მოსაზრება: მობილიზაცია რუსეთში. დაეხმარება ის პუტინს?
მობილიზაცია რუსეთში
21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
„სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან მხოლოდ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პირები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება. ნაწილებში გაგზავნამდე სამხედრო სამსახურში გამოძახებულები უთუოდ გაივლიან დამატებით სამხედრო წვრთნას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით“, – ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს Novaya Gazeta Europe.
- ოკუპაციის ექვსი თვე. რეპორტაჟი უკრაინული ბალაკლიიდან
- კომენტარი: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორ დასრულდება ის რუსეთისთვის
- “HIMARS -ი მთავარი ფაქტორია” – რატომ აგებს რუსეთი დონბასისთვის ბრძოლას? იულია ლატინინას კომენტარი
პუტინის მიერ ხელმოწერილი სამობილიზაციო განკარგულება რამდენიმე დეტალს შეიცავს – ფაქტობრივად, თავდაცვის სამინისტრო თავად გადაწყვეტს ვინ, საიდან და რა რაოდენობით გაგზავნოს ფრონტზე.
უპირველეს ყოვლისა, მობილიზებული იქნებიან რეზერვისტები, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი რეზერვში დარჩენის შესახებ. მეორე ადგილზე – მამაკაცები, რომლებიც მსახურობდნენ ჯარში და ირიცხებიან რეზერვში გარკვეული სპეციალობებით.
მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი ადამიანის გამოძახებაა შესაძლებელი, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
რუსული გამოცემა Respublika აქვეყნებს ინტერვიუს სამხედრო ექსპერტთან, ლატვიის სახმელეთო ჯარების ყოფილ მთავარსარდალთან იგორ რაევთან იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთში მობილიზაციამ უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე.
– აქვს თუ არა რუსეთს შანსი განახორციელოს ახალი წარმატებული შეტევა შესაძლო მობილიზაციის გათვალისწინებით?
– დიახ. მობილიზების შემთხვევაში ექნებათ წინსვლის შესაძლებლობა, რადგან სერიოზულად შეცვლიან ძალთა ბალანსს მათ სასარგებლოდ. ფაქტობრივად, ეს აღარ არის სიახლე – ყველა იმაზე საუბრობს, რომ რუსეთს ქვეითი ჯარი სჭირდება.
მათ შეუძლიათ ხალხის მობილიზება. უფრო მეტიც – მოეწყობა ერთგვარი პროვოკაცია: „თავდასხმა“ ბელგოროდზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, შენობების აფეთქება და ა.შ. ამ სოუსის ქვეშ, რა თქმა უნდა, მობილიზაცია შეიძლება მოხდეს.
მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიულად, არ არის აუცილებელი სასწრაფოდ შეიქმნას კატასტროფა [უკრაინისთვის].
რუსეთს აქვს სირთულეები შეიარაღებასთან დაკავშირებით, სირთულეები სამეთაურო შტაბთან – შესაბამისად, სირთულეები იქნება ამ ქვედანაყოფების მომზადებასთან დაკავშირებით.
მეტიც, ოფიცრებისა და სერჟანტების უმეტესობა უკვე უკრაინაშია. რუსები გონებრივად არ არიან მზად სერიოზული ომისთვის, რასაც დიდი დანაკრგები მოყვება.
– თუ მობილიზაცია განხორციელდა, შეძლებს თუ არა რუსეთი უკრაინის დამარცხებას?
– სამხედრო თვალსაზრისით, მას შეუძლია ამის გაკეთება. პრობლემა ის არის, რომ ის ამ ტერიტორიის გაკონტროლებას ვერ შეძლებს. იმის გამო, რომ ქვეყანაში აუცილებლად დაიწყება პარტიზანული ომი. უკრაინაში 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ მილიონნახევრიანი ჯარია საჭირო, რომელიც მუდმივად იქნება მის ტერიტორიაზე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. არა მგონია რეალური იყოს.
-რა სჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის წარმატებით გასაგრძელებლად?
დამატებითი ნაწილები და დამატებითი იარაღი. სავარაუდოდ, ის თანხები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა ახლახან მიაწოდეს უკრაინას, ანუ 280-ვე ტანკი, არტილერიის უმეტესობა, აუცილებლად ყველა MLRS და HIMARS, ჩართული იყო ხარკოვის მიმართულებით. თუ უკრაინა ფიქრობს შემდგომ წინსვლაზე, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს დახმარება იარაღითა და საბრძოლო მასალებით.
ამ დროისთვის უკრაინას საკმარისი ჯარისკაცი ჰყავს, მისი არმია ჯერ კიდევ უფრო დიდია ვიდრე რუსული, ვგულისხმობ იმას, ვინც უკრაინაში იბრძვის. და HIMARS-ები, რა თქმა უნდა, კარგია. იარაღი, რომელიც ახლა შემოდის, საკმარისია რუსეთის შესაკავებლად, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ სერიოზული სამხედრო მარცხი მიაყენოს მას.