წარადგინა.
პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ. მათი სახელით პრეზიდენტობისთვის ეროვნული ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. ის სააკაშვილის ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 10 პარტიას შორისაა პარტიები „ახალი საქართველო“, „ნაციონალურ მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „საქართველო ლიდერთა შორის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტია”.
სავარაუდოდ, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გეგმავს დავით უსუფაშვილი, “შენების მოძრაობის” ლიდერი. უსუფაშვილი კოალიცია “ქართულ ოცნებაში” “რესპუბლიკურ პარტიას” ხელმძღვანელობდა, 2012 წლის პარლამენტში კი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. უსუფაშვილმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაიწყო. უსუფაშვილის თქმით, თუ მარგველაშვილი ჩაერთვება პროცესში, ის მზადაა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი.
იქნება თუ არა კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი?
ივლისის დასაწყისში ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა არ დააყენოს საკუთარი კანდიდატი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.
მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წამოაყენოს, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიმპათიები საჯაროდ დააფიქსირეს.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობს ქვეყანაში, საზღვარგარეთ, პარლამენტში. თუ ის გადაწყვეტს, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება”, – განაცხადა 25 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. თუმცა, მისი თქმით, პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
თავად სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს ჟურნალისტთა კითხვებს პრეზიდენტის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ საკითხზე განცხადებას იგი მომავალ კვირაში გააკეთებს.
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა, 2003-2004 წლებში იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს მიანიჭა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. იგი ამ თანამდებობიდან 2005 წლის ოქტომბერში, მმართველ პარტიასთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს. მას შემდეგ ზურაბიშვილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციაში გადავიდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იგი აირჩიეს დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან, სადაც მმართველ პარტიას თავისი კანდიდატი არ დაუყენებია.
ამ დროის განმავლობაში ზურაბიშვილს ორმაგი – საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდება. ზურაბიშვილი არ პასუხობს ჟურნალისტთა კითხვებს იმის შესახებ, დათმო თუ არა მან საფრანგეთის მოქალაქეობა.
საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია – ის საქართველს მოქმედმა პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს. საქართველოს ამჟამად მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ქვეყანაში შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, რომელიც ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციებით და საგარეო ურთიერთობებში გარკვეული მონაწილეობით შემოიფარგლება.