"დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება" - საქართველოში მედიას ახალ წესებს დაუდგენენ
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები
საქართველოს პარლამენტი აპირებს მიიღოს კანონი, რომლებიც ქვეყანაში ცენზურის საფრთხეს ქმნის – ასე აფასებენ ექსპერტები მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტს, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა შევიდეს.
პირველი მოსმენით ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ უკვე მიიღო.
ცვლილებების აუცილებლობას “ქართული ოცნების” დეპუტატები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით ხსნიან.
კანონპროექტში არის რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც ექსპერტების და ჟურნალისტების შეშფოთებას იწვევს.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამების და რეკლამის გავრცელება.
სიძულვილის ენის კონტროლი ამჟამად მედიის თვითრეგულირების სფეროს ეკუთვნის, თუმცა აღნიშნული ცვლილებებით იგი სახელმწიფო რეგულირების ქვეშ ექცევა. კონკრეტულად კი, მარეგულირებელი კომისიის კონტროლს ექვემდებარება, რაც ხელისუფლების ხელში მედიაზე ზემოქმედების ბერკეტად შეიძლება იქცეს. მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები დაგეგმილ ცვლილებებში ცენზურის შემოღების საფრთხეს ხედავენ.
მაგალითად, ახალი ცვლილებებით, მარეგულირებელ კომისიას შეეძლება მედიის დაჯარიმება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ასევე, კანონს ემატება ჩანაწერი “პასუხის უფლების” შესახებ – “პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.
ამასთან, წერია, რომ დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება. თუმცა, ვინ დაადგენს, რომ არა თუ იმ ინფორმაციამ შეიძლება ქვეცნობიერზე გავლენა მოახდინოს, კანონპროექტით დაზუსტებული არ არის.
განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია ასევე ტერმინმა “ჯეროვანი სიზუსტე“, რომელიც კანონპროექტშია მოხსენიებული.
მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ” კანონის მიღება ევროკავშირის მოთხოვნაა:
“ამ კანონპროექტის მიღება არის პირდაპირ ევროკავშირის ერთ- ერთი მოთხოვნა, სიძულვილის ენის რეგულირება არის პირდაპირი მოთხოვნა. თვის ბოლომდე, ამას თუ არ მივყვებით პირველი მოსმენით, ერთ-ერთი ევროპული ორგანიზაციიდან ქვეყანა შეიძლება გარიცხონ. მათი მოთხოვნაა, რომ ეს კანონი მივიღოთ. გვავალებენ და ვაკეთებთ,”- განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტებმა კითხეს კობახიძეს რამდენად ითხოვს ევროკავშირი სწორედ ამ ფორმით კანონპროექტის მიღებას და რამდენად არის ევროკავშირის მოთხოვნა, მაგალითად, კანონში ჩაეწეროს “პასუხის უფლება”. რაზეც კობახიძემ უპასუხა: “ნუ ვიჩქარებთ, კონსულტაციები გაგრძელდება ევროკავშირის წარმომადგენლებთან”.
ზიზღს ვინ გაზომავს? – რა შეფასებები მოჰყვა კანონპროექტს
კანონპროექტს მწვავე შეფასებები მოჰყვა ჟურნაისტების, არასმთავრობოპ ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან.
მედიაექსპერტის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი თუ იმ ფორმით დარჩება, რა ფორმითაცაა შემუშავებული, „ეს იქნება პოლიტიკური იარაღი, რომელიც რაღაც მომენტში აუცილებლად გაისვრის მედიის წინააღმდეგ“.
ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა აღნიშნა, ცვლილებების ნაწილი მედიის ფინანსური დასუსტებისკენაა მიმართული. მისი თქმით, თუ ტელევიზიას დიდ ჯარიმას გამოუწერენ, ეს მისი ფუნქციონირების შეჩერებას გამოიწვევს.
“ამიტომ [დაჯარიმებაზე გადაწყვეტილების] აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეიძლება ხდებოდეს,” – ამბობს ჯანგირაშვილი.
გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის გაუგებარია რას ემსახურება კანონში ცვლილებები და როგორ, რა სისტემით უნდა გაიზომოს ზიზღის წაქეზება.
“რომ ვთქვა – თეთრკანიანი, მელოტი მამაკაცი ეკონომისტების დედა ვატირე, ეს აკრძალული იქნება? რატომ არ მაქვს ამის თქმის უფლება? ან ზიზღი რას ნიშნავს? ანუ ვიღაც ადამიანებმა, ბიუროკრატებმა, უნდა გადაწყვიტონ ამ ჩემი გამონათქვამით ზიზღის წაქეზება მოხდა თუ არა? ანუ ზიზღი რა არის? განმარტება ხომ უნდა იყოს კანონში? როგორ იზომება ეს წაქეზება? ათქულიანი სისტემა გვექნება? ეს ხომ აბსურდია. თუ თქვენ ეს მოგწონთ, მაშინ პირდაპირ ჩავწეროთ, რომ ვზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას იმისთვის, რომ რაღაცები ვაკეთოთ”.
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები